Accessibility links

logo-print

საარჩევნო სუბიექტებსა და ამომრჩეველს შორის კომუნიკაციის არსი


ორ სუბიექტს შორის კომუნიკაციას, კავშირს თავისი კანონები აქვს. დემოკრატიულ არჩევნებს იგებს ის პოლიტიკოსი ან ის პოლიტიკური ძალა,

რომელიც სხვებზე უკეთესად ახორციელებს კომუნიკაციას: ესმის ამომრჩევლის და თავისასაც აგებინებს.

მინდა გესაუბროთ ორმხრივი კავშირის პრობლემებზე და გასული არჩევნების შედეგებზე ამ კუთხით.

როგორ განხორციელდა ორმხრივი კომუნიკაცია გასულ საპარლამენტო არჩევნებში? როგორ შეძლო სახელისუფლო პარტიამ არჩევნების მოგება ქვეყანაში, სადაც ხელისუფლებასა და ხალხს შორის ნდობა ნულოვან ნიშნულზე იყო დასული?

პირველი. მთავარი საარჩევნო თემის შერჩევით მოხერხდა იმ სტერეოტიპის დარღვევა, რომ "მოქალაქეთა კავშირმა დაანგრია ქვეყანა". ამგვარი სტერეოტიპი ამომრჩეველს ხელს შეუშლიდა ვითარების ანალიზში და იმ აზრის მიღებაში, რომ სწორედ მოქალაქეთა კავშირია სახელმწიფოს დასავლური კურსის ბურჯი და გარანტი.

მეორე ფაქტორი, რომლის გამოც შესაძლებელი გახდა მმართველი პარტიის გამარჯვება, ქართული საზოგადოების მობილურობასა და შემეცნებითობაზე მეტყველებს. ორ სუბიექტს შორის კომუნიკაცია ვერ განხორციელდება, თუკი ადამიანებს სწამთ მხოლოდ ის, რაც სურთ, რომ სწამდეთ; თუკი ისინი ახალს უარყოფენ და ძველის ჩარჩოდან ვერ გამოდიან. მოქალაქეთა კავშირი 1999 წელს უკვე იყო პარტია, რომლის მმართველობის შედეგი მძიმე ტვირთად აწვა ჩვეულებრივი მოქალაქის ოჯახს. ამიტომ, თუკი საზოგადოება განწყობილი იქნებოდა მხოლოდ იმის მოსასმენად, რაც მის გულს გაახარებდა, არჩევნებს "აღორძინება" მოიგებდა. ეს არ მოხდა იმის გამო, რომ ადამიანებმა არჩევანის გაკეთებისას გაითვალისწინეს არა იმდენად თავისი ოჯახის, რამდენადაც ქვეყნის სამომავლო ინტერესები. მანამდე კი მმართველი პარტია სწორედ ოჯახის ინტერესების კონტექსტში აღიქმებოდა. ესე იგი, მოხერხდა არა მხოლოდ მთავარი თემის შერჩევა, არამედ - მისი მნიშვნელობის მიტანა ამომრჩევლამდე.

მესამე ფაქტორად საზოგადოების გულღიაობა უნდა მივიჩნიოთ. თუ ერთ სუბიექტს მეორის მიმართ დაუძლეველი აგრესია აქვს, მისი პოზიციის ობიექტურობას და სამართლიანობას არასოდეს დაიჯერებს. ამ პარამეტრის მიხედვითაც და იმ აგრესიის გათვალისწინებით, რაც ხალხში ხელისუფლების მიმართ არსებობდა, მოქალაქეთა კავშირს არჩევნები უნდა წაეგო. მაგრამ საზოგადოებას აღმოაჩნდა იმდენი ჰუმანიზმი, რომ მან მოუსმინა და დაუჯერა ხალხის მთავარ ოპონენტს - მმართველ პარტიას.

გასულ არჩევნებში მოქალაქეთა კავშირმა სწორად შეარჩია მთავარი თემა, აგრეთვე, გასაგები ტერმინოლოგიით და მისაღები ინტონაციით მიიტანა ეს თემა ამომრჩევლამდე. ორმხრივი კომუნიკაცია შედგა. სულ სხვა შედეგი აჩვენა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა, თანაც, ისევ და ისევ კომუნიკაციის კანონებზე დაყრდნობით. ამ თემაზე - ისევე, როგორც პარტიების სამომავლო პერსპექტივებზე - მომავალში ვისაუბრებთ.
XS
SM
MD
LG