Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბეიკერის ვარიანტი მეორე მოსმენით ჩავარდა


ოპოზიციის შიში, რომ პირველი მოსმენით მიღებული ბეიკერისეული მოდელი, მუხლობრივი განხილვის შემდეგ სერიოზულ წინააღდეგობას წააწყდებოდა

სახელისუფლებო ფრაქციების, "მრეწველებისა" და "აღორძინების" მხრიდან, გამართლდა. ხუთშაბათს საღამოს შეკრებელი საქართველოს პარლამენტის სხდომაზე, ოთხსათიანი მუშაობის შემდეგ, ჩავარდა 128-ე მუხლის სწორედ ის პუნქტი, რომლითაც 16 კაციან საარჩევნო ადმინისტარაციაში 9 ადგილი ოპოზიციურ პარტიებს შორის პარიტეტულად უნდა განაწილეობულიყო. ამ ფორმულირების წარუმატებლობამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია ოპოზიციონერ დეპუტატებში, რომლებმაც ხელისუფლებას ამერიკის სტრატეგიულ ინტერესების ღალატსა და პროპუსულ ძალებთან გარიგებაში დასდეს ბრალი.

1+9+5 - ეს ციფრები დღეს ყველამ ზეპირად იცის საქართველოში. ციფრთა ამ ჯამში, რაც ე.წ. ბეიკერისეული ფორმულით საარჩევნო ადმინისტრაციის რაოდენობას განსაზღვრავს, გარკვეულია "ერთიანი", ცენტრალური სააარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, რომელსაც ეუთო დაამტკიცებს, "ხუთიანი" - სახელისუფლებო პარტიების კვოტა საარჩევნო ადმინისტრაციაში და ხუთშაბათამდე გარკვეული იყო დანარჩენი ცხრის საკითხი - პირველი მოსმენით მიღებული დადგენილებით, ეს კვოტა პარიტეტულად უნდა გაყოფილიყო საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 7 და 4 პროცენტგადალახულ და ე.წ."ზვიადისტურ პარტიებს შორის". პირველი მოსმენით ამ ფორმულირების წარმატება განაპირობა საქართველოს პრეზიდენტის ზარმა პარლამენტში, რაც აღარ განმეორდა მეორე მოსმენისას. და ეს მუხლი ჩავრდა, რის გამოც ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჟვანიამ საქართველოს პრეზიდენტს სარკასტულად მიულოცა ეს გამარჯვება.

[ზურაბ ჟვანიას ხმა] "მან პირნათლადს შეასრულკა ამ ქვეყნის და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ნაკისრი ვალდებულებები და აქ, საზეიმოდ, თავისი დიდოსტატების, ბატონი ვიტალიების და სხვათა ხელით ჩააგდო ის მთავარი შეთანხმება, რასაც საქართველო და ყველა ჩვენი მეგობარი ზეიმობდა."

უფრო მწვავე იყო ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის, აკაკი ბობოხიძის განცხადება, რომელმაც გაიხსენა და განავრცო უშიშროების საბჭოს მდივნის თედო ჯაფარიძის ნათქვანი იმის შესახებ, რომ ამ ვარიანტის ჩავარდნა გამოიწვევდა სერიოზულ დაპირისპირებას საქართველოს სტრატეგიულ მოკავშირესთან.

[აკაკი ბობოხიძის ხმა] "საქართველოს ხელისუფელბამ, დღეს, ქართველ ხალხს, შევარდნაძის ხელისუფელბით, დაუკარგა მისი ერთადერთი სტრატეგიული მოკავშირე, ამერიკის შეერთებული შტატები."

სახელისუფლებო ფრაქციის წარმომადგენლები ამ პუნქტის ჩავარდნას თავად ოპოზიციის შეუთანხმებელ მომქმედებას აბრალებდნენ, თუმცა ფრაქცია მოქალაქეთა კავშრის წევრმა რევაზ არველაძემ ხუთშაბათს პირველად საჯაროდ აღიარა, რომ მათ არ შეეძლოთ არ გაეთვალისწინებინათ "მრეწველებისა" და "აღორძინების" მოსაზრება, რომლებიც, როგორც ცნობილია, არ იყვნენ ოპოზიციის 9 კვოტის განაწილების შესახებ პირველი მოსმენით მიღებული რედაქციის მომხრენი და ყველა დონის საარჩევნო ადმინისტრაციებში თითო წარმომადგენლის დამატებას ითხოვდნენ. მაგრამ ოპოზიციის ასეთი ერთსულოვნება და შევარდნაძის ფრაქციებთან ანგაჟირებულობაში დადანაშაულება აშკარად არ ესიამოვნა ფრაქცია "აღორძინებას", რომლის ლიდერმა ჯემალ გოგიტიძემ განაწყენებულ ოპოზიციურ პარტიებს ახალი დიალოგისკენ მოუწოდა.

[ჯემალ გოგიტიძის ხმა] "გთავაზობთ ბეიკერისეული ვარიანტის, ოპოზიციის ხმების ნორმალური განაწილების სქემა შევიმუშავოთ ხვალ. დიდი მადლობა, გელოდებით."

ამ დრამატული სხდომის დასკვნა ასე შეიძლებოდა დაგვეხასიათებინა: ბეიკერის ვარიანტი მოკვდა! გაუმარჯოს ბეიკერის ვარიანტს!
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG