Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასამთავრობო სექტორი დემოკრატიული და გამჭვირვალე საარჩევნო კანონის მომხრეა


საარჩევნო კოდექსის ცვლილებების გამო საქართველოს პარლამენტში განვითარებული მოვლენები არასამთავრობო სექტორის მკაცრი მონიტორინგის პირობებში მიმდინარეობს.

მონიტორინგი, მოგეხსენებათ, პოლიტიკური პროცესების მართვის საშუალება არ არის. შესაბამისად, საარჩევნო პროცესუალური საკითხების ბედიც, ძირითადად, შიდა კონსულტაციების შედეგად წყდება. რა მითითებები მიიღეს პირველი პირებისაგან "აღორძინებამ" და სამთავრობო ფრაქციებმა? რა გადაწყვიტეს "მრეწველებმა"? - საზოგადოება დღეისათვის ამ კითხვებზე ელის პასუხს. საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები კი ერთსულოვანნი არიან იმაში, რომ საარჩევნო კანონი დემოკრატიული და გამჭვირვალე უნდა იყოს, რათა მან სამართლიანი არჩევნების ჩატარება უზრუნველყოს. სამართლიანობისა და დემოკრატიულობის პრინციპებს ყველაზე ოპტიმალურად სწორედ საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების ბეიკერის მოდელი უპასუხებს. არასამთავრობოების კონსენსუსი ამ საკითხში, დეპუტატებისაგან განსხვავებით, უეჭველია.

საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების ბეიკერის მიერ განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე, შეიძლება ითქვას, საათებია დარჩენილი. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ჩართული წამმზომის რიტმი არასამთავრობო სექტორსა და საზოგადოებაზე უფრო მოქმედებს, ვიდრე თავად დეპუტატებზე. მათ აქამდეც დაუნანებლად ფლანგეს დრო და ნერვები. შესაბამისად, როგორც მოსალოდნელი იყო და როგორც, საერთოდ, ქართულ სინამდვილეში ხდება ხოლმე, ყველაზე საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებები სწორედ უკანასკნელ წამებში მიიღება.

[ზურა ჭიაბერაშვილის ხმა] " ნდობით აღჭურვილი ცეესკოს დაკომპლექტება არის მთავარი მოტივი, რის გამოც "სამართლიანი არჩევნების" და ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია, დასავლეთი მხარს უჭერს ბეიკერის დოკუმენტს, მხარს უჭერს იმ მოთხოვნას, რომ შეიქმნას ახალი ცენტრალური საარჩევნო კომისია და ეს იყოს მაქსიმალურად პარიტეტულად დაკომპლექტებული პოლიტიკური ძალების მიერ, რათა არავინ არ დარჩეს უკმაყოფილო."

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" ლიდერის ზურაბ ჭიაბერაშვილის მოსაზრებას იზიარებს ხელმძღვანელი არასამთავრობო ორგანიზაციისა "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის" ნანა კაკაბაძე. მისი აზრით, ბეიკერისა და, ზოგადად, ამერიკის შეერთებული შტატების რეკომენდაციები საქართველოში საარჩევნო პროცესების დაჩქარების მიზნით გაკეთდა და იმავე ვადების დაცვა თვითმიზანი უნდა იყოს სწორედ საქართველოსთვის და არა ამერიკისთვის.

[ნანა კაკაბაძის ხმა] "თქვენ კარგად იცით, რომ კანონი ცალკე არ არსებობს. კომისიის წევრებმა უნდა ეს კანონი შეისწავლონ, გაითავისონ, უნდა ჩატარდეს ტრენინგები ყველა იმ ადამიანებში, რომლებმაც შემდგომ უნდა ჩაატარონ ეს არჩევნები, ანუ იყვნენ კომისიაში წარმომადგენლები - როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ისე საუბნო და საოლქო კომისიებში. ამ ხალხმა ეს კანონი უნდა ისწავლოს, გაითავისოს."

საარჩევნო კომისიების ახალი წევრების მიერ კანონის ათვისებისთვის და სათანადო კვალიფიკაციის შესაქმნელად აგვისტოა განსაზღვრული. სექტემბერში წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად უნდა დაიწყოს. ისევ საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში შექმნილი ვაკხანალიის გამო, წინასწარ რამის თქმა ამ მიმართულებითაც გაძნელდება. მით უმეტეს, რომ წინ არის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და ქვედა საარჩევნო ადმინისტრაციების ხელმძღვანელი პირების დანიშვნის არანაკლებ მგრძნობიარე პროცესები. გამოჩნდნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის პირველი კანდიდატებიც. ესენი არიან მუსიკოს-ფოლკლორისტი ანზორ ერქომაიშვილი და მეცნიერები ალბერტ თავხელიძე და ნოდარ ამაღლობელი. კანდიდატურების ავტორია მიუმხრობელ არასამთავრობო ორგანიზაციათა კავშირი "მაოკი", რომელიც, თავის მხრივ, პარტიების წინასაარჩევნო ფინანსური მონიტორინგის პროცესში ჩართვის პრეტენზიასაც აცხადებს.
XS
SM
MD
LG