Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რით განსხვავდება ერთმანეთისგან აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული ძველი და ახალი რეზოლუციები


აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციათა ნუსხას ახალი, რიგით 29-ე, რეზოლუცია მიემატა.

წინასგან ისიც ბევრით არაფრით განსხვავდება, თუმცა გარკვეულ სიახლეს, რაც გალის რაიონში გაეროს 20 კაციანი საპოლიციო დანაყოფის შეყვანას უკავშირდება, მაინც შეიცავს. როგორ მიიღეს უშიშროების საბჭოს ახალი რეზოლუცია საქართველოში და რეალურად რა სიახლეს მოასწავებს გადაწყვეტილება გალის რაიონში გაეროს საპოლიციო დანაყოფის შეყვანის შესახებ?

გაეროს უშიშროების საბჭოს ახალი რეზოლუცია 30 ივლისს, თბილისის დროით ღამის 11 საათზე, იქნა მიღებული, ზუსტად მაშინ, როცა საქართველოს პარლამენტი ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესთან დაკავშირებით უსაგნო დავით იყო დაკავებული. 30 ივლისს, ღამით, ქართული პოლიტიკური ისტებლიშმენტი ამ დავის, ამ სანახაობის თვალყურის დევნებით იყო გართული და, ალბათ, არც კი ახსოვდა ის, რომ ამ დროს შორს, გაეროს შტაბბინაში, საქართველოს უმთავრეს პრობლემასთან დაკავშირებით მსჯელობდნენ, რომ გაეროს უშიშროების საბჭოში აფხაზეთის თაობაზე ახალ რეზოლუციას იღებდნენ. ეს გულმავიწყობა მარტო იმით არ უნდა ავხსნათ, რომ საქართველოში გაცხარებული წინასაარჩევნო სამზადისია და ამ სამზადისში ჩართულებს სიტყვა "არჩევნები" უფრო ბევრს ეუბნება, ვიდრე თბილისის შემოსასვლელებში გულისამაჩუყებლად გამოკიდული ლოზუნგები - "გვახსოვდეს აფხაზეთი !", "აფხაზეთი - ტკივილი ჩვენი!" გულმავიწყობის მიზეზი ისიც არის, რომ აფხაზეთის პრობლემის განხილვამ გაეროს უშიშროების საბჭოში დიდი ხანია დაკარგა ფასი. დიდი ხანია გაეროს უშიშროების საბჭოსგან საქართველოში ახალს თითქმის არავინ ელის არც ხელსიუფლებაში და, მით უფრო, არც საზოგადოებაში. ამდენად, მოულოდნელიც კი იყო განცხადება, რომელიც გაეროში საქართველოს წარმომადგენელმა რევაზ ადამიამ 30 ივლისს მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით ერთ-ერთი გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. ეს განცხადება ასეთია: "ახალი რეზოლუცია არ გახლავთ დიდი მასშტაბის გარღვევა, მაგრამ იგი ნამდვილად არის ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი აფხაზეთის პრობლემის მოსაგვარებლად. მე დიდი ოპტიმისტი არა ვარ, მაგრამ რეზოლუციის ტექსტი, მართლაც, იწვევს ოპტიმიზმს, თუნდაც იმასთან დაკავშირებით, რომ ჯერჯერობით გალში მაინც დამყარდეს წესრიგი."

რევაზ ადამიასთვის იმედი მოუგვრია არამარტო გალის რაიონში გაეროს საპოლიციო დანაყოფის შეყვანის გადაწყვეტილებას, რაც უშიშროების საბჭოს რეზოლუციაშია აღნიშნული. მისი თქმით, გაეროს უშიშროების საბჭოს ბოლო სხდომაზე საკმაოდ გამკაცრებული იყო ტონი აფხაზების მიმართ და გამოითქმებოდა ადრინდელზე გაცილებით მკვეთრი მოსაზრებები აფხაზეთში დევნილთა დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით.

საგულისხმოა ისიც, რომ, რევაზ ადამიას განმარტებით, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ყურადღებით მოუსმენიათ საქართველოს წარმომადგენლის მოთხოვნა აფხაზეთში გაეროს თავდაცვითი ნაწილების შეყვანასთან დაკავშირებით. მაგრამ რაში მდგომარეობს იმ სიახლის არსი, რომელსაც უშიშროების საბჭოს ახალი რეზოლუცია შეიცავს? რამდენად მოასწავებს გარკვეულ ძვრებს გალის რაიონში გაეროს სამოქალაქო პოლიციის 20 კაციანი ჯგუფის შეყვანის შესახებ გადაწყვეტილება? საქართველოში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჰაიდი ტალიავინი განმარტავს, რომ გაეროს ეს სპეციალისტები თავად კი არ შეასრულებენ პოლიციელთა ფუნქციებს, არამედ კონსულტაციებს გაუწევენ ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებს, შეაფასებენ მათ მოქმედებებს, შეარჩევენ პერსონალს და ასე შემდეგ.

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე თამაზ ნადარეიშვილი ამ სიახლეს ყურადსაღებ სიახლედ არ მიიჩნევს. და, აი, რატომ : მისი თქმით, რეზოლუციაში მითითებული პუნქტი უკავშირდება გალის რაიონში ერთობლივი ადმინისტრაციის შექმნის მოთხოვნას, რასაც აფხაზთა მხარე არ დასთანხმდება. ეს ერთი და, მეორე :

[თამაზ ნადარეიშვილის ხმა] " წინადადება, რომელიც არის შეტანილი რეზოლუციაში, ითვალისწინებს იმას, რომ მათ ჩაატარონ სწავლება გალის პოლიციისა, რომელშიც იქნება გაერთიანებული ქართული და აფხაზური ეროვნების ადამიანები. აქ არ არის ლაპარაკი საქართველოს და აფხაზეთის, აქ არის ლაპარაკი გალის რაიონში მცხოვრები აფხაზეთის მოქალაქეების - ქართველების და აფხაზების - სწავლებაზე, რაც ჩვენთვის არ არის არაფრის მომტანი, პირიქით."[სტილი დაცულია]

მინიშნებაში იგულისხმება ის, რომ დაგეგმილი სწავლება უფრო გააძლიერებს აფხაზთა ისეთ არაკანონიერ შენაერთს, როგორსაც მათი პოლიცია წარმოადგენს. საქართველოში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გაეროს სამოქალაქო პოლიციის თანამშრომლები გალის რაიონის სამართალდამცავ ორგანოებში სწავლებებს სექტემბრიდან დაიწყებენ.
XS
SM
MD
LG