Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის მმართველ საბჭოს როტაციის წესით 9-წევრიანი პრეზიდიუმი უთავმჯდომარევებს


ანდრო ეული, პრაღა ერაყის მმართველმა საბჭომ ხუთშაბათს თავმჯდომარე აირჩია, რითაც დასრულდა ორკვირიანი მოლაპარაკება იმის თაობაზე,

თუ როგორ უნდა მომხდარიყო საბჭოს წევრებს შორის ძალაუფლების განაწილება. 25-წევრიანმა საბჭომ შიიტების რელიგიური პარტიის ლიდერი იბრაჰიმ ჯააფარი აირჩია თავის პირველ თავმჯდომარედ. ჯააფარი, რომელიც განათლებით ექიმია, ერთი თვის განმავლობაში უთავმჯდომარევებს მმართველ საბჭოს, ხოლო შემდეგ მას 9-წევრიანი პრეზიდიუმის სხვა წარმომადგენელი შეენაცვლება.


როგორც მმართველი საბჭოს წევრმა მუვაფაკ ალ-რუბაიმ უთხრა ჩვენი რადიოს კორესპონდენტს, როტაციის პრინციპი იმიტომ აირჩია მმართველმა საბჭომ, რომ ამ დროებით ხელმძღვანელ ორგანოში შემავალი წევრები სხვადასხვა პოლიტიკურ, რელიგიურსა და ეთნიკურ ინტერესებს წარმოადგენენ.

"ერთი ვარიანტით როტაციის პრინციპი საბჭოს 25-ვე წევრს უნდა შეხებოდა, და თავმჯდომარეობა მხოლოდ ერთი კვირა უნდა გაგრძელებულიყო. მაგრამ ეს, ვფიქრობ ვერ იქნებოდა ეფექტიანი თავმჯდომარეობა. მეორე ვერსიით მხოლოდ ერთ პირი უნდა ყოფილიყო საბჭოს თავმჯდომარე, რაც უარყოფილ იქნა. შემდეგ წამოაყენეს წინადადება, რომ ყველაზე უხუცესი წევრი აგვერჩია თავმჯდომარედ, მაგრამ სხვებმა თქვეს, ყველაზე უხუცესი ყველაზე ბრძნეს როდი ნიშნავსო" -
განაცხადა მუვაფაკ ალ-რუბაიმ.

მისივე თქმით, საბჭოს წევრები ბოლოს შეთანხმდნენ ერთი თვის ვადით მოხდეს მმართველი საბჭოს თავმჯდომარეობა როტაციის პრინციპით, რასაც ცხრაწევრიანი პრეზიდიუმი განახორციელებს.

ალ-რუბაიმ განაცხადა, რომ თავმჯდომარეს საბჭოს სხდომების მოწვევა და დღის წესრიგის შედგენა დაევალება. რუბაის თქმით, თავმჯდომარის ფუნქციები არა აღმასრულებელი, არამედ "მენეჯერული" ხასიათისა იქნება [მუვაფაკ ალ-რუბაის ხმა]: "ზოგიერთი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საბჭოს თავმჯდომარემ სადამ ჰუსეინი უნდა შეცვალოს, ან კიდევ ერაყის ახალი პრემიერ-მინისტრი, ანაც პრეზიდენტი გახდეს. მაგრამ ასე არაა. ჩვენ გვჭირდება ადამიანი, რომელიც იქნება ერთიაობის სიმბოლო, მოიწვევს საბჭოს სხდომებს, შეადგენს დღის წესრიგს და ხალხს მიიწვევს სხდომაზე, რაც ფაქტობრივად ერთგვარი მენეჯერული სამუშაო იქნება, რასაც თავმჯდომარეობასა თუ პრეზიდენტობასთან არაფერი აქვს საერთო."

ხუთშაბათს ბაღდადში, ამერიკა-ბრიტანეთის ადმინისტრაციის უფროსმა პოლ ბრემერმა განაცხადა, რომ ერაყში უკვე მომავალი წლის შუა თვეებში შეიძლება მოეწყოს საყოველთაო არჩევნები.

პოლ ბრემერმა აღნიშნა ამასთანავე, რომ როცა ერაყში ხალხის მიერ არჩეული მთავრობა დაიწყებს ფუნქციონირებას, მრავალეროვანი კოალიცია ამოწურავს თავის ფუნქციას ახალ მთავრობას გადააბარებს ქვეყნის მართვის სადავეებს.
XS
SM
MD
LG