Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეათე სტუდია 498


გთავაზობთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგ, 498-ე გამოშვებას.

დღეს კვლავ შევეხებით არჩევნების თემას და შევეცდებით ვაჩვენოთ, რით განსხვავდება წლევანდელი საპარლამენტო არჩევნები აქამდე ჩატარებული არჩევნებისგან; ვნახავთ, რას ფიქრობენ ერაყში მიმავალი ქართველი სამხედროები; ვისაუბრებთ საქართველოში ბიბლიოთეკების ბედზე; მოგითხრობთ საინფორმაციო კონცერნ "დაუ ჯონსზე"; შემოგთავაზებთ სიუჟეტს კინორეჟისორ ჯონ შლეზინგერზე, რომელიც ამ დღეებში გარდაიცვალა; პროგრამას დაასრულებს ტრადიციული რუბრიკა "საინტერესო ამბების კალეიდოსკოპი".
პრაღაში გადაცემას უძღვება ბიძინა რამიშვილი.


2 ნოემბრის არჩევნები: ოპოზიციურ წყვილთა გარეშე

ბიძინა რამიშვილი:
საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად საქართველოს შიდა პოლიტიკაში დაძაბულობაც თანდათან იმატებს. მაგრამ წლევანდელ წინასაარჩევნო პროცესს აქამდე ჩატარებული ყველა საპარლამენტო არჩევნებისგან ერთი რამ განასხვავებს: საარჩევნო უბნების გახსნამდე სამი თვით ადრე არავის აქვს ცხადი წარმოდგენა, რა ძალებით ერთვებიან პოლიტიკური პარტიები არჩევნებში და როგორი იქნება მათი დისპოზიცია. საქართველოს ამომრჩევლისათვის ამ, ცოტა არ იყოს, უჩვეულო სურათის აღწერას დავით პაიჭაძე შეეცდება.

დავით პაიჭაძე:
საქართველოში პარლამენტს 13 წელია, ირჩევენ. 1992 წლის 11 ოქტომბრის არჩევნების გარდა, როცა საარჩევნო კანონმა პარლამენტისკენ გზა გაუხსნა იქ მოხვედრის ლამის ყველა მსურველს, დანარჩენი სამი არჩევნები - 1990, 1995 და 1999 წლებში - ამომრჩეველს მეტ-ნაკლებად ცხად არჩევანს სთავაზობდა. ამომრჩეველს სამივე ამ არჩევნებზე უჭირდა დაენახა სხვა ძალები ალტერნატივის მიღმა: ალტერნატივას კი, ანუ არჩევანს ორ ძალას შორის, წესისამებრ, ქმნიდა მოქმედი ხელისუფლება და მის ოპოზიციად მიჩნეული გაერთიანება. ამომრჩევლის შეზღუდული უნარი, დაენახა სხვა ძალებიც, გამოიხატა შედეგებში: გამსახურდიას უზენაეს საბჭოში მრგვალი მაგიდისა და კომპარტიის წევრები შეხმატკბილებულად იღებდნენ გადაწყვეტილებებს და ოპოზიცია, კარგა ხანს, 12 დეპუტატის ამარა რჩებოდა; 1995 წელს ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ 9%-ის მოპოვება შეძლო, ხოლო 99-ში მრეწველებმა ძლივს გადალახეს 7%-ანი ბარიერი. ბოლო ორ არჩევნებს აშკარა ფავორიტები ჰყავდა: "მოქალაქეთა კავშირი" და "აღორძინება". ისინი განსაკუთრებით გაისარჯნენ 1999 წელს, როცა ყველა ღონე იხმარეს, რათა ძირითად პოლიტიკურ ძალებად წარმოჩენილიყვნენ. ეს არც თუ შორს იყო სიმართლისგან: აღწერითი ცნება "ორი პოლიტიკური ცენტრი" სწორედ იმ პერიოდს განეკუთვნება.

წლევანდელ არჩევნებში ერთი ძირითადი ოპოზიციური წყვილი აღარ არსებობს. ამ ხნის, ანუ 4 წლის მანძილზე ცენტრალურმა ხელისუფლებამ ბევრი გააკეთა რეგიონული ხელისუფლების დასასუსტებლად და შედეგსაც მიაღწია: აჭარის ლიდერი ვეღარ იზიდავს ოპოზიციაში ყოფნის მსურველებს, მისი ბლოკი პარლამენტში კარგახნის დაშლილია. ასლან აბაშიძის პოლიტიკურ ამბიციებთან დაკავშირებულ მატერიალურ გაქანებას დარტყმა მიაყენა თუნდაც ფოთის პორტის, ვალეს საბაჟოსა და სასაზღვრო-გამშვები პუნქტების ამოქმედებამ, თბილისის პოლიტიკამ, აარიდოს ეკონომიკური პროექტები აბაშიძის ბათუმს.

მეორე მხრივ, ხელისუფლებამაც დაკარგა ერთიანობა და დასუსტდა. მისი წიაღიდან გამოსული პარტიები დღეს ცნობილ ოპოზიციურ ჯგუფებს წარმოადგენენ. "აღორძინებისგან" განსხვავებით, ყოფილი მოქალაქეთა კავშირი ხელახალ კონსოლიდაციას ცდილობს, მაგრამ განიცდის ამომრჩევლის მობილიზებისათვის საჭირო მოტივების დეფიციტს: აშკარა და კონკრეტული მტერი, შესაძლო საპარლამენტო გადატრიალების მოთავე [ასე უწოდა შევარდნაძემ 4 წლის წინათ "აღორძინებას"] ხელისუფლებას აღარ ჰყავს. ჩანს, ბლოკი "ახალი საქართველოსათვის" არც ეძებს უარეს ალტერნატივას ამომრჩევლის დასაშინებლად. მაგრამ დღეს სრულიად გაუგებარია, რა ტაქტიკას გამოიყენებს ხელისუფლება მოქალაქეთა დასარწმუნებლად, მივიდნენ არჩევნებზე და ხმა მისცენ მას.

შესაძლოა, ოპოზიციური გაერთიანების არარსებობაც ამით იყოს განსაზღვრული: მრავალ დაჯგუფებად განტოტვილი ოპოზიცია არ აძლევს ხელისუფლებას შანსს, გაერთიანების შემთხვევაში, თავი მთავარ წინასაარჩევნო საფრთხობელად გადააქცევინოს. ხელისუფლებას და პირადად შევარდნაძეს სწორედ ასეთ, მეტ-ნაკლებად ერთიან ოპოზიციასთან გამკლავება უფრო შეუძლია. დღევანდელ პირობებში კი ხელისუფლებას არგუმენტად ოპოზიციის დაქსაქსულობა და სისუსტე რჩება. ოპოზიციის წინააღმდეგ მეორე, ძველი და ნაცადი არგუმენტის - რუსეთთან მისი საეჭვო კავშირების -გამოყენება კარგად არ ჭრის, რადგან ოპოზიცია, ვიმეორებთ, ჭრელია, მის არაერთ წამყვან ფიგურას პროდასავლური პოლიტიკოსის რეპუტაცია აქვს, რომელსაც დარჩენილ სამ თვეში ვერ შეარყევ და კიდევ ერთიც, თავად სახელისუფლებო ბლოკს ჰყავს საჩინო წევრი - ვახტანგ რჩეულიშვილი.

საგულისხმოა, რომ ხელისუფლებაც ძნელად თავსდება ალტერნატივის უარესი წევრის ამპლუაში: ჯერ ერთი იმიტომ, რომ ალტერნატივა, არჩევანი ორ მხარეს შორის არ არსებობს, მეორეც, ხელისუფლება დღეს ყველა ჯუფთის ოპოზიციის სამიზნეა და ძნელი გასარკვევია, რომლის ინტერესთა რეალიზებას უშლის ხელს გამორჩეულად. ხელისუფლება დღეს თითქოს საწვრთნელ "მსხალს" ჰგავს, რომელსაც ყველა ურტყამს. მან კი არ იცის, ვის უპასუხოს. არჩევნების წინ იქმნება ილუზია, რომ ხელისუფლება უძლურია. მაგრამ ვერავინ იტყვის, უძლურია თუ არა ის, როგორც საარჩევნო სუბიექტი. ფაქტი ერთია: მომავალ არჩევნებს ოპოზიციური წყვილები არ ჰყავს. რაოდენობრივი თვალსაზრისით, არჩევანი მართლაც ფართოა.
დავით პაიჭაძე, რადიო თავისუფლებისთვის, თბილისი.


რას ფიქრობენ ერაყში მიმავალი ქართველი სამხედროები?

ბიძინა რამიშვილი:
დიდი ხნის ლოდინისა და სამზადისის შემდეგ სამოცდაათკაციანმა ქართულმა სამხედრო ასეულმა მიიღო ბრძანება ერაყში გამგზავრების შესახებ. კოჯრის სწრაფი რეაგირების ოცეული, ინჟინერ-გამნაღმველები, სამხედრო მედიკოსები, რომელთა შორის უმრავლესობას ქალები წარმოადგენენ, კვირას გაემგზავრებიან ერაყში. ხუთშაბათს კი ამერიკის საელჩოს ბაზაზე მათ საველე აღჭურვილობა დაურიგდათ. ამ ღონისძიებას ესწრებოდა ჩვენი თბილიელი კორესპონდემტი კობა ლიკლიკაძე, რომელიც შეეცადა გაერკვია, თუ როგორი განწყობით მიდიან ქართველი სამხედრო მოსამსახურეები მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე უფრო "ცხელ წერტილში".

კობა ლიკლიკაძე:
აღსანიშნავია, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის საქართველო, აზერბაიჯანის შემდეგ, მეორე ქვეყანა იქნება, რომლის კონტინგენტიც ერაყის სტაბილიზაციის პროცესში მიიღებს მონაწილეობას. თუმცა თავდაპირველად გამოცხადებული თარიღის, ივნისის, ნაცვლად, ეს მხოლოდ ივლისის ბოლოსთვის გახდა შესაძლებელი. ამ დაგვიანებას ქართველი სამხედროები ამერიკის სარდლობის გადაწყვეტილებით ხსნიან. მაგრამ დაგვიანების ერთ-ერთ სავარაუდო მიზეზად სახელდება აღჭურვილობის უზრუნველყოფაში შექმნილი შეფერხებაც, რაც ქართულმა მხარემ, საბოლოოდ, ისევ ამერიკელების დახმარებით აღმოფხვრა. თუმცა ამ ჩავარდნას ხასიათი არ გაუფუჭებია მრავალნაცადი ქართველი სამხედროებისთვის.

განსაკუთრებით ხალისიანად გამოიყურებოდნენ გამნაღმველები, რომლებსაც მდიდარი საბრძოლო გამცდილება აქვთ მიღებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტში. როგორც ერთ-ერთმა გამნაღმველმა, მამუკა ცხვედიანმა, ხუმრობით გვითხრა, მათ ყველა ნაღმის ენა ესმით, მაგრამ ნაღმთან გაშინაურება მაინც არ შეიძლება, რადგან:

[მამუკა ცხვედიანის ხმა] "ყველა ნაღმთან მიდიან, საერთოდ, როგორც პირველად."

რაც შეეხება მათ ხელთ არსებულ აღჭურვილობას:
[მამუკა ცხვედიანის ხმა] "ამერიკა-ისრაელის ერთობლივი ნაწარმოებია დეტექტორები და რუსული წარმოებისაც გაგვაჩნია."[სტილი დაცულია]

გამნაღმველების გარდა, ამერიკის სამხედრო მეკავშირეთა დახმარებით, სპეციალური აღჭურვილობა და ფორმის ტანსაცმელი მიიღეს სამხედრო მედიკოსებმაც, რომელთა უმრავლესობას ქალები შეადგენენ. მათ ხელმძღვანელობს გამოცდილი საველე ქირურგი რეზო ხარჩილავა, რომელსაც აფხაზეთში მიმდინარე საომარი ოპერაციის დროს ათეულობით ურთულესი ოპერაცია აქვს შესრულებული ბრძოლის ველზე. ერაყში საკუთარი მისიის შესახებ ქართველი მედიკოსები ასეთ ინფორმაციას ფლობენ:

[რეზო ხარჩილავას ხმა] "წინასწარი მითითებები არის, თითქოსდა ვიქნებით ჰოსპიტალში, საველე ჰოსპიტალში ან სათადარიგო ჰოსპიტალში. ან მოსახლეობას მოვემსახურებით, ან ჩვენს ხალხს, ვინც მიგვყავს, და ან პატიმრებს."

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საერთაშორისო კონფლიქტში მიმავალი ქართული სამხედრო კონტინგენტი 15 ქალით არის წარმოდგნილი. და, ბუნებრივია, ჩვენც ყველაზე მეტად იმან დაგვაინტერესა, თუ როგორი განწყობით მიდიან ქართველი ქალები მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში საბრძოლო ამოცანის შესასრულებლად.

[ექთან ლალის ხმა] "არა, შიშით არ გვეშინია. რატომ უნდა გვეშინოდეს. სამედიცინო ნაწილია და სამედიცინო ნაწილი სამამულო ომის დროს იყო დაცული. და მე მგონი, რა ვიცი, მივდივართ მშვიდობიანი ოპერაციების შესასრულებლად და საშიში არაფერი არ არის."

მაღალი მოტივაციით გამოირჩევიან კოჯრის სპეცდანიშნულების ოცეულის მებრძოლები, რომლებსაც საგანგებოდ ასეთი სიტუაციებისთვის ამზადებენ. მათ სხვადასხვა დროს მონაწილეობა აქვთ მიღებული კოდორისა და პანკისის ხეობებში მიმდინარე სპეცოპერაციებში, მაგრამ საერთაშორისო კონფლიქტი მათთვისაც პირველია. თუმცა, როგორც სპეცოცეულის მეთაურმა ლეიტენანტმა გიორგი კირვალიძემ რადიო "თავისუფლებას" უთხრა, კონტინგენტი იმდენად კარგად არის მომზადებული, რომ ნებისმიერ სახიფათო დავალების შესრულება შეუძლია:

[გიორგი კირვალიძის ხმა] "ესენი არიან კონტრაქტნიკები. ესენი, ძირითადად, ჯარმოვლილი ხალხი არის. მერე ამოვიდნენ ჩვენთან, ნაწილში, გაიარეს მომზადება. მერე, როცა ჩამოყალიბდა ერაყის ასეული, შეიქმნა პროგრამა და ამ პროგრამით კიდევ ცალკე გადამზადება გაიარეს. ბიჭები არიან მშვენიერი, რა ვიცი, ყველანაირად."[სტილი დაცულია]

ჩვენს შეკითხვაზე, თუ რა განწყობით მიდის ერაყში, რიგითმა თორნიკე თავბერიძემ მოკლედ გვიპასუხა:

[თორნიკე თავბერიძის ხმა] "მშვენიერი განწყობა მაქვს და მიხარია, რომ საქართველოს სახელით მივდივარ და საქართველოსთვის მივდივარ."

მაღალი აზრისაა ქართული კონტინგენტის საბრძოლო და ფსიქოლოგიურ მომზადებაზე საქართველოში ამერიკის მოკავშირე ოფიცერთა ჯგუფის უფროსი, მაიორი დაგ პეტერსონი, რომელიც პირადად ესწრებოდა ხუთშაბათს ქართული ასეულისთვის 350 ათასი დოლარის ღირებულების სამხედრო ფორმის, ჯავშანჟილეტის, ფეხსაცმლის და სხვა ნივთების გადაცემის ცერემონიას. თუმცა ქართული სამხედრო ხელმძღვანელობაც და ამერიკელი მოკავშირეებიც, საბრძოლო ოპერაციის წესებიდან გამომდინარე, ბოლო მომენტამდე საიდუმლოდ ინახავენ ერაყში კონტინგენტის დისლოკაციის ადგილს.

[დაგ პეტერსონის ხმა] "ეს ძალიან კარგი კონტინგენტია. ბევრ მის წევრს უკვე მონაწილეობა აქვს მიღებული ამერიკელ სამხედროებთან ერთად სამშვიდობო ოპერაციებში, გამოვლილი აქვს კოსოვო, მაღალი ინტენსივობის კონფლიქტი. ასე რომ, სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არიან."

მიუხედავად ტელეკამერებისა და მიკროფონების წინაშე გამომჟღავნებული სიჩაუქისა, ძნელი არ იყო ერაყში მიმავალი ქართველი სამხედროების სახეებზე სევდის ამოკითხვა: ყველა მათგანს ხომ საქართველოში რჩება ოჯახი, ახლობლები და მეგობრები, რომლებთანაც, ბრძანების თანახმად, ქართულ კონტინგენტს ექვსი თვით მოუწევს განშორება.
კობა ლიკლიკაძე, რადიო თავისუფლებისთვის, თბილისი.


რატომ იხურება საქართველოში ბიბლიოთეკები

ბიძინა რამიშვილი:
მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის ცენტრალური სამეცნიერო ბიბლიოთეკის თანამშრომლები ყოველდღე ელიან ბიბლიოთეკის შენობიდან გამოსახლებას. ბიბლიოთეკა, რომელსაც მალე 100 წელი შეუსრულდება და რომლის ფონდი 40 ათასს წიგნს აღემატება, სასამართლოს გადაწყვეტილებით შენობიდან გამოსახლებას ექვემდებარება. რომ არა ომბუცმენის, კულტურის და იუსტიციის მინისტრებისა და ბიბლიოთეკის მკითხველთა ჩარევა - მკითხველებმა ბიბლიოთეკის თანამდგომთა საინიციატივო ჯგუფი შექმნეს - აღმასრულებლები წიგნებს ქუჩაში გამოყრიდნენ. რატომ იხურება საქართველოში ბიბლიოთეკები - ამ მტკივნეულ საკითხზე საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტს ირაკლი ღარიბაშვილს თმარ ჩიქოვანი ესაუბრა.

იხ. აუდიოვერსია.


"უოლ სტრიტ ჯორნალის" 120 წლისთავი

ბიძინა რამიშვილი:
დასავლეთში დღესდღეობით იშვიათად შეხვდებით ვინმეს, სახელწოდება "დაუ ჯონსი" გაგონილი მაინც რომ არ ჰქონდეს. ყოველდღე, დღეში რამდენჯერმე, ხშირად კი ყოველ საათში ერთხელ, საინფორმაციო გამოშვებებში, რადიო, ტელევიზია თუ სხვა საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან დაუ ჯონსის მდგომარეობაზე. "ამდენი პუნქტით გაიზარდა, ამდენი პუნქტით იკლო"... საქმე ეხება ნიუ იორკის ბირჟის ინდექსს, რომლის მაჯისცემაზე მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული მსოფლიო ეკონომიკის ბედი.

თუ როგორ ფუნქციონირებს დაუ ჯონსი, ამაზე საუბარს ეკონომიკის ექსპერტებს ვანდობ ჩვენს რომელიმე მომავალ გადაცემაში. დღეს მოგითხრობთ იმაზე, თუ როგორ აღმოცენდა დაუ ჯონსი და შემდეგ მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი გაზეთი, ჩვენი კოლეგების, ჟურნალისტების ერთი ინიციატივიდან.

120 წლის წინათ სამმა ამერიკელმა ჟურნალისტმა, ჩარლზ ჰენრი დაუმ, ედვარდ დევის ჯონსმა და ჩარლზ მილფორდ ბერგსტრესერმა გადაწყვიტეს შეექმნათ საინფორმაციო სააგენტო, რომელიც ნიუ იორკის უოლ სტრიტის საფინანსო სამყაროს შესახებ ინფორმაციას შეაგროვებდა და გაავრცელებდა. სააგენტოს "დაუ ჯონსის კორპორაცია" ეწოდა.

სააგენტო, რომელიც უოლ სტრიტზე, ერთ-ერთ სარდაფში იყო განლაგებული, ბანკებისა და საწარმოების საფინანსო მონაცემებს აგროვებდა. მისი თანამშრომლები ელვის სისწრაფით იწერდნენ და ამრავლებდნენ ამ მონაცემებს და ბოლოს შიკრიკების არმიას კლიენტებთან მიჰქონდა საბოლოო ანგარიშები.

დღეს ეს შეიძლება ღიმილის მომგვრელი იყოს, მაგრამ იმხანად, მე-19 საუკუნის 80-იან წლებში, ეს დიდი სიახლე გახლდათ. მაშინ ბირჟის შესახებ არც საგაზეთო ინფორმაცია არსებობდა და არც წლიური ანგარიშები. აქციების მყიდველებს თავად უნდა გაეკვლიათ გზა ბირჟაზე. ბაზარი ჭორებით საზრდოობდა. ხშირი იყო აქციების კურსების მანიპულაცია.

ამიტომ თავიდანვე ძალზე დიდი იყო დაუ ჯონსის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე მოთხოვნილება. სააგენტოს დაარსებიდან უკვე ერთი წლის შემდეგ მისმა დამაარსებლებმა გადაწყვიტეს, ყოველდღე საგაზეთო ფორმით გამოეცათ ბირჟის ცნობები. ასე იშვა "უოლ სტრიტ ჯორნალი", რომელიც დღემდე ინარჩუნებს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სოლიდური გაზეთის სახელს. დღეს იგი მილიონ რვაასი ათასი ეგზემპლარით შეერთებული შტატების ყველაზე დიდი ზერეგიონული გაზეთია.

"უოლ სტრიტ ჯორნალი" დღემდე წარმოადგენს საინფორმაციო კონცერნ "დაუ ჯონსის" გულს. ხოლო მისი საინტერნეტო ვარიანტი მსოფლიოში უდიდესი ფასიანი ონლაინ-გამოცემაა. აქვე შევნიშნავ, რომ თავისი ისტორიის მანძილზე გაზეთს 27-ჯერ მიენიჭა პულიცერის პრემია.

რაც შეეხება დაუ ჯონსის ინდექსს, რომელიც ამერიკის 30 ყველაზე წარმატებული საწარმოს მაჩვენებლებს ეყრდნობა, იგი 1884 წელს შეიქმნა, ხოლო დღევანდელი სახით 1896 წლიდან არსებობს და ნიუ იორკის სააქციო ბირჟის უმნიშვნელოვანეს ბარომეტრს წარმოადგენს. ამ ხნის მანძილზე "უოლ სტრიტ ჯორნალი" ყოველდღე აჯამებს ბირჟის მონაცემებს და საშუალო ინდექსი გამოჰყავს.

დაუმ, ჯონსმა და ბერგსტრესერმა კონცერნის დაარსებიდან 20 წლის შემდეგ გაყიდეს იგი. მაგრამ "დაუ ჯონსის" და "უოლ სტრიტ ჯორნალის" სახელები 120 წლის შემდეგაც რჩება წარმატებისა და პროფესიონალიზმის სინონიმებად.


გარდაიცვალა კინორეჟისორი ჯონ შლეზინგერი

[მუსიკა კინოფილმიდან "შუაღამის კოვბოი"]

ბიძინა რამიშვილი:
ვისაც კინოფილმი "შუაღამის კოვბოი" უნახავს, უთუოდ ჩაებეჭდებოდა მეხსიერებაში ფრედ ნილის ეს სიმღერაც - "Everybody's Talkin", რომელსაც ჰარი ნილსონი ასრულებს. სხვათა შორის, 1969 წელს ამ სიმღერამ ამერიკის ხმის ჩამწერი აკადემიის უმაღლესი ჯილდო - "გრემი" დაიმსახურა. მაგრამ დღეს ვისაუბრებთ არა თვით სიმღერაზე, არამედ კინოფილმზე, რომელმაც მას თავის დროზე უდიდესი პოპულარობა მოუტანა. უფრო სწორად, ვისაუბრებთ კინოფილმ "შუაღამის კოვბოის" შემქმნელზე, ბრიტანელ რეჟისორ ჯონ შლეზინგერზე, რომელიც ამ ერთი კვირის წინათ, 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. მოუსმინეთ დავით კაკაბაძეს.

დავით კაკაბაძე:
მისი ფილმების სამარკო ნიშანი სევდიანი დასასრული იყო. როცა კი ჰოლივუდის მესვეურთა დაყოლიებას მოახერხებდა, ჯონ შლეზინგერი უარს ამბობდა ამერიკული კინოსთვის ესოდენ ჩვეულ "ჰეპი ენდზე". საყოველთაო ბედნიერება, როგორც გამოსავალი კონფლიქტიდან, და სამყაროს ჩემეული ხედვა ერთმანეთისგან დიდი მანძილით არიან დაშორებულიო, უთქვამს ერთხელ ბრიტანელ რეჟისორს, რომელმაც თავისი მოღვაწეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ჰოლივუდში გაატარა. და სხვათა შორის, "ოცნებების ფაბრიკად" წოდებულ ამ სამყაროში მართლაც ტრიუმფული დებიუტი სწორედ ზემოთ ნახსენები "შუაღამის კოვბოითი" ჰქონდა.

ტრიუმფული კი დებიუტს ნამდვილად შეიძლება ეწოდოს. 1969 წელს "შუაღამის კოვბოი" ერთბაშად შვიდ "ოსკარზე" იყო წარდგენილი და საბოლოოდ სამი ჯილდო ერგო; მათ შორის პრიზები საუკეთესო ფილმისთვის და საუკეთესო რეჟისურისთვის. ეს ამაღელვებელი, სევდიანი სურათი ამერიკული საზოგადოების ორი აუტსაიდერის მეგობრობის ამბავს მოგვითხრობს. ერთის როლს ჯონ ვოიტი ასრულებს, მეორისა - დასტინ ჰოფმანი. ერთისთვისაც და მეორისთვისაც (მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო წლებში არაერთი დაუვიწყარი სახე შექმნეს) "შუაღამის კოვბოიში" ნათამაშები როლები საუკეთესოთა შორის დარჩა.

საერთოდ, შლეზინგერს მუდამ იტაცებდა რთული, ჩახლართული ფსიქოლოგიური სიტუაციების გადმოცემა. რეჟისორი ცდილობდა, ჩასწვდობოდა იმ ადამიანთა სულის სიღრმეებს, რომლებსაც კეთილმოწყობილი სამყაროს მიღმა უხდებათ არსებობა. საკმარისია გავიხსენოთ კინოფილმები "Sunday, Bloody Sunday" ან "კალიის დღე" (ეს უკანასკნელი, სხვათა შორის, ნათანიელ ვესტის ცნობილი რომანის ეკრანიზაცია გახლავთ).

ჯონ შლეზინგერის შემოქმედების მეორე მწვერვალად ("შუაღამის კოვბოისთან" ერთად) ითვლება 1976 წელს გადაღებული სურათი "მარათონელი", რომელშიც ზემოთ უკვე ნახსენებ დასტინ ჰოფმანს პარტნიორობას თვით სერ ლორენს ოლივიე უწევს. ეს არის უდიდესი ოსტატობით მოთხრობილი, მძაფრსიუჟეტიანი ფილმი ერთ სტუდენტზე (რომელიც იმავდროულად მოყვარული მარათონელიც არის) და ჭარმაგ კბილის ექიმზე, რომლის პიროვნების უკან ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკის ყოფილი თანამშრომელი იმალება. დაუვიწყარია ამ ფილმის ერთი სცენა, რომელშიც კბილის უბრალო ოპერაცია მაყურებლის თვალწინ ტრანსფორმაციას განიცდის და წამების აქტად იქცევა.

ჯონ შლეზინგერის ჯილდოების კოლექციაში ურიცხვი პრიზი ინახება. მათ შორის არის ვენეციის კინოფესტივალზე 1961 წელს მოპოვებული "ოქროს ლომიცა" და ერთი წლის შემდეგ, ბერლინის ფესტივალზე მიღებული "ოქროს დათვიც". "ოსკარებზე" ზემოთ უკვე ვილაპარაკეთ.

შლეზინგერის ერთ-ერთმა უსაყვარლესმა მსახიობმა, დასტინ ჰოფმანმა, როცა თავისი უფროსი მეგობრის გარდაცვალების ამბავი შეიტყო, ჰამლეტის სიტყვები გაიხსენა: მისნაირს სამყარო ვეღარასოდეს იხილავსო...


საინტერესო ამბების კალეიდოსკოპი 1 ოქტომბერი, 2003

ბიძინა რამიშვილი:
ახლა გთავაზობთ ჩვენს ტრადიციულ რუბრიკას "საინტერესო ამბების კალეიდოსკოპი".

მარიამ ჭიაურელი:
არავისთვისაა საიდუმლო, რომ ერაყის ომმა საკმაოდ დაძაბა ურთიერთობა ზოგ დასავლელ მოკავშირეს შორის. ამის ყველაზე გახმაურებული მაგალითი საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებს შორის უთანხმოებაა - ერაყში ომის მიმართ პარიზის დაუფარავმა კრიტიკამ იმდენად გაანაწყენა ამერიკელები, რომ ფრანგულ ნაწარმს ლამის ბოიკოტი გამოუცხადეს. მათმა მყიდველთა რიცხვმა შეერთებულ შტატებში საგრძნობლად იკლო, ხოლო ქვეყნის კონგრესის სასადილოში - შემწვარ კარტოფილს სახელწოდებით "ფრანგული ფრი", "თავისუფლების ფრი" დაარქვეს... ახლა ჯერი ფრანგებზეა - ახლა მათ მოინდომეს სახელწოდების გამოცვლა და არჩევანი "e-mail"-ზე, ანუ ელექტროფოსტაზე შეაჩერეს. საფრანგეთის კულტურის სამინისტრომ გასულ კვირაში აკრძალა სამთავრობო უწყებებში, დოკუმენტებში, პუბლიკაციებში, უებსაიტებზე ინგლისური სიტყვის, "e-mail"-ის ხმარება და მის ნაცვლად ფრანგული "Courriel"-ის დამკვიდრებას შეუდგა. "Courriel" ხელოვნური წარმონაქმნი გახლავთ - ორი სიტყვის "courrier electronique" სიმბიოზი. "electronique" ცხადია, რა არის, "courrier" კი მოკლეს ნიშნავს. აიტაცებენ თუ არა ფრანგები ახალ სიტყვას, არავინ უწყის - აქამდე ხომ ყოველთვის წარმატებით არ მთავრდებოდა ფრანგულიდან უცხო, მათ შორის ინგლისური სიტყვების განდევნის მცდელობა - ფრანგებს დღემდე ძალიან უყვართ "le weekend"-ის "le shopping"-ით გატარება. ინვალიდის სავარძელი

[მუსიკა]

შვეიცარელი და ესპანელი მეცნიერები მუშაობენ აპარატზე, რომელიც დიდ სამსახურს გაუწევს დამბლის მძიმე ფორმით დაავადებულებს. პაციენტები, რომელთაც კიდურების მოძრაობისა თუ ლაპარაკის უნარი წართმეული აქვთ, შეძლებენ, თავიანთი გონებით უბრძანონ ინვალიდის სავარძელს მარჯვნივ თუ მარცხნივ გახვევა, პირდაპირ წასვლა და გაჩერება. ეს შესაძლებელი გახდება პატარა ქუდით, რომელიც პაციენტის მიერ გაფიქრებულ სურვილს ელექტროდების მეშვეობით გადასცემს კომპიუტერს. კომპიუტერი მოქმედებაში მოიყვანს რობოტს, ის კი ინვალიდის სავარძელს გადააადგილებს. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ორდღიანი ვარჯიშის შემდეგ, ადამიანის გონება ისევე იოლად შეძლებს რობოტის მართვას, როგორც ამას ხელები აკეთებს... [მუსიკა]

აზრის გამოთქმის გაადვილების შესახებ კიდევ ერთი ცნობა მოვამზადეთ, ოღონდ ცხოველთა სამყაროს მივაშურებთ... სათამაშოების იაპონელმა მწარმოებელმა "ტაკარამ" შარშან დიდი ნატვრა აუსრულა თანამემამულეებს, ვინც თავისი ოთხფეხა მეგობრის ყეფა-წკმუტუნში გარკვევის სურვილით იყო შეპყრობილი. კომპანიის მიერ გამოშვებული "თარჯიმანი ყელსაბამი", როგორც ეს კომპანია ირწმუნება, ადამიანის ენაზე თარგმნის აზრებსა თუ სურვილებს, რომელსაც ყელსაბამით შემკობილი ძაღლი აკუსტიკურ გამოხატულებას აძლევს. გასული წლის მანძილზე იაპონიაში 300 000 ასეთი ყელსაბამი გაიყიდა. წლეულს კი ჯერი კატებზე მიდგა, ოღონდ კომპანია "ტაკარა" კატების ყელსაბამით შეწუხებას არ აპირებს. ის გამოუშვებს ხელში დასაჭერ მოწყობილობას, რომელსაც (თუ კატის სიახლოვეს დაიჭერთ) კნავილს, კრუტუნსა თუ ჩხავილს ჩვენს, ადამიანების ენაზე, კერძოდ იაპონურად გადათარგმნის. აპარატი ნოემბრიდან გაიყიდება იაპონიის მაღაზიებში და 74 დოლარი ეღირება. დანარჩენ ქვეყნებში მცხოვრებთ კი ისღა დაგვრჩენია, თავი ვინუგეშოთ მოსაზრებით, რომ კნავილსა თუ ყეფაში ჩაქსოვილი აზრის ამოცნობა თარჯიმანი აპარატის, მითუმეტეს იაპონურად მთარგმნელი აპარატის გარეშეც შესაძლებელია.

ბიძინა რამიშვილი:
თქვენ მოისმინეთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგი გამოშვება, რომელიც პრაღაში მოამზადეს მარიამ ჭიაურელმა, დავით კაკაბაძემ და ბიძინა რამიშვილმა. გადაცემას უძღვებოდა ბიძინა რამიშვილი. თბილისის ბიუროში ხმის რეჟისორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე.
მომავალ პარასკევამდე.
XS
SM
MD
LG