Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთი კორეა თანახმაა მრავალმხრივ მოლაპარაკებაზე მისი ბირთვული პროგრამების შესახებ


რამდენიმე დღის წინ, 27 ივლისს ორმა კორეამ დაზავების იუბილე აღნიშნა: 50 წელია გასული მას შემდეგ, რაც კორეის ნახევარკუნძულზე 1950 წელს დაწყებულ ომს, რომელმაც 4 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა,

ბოლო მოუღო შეთანხმებამ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. მაგრამ ორ კორეას სამშვიდობო ხელშეკრულება არასოდეს გაუფორმებია, ასე, რომ, საერთაშორისო სამართლით, დღემდე ომის მდგომარეობაში რჩება. ვითარება გამწვავდა შარშან, როცა კომუნისტურმა ჩრდილოეთმა აღიარა, რომ ბირთვულ პროგრამაზე მუშაობს მიუხედავად 1994 წელს შეერთებულ შტატებთან შეთანხმებისა, რომ ასეთ პროგრამებზე უარს იტყოდა. კომუნისტური რეჟიმის ამ შემაშფოთებელი განცხადების შემდეგ დაწყებული დიპლომატიური ძალისხმევა დიდხანს იყო წარუმატებელი - მაგრამ ხუთშაბათს გავრცელდა ცნობა, რომლის მიხედვით, ჩრდილოეთი კორეა თანახმაა მისი ბირთვული პროგრამების შესახებ მოლაპარაკებაზე ექვსი ქვეყნის მონაწილეობით. ეს ქვეყნებია შეერთებული შტატები, ჩინეთი, იაპონია, რუსეთი და ორივე კორეა.

ცნობას უმალვე მოჰყვა დადებითი გამოხმაურება: [რიჩარდ ბაუჩერის ხმა] "მოცემულ მომენტში ვიტყოდი ამას: მივესალმებით ცნობას, რომ ჩრდილოეთი კორეა თანხმდება ჩვენს წინადადებებს მრავალმხრივი მოლაპარაკების შესახებ". ეს განცხადება ხუთშაბათს გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა რიჩარდ ბაუჩერმა. ბაუჩერს არ უთქვამს, სად ან როდის შეიძლება ჩატარდეს მოლაპარაკება. მასვე გაუჭირდა პასუხის გაცემა შეკითხვაზე - რატომ მოვიდა 6-მხრივ მოლაპარაკებაზე ჩრდილოეთი კორეის დაყაბულების შესახებ ცნობა მოსკოვიდან და არა პეკინიდან, რომელიც ვაშინგტონის მთავარი პატნიორია ფხენიანთან ურთიერთობის საკითხში...

აქ შეგახსენებთ, რომ ხუთშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში იყო ლაპარაკი ფხენიანის მზადყოფნაზე, მონაწილეობა მიიღოს 6-მხრივ მოლაპარაკებაზე. ეს, ამერიკაში მოღვაწე რუსი პოლიტოლოგის, პროფესორ ალექსანდრ მანსუროვის შეფასებით, შემთხვევით არ მომხდარა - რუსეთისა და ჩრდილოეთი კორეის პრეზიდენტებს მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ: მანსუროვის ხმა "პუტინსა და კიმ ჩენ ირს უკვე სამი წელია, ძალიან ახლო ურთიერთობა აქვთ. როგორც ჩანს, ერთმანეთს უგებენ. მაშინ, როცა შეერთებული შტატების ყურადღება ჩრდილოეთი კორეის კრიზისის მოგვარებაში ჩინეთის როლისაკენ იყო მიპყრობილი, პუტინს ინტენსიური მიწერ-მოწერა ჰქონდა კიმ ჩენ ირთან. იმის გამო, რომ მიწერ-მოწერა საინფორმაციო საშუალებებს არ გაუშუქებიათ, არ უნდა იფიქროთ, რომ ასეთი რამ არ არსებობდა. რუსეთს კი იგივე მიზანი ჰქონდა (რაც შეერთებულ შტატებს) - მრავალმხრივი მოლაპარაკებები".

რაც შეეხება ჩინეთის როლს, რომლის შესახებ მანსუროვმა ასევე ისაუბრა ჩვენს კორესპონდენტ ჯეიმს დონოვანთან ინტერვიუში, ის ჩრდილოეთი კორეისათვის, როგორც ჩანს, მიუღებელი იყო. მანსუროვის აზრით, იმის გამო, რომ წლეულს აპრილში პეკინში გამართულ მოლაპარაკებაზე ჩრდილოეთი კორეის, ჩინეთისა და აშშ-ის მონაწილეობით, ჩინეთსა და აშშ-ს ერთნაირი პოზიცია ჰქონდათ და ფხენიანს დარჩა შთაბეჭდილება, რომ სამმხრივი შეხვედრა "ორი ერთის წინააღმდეგ" პრინციპით წარიმართა. რუსეთი სხვა საქმეა - [სან იო კიმის ხმა] "...პუტინმა ჩრდილოეთ კორეას შესაძლოა შესთავაზა ისეთი რამ, რაზეც კიმ ჩენ ირი უარს ვერ იტყოდა - ეს არის უშიშროება, აგრესიაზე უარი და გარანტია, რომ ამჟამინდელ რეჟიმს არ შეცვლიან", ასეთ მოსაზრებას გამოთქვამს ამერიკელი პოლიტოლოგი სან-იო კიმი. ის ჩვენს კორესპონდენტთან საუბარში მომავალი 6-მხრივი მოლაპარაკების დანარჩენი მონაწილეების ინტერესებსაც შეეხო. თუმცა, მათზე საუბარს ამ სიუჟეტისათვის განკუთვნილი დრო ვეღარ დაიტევს. შეჯამების სახით კი შემოგთავაზებთ სან-იო კიმის ერთ ხატოვან გამონათქვამს, რომლითაც მან კორეის კრიზისთან დაკავშირებული დიპლომატიური ძალისხმევა შეაჯამა - "ბიჭები კარტს თამაშობენო"...
XS
SM
MD
LG