Accessibility links

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა მიმოხილვას დავიწყებთ გაზეთ "უოლ სტრიტ ჯორნალში" გამოქვეყნებული სტატიით,

რომლის ავტორი იან ბერმანი იმაზე ამახვილებს ყურადღებას, თუ რაოდენ ართულებს ამერიკა-რუსეთის ურთიერთობას მოსკოვ-თეირანის თანამშრომლობა ბირთვული ენერგეტიკის სფეროში. ამერიკელი ჟურნალისტი წერს:

"მოსკოვ-თეირანის ალიანსმა სერიოზული დაბრკოლება შეუქმნა შეერთებული შტატების ჰეგემონიას ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, ხოლო რუსეთს მიეცა კარგი შანსი უწინდელი გავლენა აღადგინოს შუა აზიის ახალდამოუკიდებელ ქვეყნებში. ბუშერის ბირთვული რეაქტორის მშენებლობაში მონაწილეობის პარალელურად, მოსკოვი ბალისტიკური რაკეტების შექმნაშიც დაეხმარა ირანს. თეირანმა რაკეტებით აღჭურვილი ხომალდები და საბრძოლო კრეისერები შეიძინა, და როგორც იუწყებიან, რაკეტები განათავსა თავის სამხრეთ სანაპიროზე. ვაშინგტონმა ანგარიში უნდა გაუწიოს ირანის სულ უფრო მზარდ ამბიციებს. თუმცა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ წარიმართება თეირანის ურთიერთობა მოსკოვთან".

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ტონი ბლერის ყოფილი მრჩეველი საგარეო-პოლიტიკურ საკითხებში რობერტ კუპერი ცდილობს გაარკვიოს რამდენად რეალისტურია ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების მცდელობა - დემოკრატიული მთავრობა შეიქმნას ერაყში. სტატიაში, რომელიც გაზეთმა "ინდეპენდენტმა" გამოაქვეყნა, რობერტ კუპერი წერს:

"მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, გერმანიასა და იაპონიაში დემოკრატია, შეერთებულ შტატებს არ დაუმყარებია. ორივე ქვეყანას დამოუკიდებლად ჰქონდა უკვე დაწყებული დემოკრატიზაციის რეფორმისტული პროცესი. ვაიმარის რესპუბლიკის კონსტიტუცია, გერმანიაში, უაღრესად ლიბერალური იყო და ერთ-ერთმა პირველთაგანმა ევროპაში, ქალებს მიანიჭა ხმის უფლება. იაპონიაში პროგრესული ლიბერალიზაცია მოხდა ტაიშოს პერიოდში, როცა დემოკრატიის პირველი ყლორტები გამოჩნდა. სამხრეთ კორეაში ყოველგვარი ჩარევის გარეშე მოხდა სამხედრო დიქტატურიდან დემოკრატიაზე გადასვლა. თაილანდს ჭეშმარიტი დემოკრატიისკენ აქვს აღებული გეზი; იგივე შეიძლება ითქვას ინდონეზიაზეც. ესპანეთმა, პორტუგალიამ და საბერძნეთმა გარედან ჩარევის გარეშე, დამოუკიდებლად შესძლეს დემოკრატიის დამყარება. რაც შეეხება ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებს, აქ, რუსეთის ჩაურევლობამ განაპირობა დემოკრატიის გამარჯვება. ასე რომ, სამხედრო ძალით არ ხდება დემოკრატიის დამყარება".

სტატიაში, რომელიც გაზეთმა "ინტერნეიშენალ ჰერალდ ტრიბიუნმა" გამოაქვეყნა, ცნობილი რუსი მწერალი ვიქტორ ეროფეევი მიიჩნევს, რომ რუსეთმა დღემდე ვერ შესძლო კომუნისტური მემკვიდრეობის მარწუხებიდან თავის დაღწევა. ეროფეევი წერს:

"ჩვენ არ ვირჩევთ ჩვენს ისტორიას, ისევე, როგორც მშობლები არ აგვირჩევია. ისტორიული წარსულის მივიწყება, თითქოს საქმე ახლო ნათესავს ეხებოდეს, სულაც არაა პატრიოტული შემწყნარებლობა; ესაა იდეოლოგიური სისუსტე, რაც ბოლოს, ძალადობის შემწყნარებლობით მთავრდება. ამ დღეებში წავიკითხე რუსი ნაციონალისტის მიერ ახლახან გამოცემული წიგნი, რომელშიც უარყოფილია ის ფაქტი, რომ 1940 წელს, კატინის ტყეში, სმოლენსკის მახლობლად, კაგებეს წინამორბედმა "ენკავედემ", ათი ათასზე მეტი პოლონელი ოფიცერი დახვრიტა. ავტორი იმეორებს სტალინის ამაზრზენ ტყუილს, რომ პოლონელი ოფიცრები თითქოს გერმანელმა ნაცისტებმა დახვრიტეს. ეს წიგნი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ რუსეთის ისტორია მოქმედ ვულკანად რჩება. წარსულის ლავა, უბრალოდ, ვერ მყარდება. მას შემდეგ, რაც გორბაჩოვმა პერესტროიკას მისცა დასაბამი, რუსეთის ისტორია, როცა მის მესვეურთ სიტყვის სრული თავისუფლება აქვთ მინიჭებული, ისეთივე გაურკვეველი რჩება, როგორც რუსეთის მომავალი. ტოტალიტარულ რეჟიმებს ღია ფერებში სჩვევიათ თავიანთი ისტორიის წარმოჩენა. რაც უფრო შეზღუდულია თავისუფლება, მით უფრო დიდებულია ქვეყნის ისტორია. ომისშემდგომი გერმანიის მაგალითზე დავრწმუნდით, როგორ შეიძლება ქვეყანამ თვალი გაუსწოროს წარსულს, აღიაროს საკუთარი დანაშაული, მოკავშირეთა დახმარებით ზურგი შეაქციოს ბოროტ იდეოლოგიას და ახალი ცხოვრება დაიწყოს. მეორეს მხრივ, ბორის ელცინის რუსეთი ვერა და ვერ გათავისუფლდა კომუნისტური მემკვიდრეობისგან. ლენინის მუმია კვლავაც მავზოლეუმშია გამოფენილი წითელ მოედანზე. შესაძლოა პოსტკომუნისტურ რუსეთში უფრო ინტენსიურად მოხდა სამოქალაქო საზოგადოების დეზინტეგრაცია, ვიდრე ომისშემდგომ გერმანიაში. მაგრამ რუსეთის ხელისუფლებამ "უმწეო" მოსახლეობის დაცვა დააყენა სამოქალაქო საზოგადოების შექმნაზე მაღლა. შედეგად ქვეყანაში გაგრძელდა მორალური კრიზისი, ეპიდემიური ხასიათი მიიღო კორუფციამ, განუკითხაობამ, და შეფერხდა სამოქალაქო საზოგადოების შექმნა. თავისუფალი რუსეთი ვერ ჩასწვდა საკუთარი თავისუფლების არსს".
XS
SM
MD
LG