Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელი დამცავ კედელს აშენებს იორდანეს დასავლეთ ნაპირზე


ანდრო ეული, პრაღა უკვე თითქმის ერთი წელია, რაც მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ისრაელი აშენებს გიგანტურ დამცავ კედელს, რომელსაც "უსაფრთხოების ზღუდეს" უწოდებს.

როგორც პალესტინელები აცხადებენ, მათ არაფერი აქვთ იმის საწინააღმდეგო, რომ ისრაელი საკუთარი უსაფრთხოების განმტკიცებას ესწრაფის, მაგრამ მათივე თქმით, ეს პალესტინელთა უფლებების შეზღუდვის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს.

კედლის მშენებლობა ისრაელმა ერთი წლის წინათ დაიწყო, როცა ისრაელში გახშირდა თავდასხმები პალესტინელ თვითმკვლელ ტერორისტთა მხრიდან. კედლის სიგრძე, თუ მშენებლობა დამთავრდა, დაახლოებით 350 კილომეტრი იქნება.

კედლის აგების მომხრეები აცხადებენ, რომ ისრაელს სრული უფლება აქვს, საკუთარი საზღვრები დაიცვას. ოპონენტები ეთანხმებიან ამ არგუმენტს, მაგრამ გაუმართლებლად მიიჩნევენ კედლის აშენებას უშუალოდ იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, რაც იზოლაციაში მოაქცევს პალესტინელებს და, ამდენად, ხელყოფს მათს მოქალაქეობრივ უფლებებს.

ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორის, ცნობილი პოლიტოლოგის ნათან ბრაუნის აზრით, კედლის აგება უამრავ პრობლემას შეუქმნის პალესტინელებს, თუმცა ბრაუნი ანგარიშს უწევს იმასაც, რომ ისრაელს საკუთარი უშიშროების განმტკიცება ესაჭიროება.

"რეგიონში მრავლად ირღვევა ადამიანის უფლებები. ისრაელის მოსახლეობას სრული უფლება აქვს, ისე იცხოვროს, რომ დაცული იყოს, და ხსენებული კედელიც სწორედ ამ უფლების დასაცავადაა გამიზნული. ასე რომ, ისრაელისთვის ეს, გარკვეულწილად, ადამიანის უფლებათა საკითხს უკავშირდებაო" - განაცხადა ჩვენი რადიოსთვის მოცემულ ინტერვიუში ნათან ბრაუნმა.

ხალიდ თურანი შეერთებულ შტატებში მცხოვრებ მუსლიმანთა მოძრაობის აქტივისტია. მისი აზრით, კედლის აგება უამრავ პრობლემას შეუქმნის იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მცხოვრებ პალესტინელებს. თურანიმ თქმით, ცალკეულ შემთხვევებში პალესტინელებს ერთი სოფლიდან მეორეში ჩასავლელად 80-მდე კილომეტრის გავლა მოუხდებათ, მაშინ, როცა ამ სოფლებს ერთმანეთისგან სულ ათიოდე კილომეტრი აშორებთ.

იმის საილუსტრაციოდ, თუ რაოდენ სერიოზულ სიძნელეებს შეუქმნის კედელი იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მცხოვრებ პალესტინელებს, ხალიდ თურანი სოფელ იაუსში შექმნილ ვითარებას აღწერს [ხალიდ თურანის ხმა]: "საცხოვრებელი სახლები სოფლის ერთ მხარესაა ჩამწკრივებული, ხოლო ქუჩის მეორე მხარეს მინდვრები, ფერმები, ზეთისხილის ბაღები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და სასმელი წყლის ჭებია. ახლა აშენებენ კედელს, რომელიც ორად გაყოფს იაუსს და ერთ მხარეს იქნება საცხოვრებელი სახლები, ხოლო მეორე მხარეს - მინდვრები, ნათესები და სასმელი წყლის ჭები."

ხალიდ თურანი აცხადებს, რომ არაფერი აქვს იმის საწინააღმდეგო, რომ ისრაელი უსაფრთხოების ზღუდეს აშენებს, თუმცა გაუმართლებლად მიაჩნია ამის გაკეთება პალესტინელთა ტერიტორიაზე. მისივე თქმით, ისრაელი, ფაქტობრივად, საზღვარს ავლებს ებრაულ სახელმწიფოსა და პალესტინელთა მომავალ დამოუკიდებელ სახელმწიფოს შორის და, შედეგად, მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ტერიტორიის 35 პროცენტი ისრაელის მფლობელობაში გადავა.

როგორც ხალიდ თურანი ამბობს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისრაელი ბოლოს ნაწილობრივ ან მთლიანად დაუბრუნებს პალესტინელებს ხსენებულ ტერიტორიას, ამას მოჰყვება ხმამაღალი განცხადება იმის შესახებ, რომ ისრაელი პალესტინელთა წინაშე უზარმაზარ ტერიტორიულ დათმობაზე წავიდა [ხალიდ თურანის ხმა]: "თუკი მათ კედლის აგება სურთ, კეთილი ინებონ და საზღვრის თავიანთ მხარეზე გააკეთონ ეს. ხოლო ისრაელის მთავრობამ საზღვრები, ფაქტობრივად, წინასწარ, ყოველგვარი მოლაპარაკების გარეშე განსაზღვრა."

ხოლო ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორი ნათან ბრაუნი ისრაელის პოზიციას ამართლებს და აცხადებს, რომ კედლის აშენება უშუალოდ საზღვარზე, ან ისრაელის მხარეზე, ტოლფასი იქნებოდა მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ცალმხრივად დათმობისა, მაშინ, როცა მოლაპარაკებისას პალესტინელებს რაიმე დათმობაზე წასვლა აღარ მოუხდებათ. ამასთანავე, დასძენს ბრაუნი, დაუცველი აღმოჩნდებოდნენ პალესტინელთა მხარეზე დარჩენილი ებრაული დასახლებები.

ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ორგანიზაცია "ჰიუმან რაიტს უოჩის" ექსპერტი მირანდა სისონი მიიჩნევს, რომ იმის მიუხედავად, თუ როგორ ასაბუთებს ისრაელი "უსაფრთხოების ზღუდის" აგებას, არ შეიძლება იმის უგულებელყოფა, რომ დღეს ჩვენ პალესტინელთა მოქალაქეობრივი უფლებების ხელყოფის მოწმენი ვართ.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა შეშფოთება გამოთქვა იორდანეს დასავლეთ ნაპირზე კედლის მშენებლობის გამო და ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებას, უბრალოდ, "პრობლემა" უწოდა.
XS
SM
MD
LG