Accessibility links

logo-print

ამერიკაში ბუშის პოპულარობა ეცემა


დავით პაიჭაძე, პრაღა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯორჯ ბუშს ბოლო დროს სულ უფრო ხშირად უტევენ მასმედიასა და კონგრესში ერაყის, ეკონომიკისა და სხვა საკითხების გამო.

მედია და პოლიტიკოსები ერიდებოდნენ ბუშის კრიტიკას 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ, როცა პრეზიდენტის პოპულარობა იზრდებოდა. ახლა კი ინტონაცია შეიცვალეს, რაც, შეიძლება, ბუშისადმი ახალი მიდგომას მოასწავებდეს.

პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციისადმი უფრო მკაცრი მიდგომის ნიმუშად გამოდგება ამ კვირაში სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა, სადაც აღმასრულებელი ხელისუფლება გააკრიტიკეს როგორც დემოკრატმა, ისე ბუშის თანაპარტიელმა რესპუბლიკელმა სენატორებმა. რას ვაკეთებთ ჩვენ ერაყში? - იკითხა რესპუბლიკელმა ლინკოლნ ჩაფიმ, რომელიც თეთრ სახლს ბრალს სდებს იმაში, რომ ერაყში ომის დასაწყებად გააბუქა ინფორმაცია სადამ ჰუსეინის ხელთ ვითოდაც არსებული მასობრივი განადგურების იარაღის შესახებ.

დემოკრატმა სენატორებმა ჯოზეფ ბაიდენმა და ბარბარა ბოქსერმა ბუშის ადმინისტრაცია გულწრფელობისა და პატიოსნების ნაკლებობაში დაადანაშაულეს და მოსთხოვეს, ზუსტად განსაზღვროს, რა ხარჯები მოელის შეერთებულ შტატებს ერაყში მომავალ, 2004 წელს.

ბუშის კრიტიკა კონგრესში დაემთხვა მზარდ კრიტიციზმს ამერიკულ მედიაში, რამაც განაპირობა კიდეც პრეზიდენტის პოპულარობის კლება საზოგადოებრივი აზრის უკანასკნელ გამოკითხვათა თანახმად. გელაპის მონაცემებით, ბუშის მხარდაჭერის რეიტინგი 58%-მდე დავიდა, როცა ერაყში ომის დაწყებისას 70% იყო.

ამერიკის ერთ-ერთი წამყვანი, საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი კომპანიის, “ზოგბი ინტერნეშნლის” მიმოხილვაში კი წერია, რომ ბუშის რეიტინგი 53%-მდე შემცირდა, ხოლო ამერიკელთა 46% ნეგატიურად აფასებს პრეზიდენტის მიერ მისი მოვალეობების შესრულებას. გასული წლის ოქტომბრის შემდეგ ეს 15%-ანი, ხოლო ამა წლის ივნისის შემდეგ - 5%-ანი ვარდნაა. კომპანიის პრეზიდენტმა, ჯონ ზოგბიმ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ბუშის “თაფლობის თვე”, როცა მას კრიტიკა არ ეკარებოდა, დასასრულს უახლოვდება:

073138 [ზოგბის ხმა]: “მისი საქმიანობის რეიტინგი არ არის მაღალი ეკონომიკის, გარემოსა და ჯანმრთელობის დაცვის, გადასახადების გამო, რაც მისი საშინაო პოლიტიკის ამოსავალი იყო. ასე რომ, თქვენ ნახავთ - პრეზიდენტობა რთული იქნება მომავალ წელს, როცა არჩევნები უნდა გაიმართოს”.

თუმცა, საზოგადოებრივი აზრის სხვა ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ბუშის რეიტინგის დაცემა მოულოდნელი არ ყოფილა და მნიშვნელოვან პრობლემას არ შეუქმნის მას მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. კეტრინ ბოუმანი კონსერავატული კვლევითი ცენტრის, American Enterprise Institute-ის წარმომადგენელია. რადიო თავისუფლებას მან განუცხადა, რომ ბუშის მხარდაჭერის რეიტინგი დაუბრუნდა ომამდელ დონეს. ბოუმანი ამბობს, რომ რეიტინგი აჭარბებს 50%-ს, რაც, თუ შენარჩუნდა, უზრუნველყოფს ბუშის ხელახლა არჩევას 2004 წელს. ბოუმანის აზრით, ბუშს მანევრირების ბევრი საშუალება აქვს, რაც ნიშნავს, რომ მომავალ არჩევნებამდე პრეზიდენტის რეპუტაციის გამყარება ან დაღმასვლა სხვადასხვა ფაქტორზე იქნება დამოკიდებული - უწინარესად, ერაყის კამპანიასა და ეკონომიკის გაუმჯობესებაზე.
XS
SM
MD
LG