Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიმირ პუტინი - ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი რუსეთში


დავით პაიჭაძე, პრაღა როგორც რუსეთში საზოგადოებრივი აზრის არაერთი გამოკითხვა ცხადჰყოფს, დღეს რომ ტარდებოდეს საპრეზიდენტო არჩევნები, სახელმწიფოს ამჟამინდელი მეთაური,

ვლადიმირ პუტინი, დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებდა. ავტორიტეტიანი არასამთავრობო ორგანიზაციის, “საზოგადოებრივი აზრის ფონდის” ინფორმაციით, პუტინს მიემხრობოდა ამომრჩეველთა თითქმის ნახევარი, 49 პროცენტი, მაშინ როცა პრეზიდენტობის დანარჩენი კანდიდატების საუკეთესო შედეგი - კომუნისტ გენადი ზიუგანოვის ამომრჩეველთა რიცხვი - 13 პროცენტს არ გადააჭარბებდა. აქვე უნდა ითქვას, რომ მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში 2004 წლის 14 მარტს გაიმართება.

ჩვენი რადიოს კორესპონდენტი, ვალენტინას მიტე იხსენებს, რომ ოთხიოდე წლის წინ პუტინი ერთი უფერული, რუსეთის პოლიტიკურ წრეებს მიღმა სრულიდან უცნობი ფიგურა იყო. მაგრამ 1999 წლის აგვისტოში ის პრემიერ-მინისტრად დანიშნა პრეზიდენტმა ბორის ელცინმა, ხოლო სულ რამდენიმე თვეში, 99 წლის დეკემბერში ელცინის მოულოდნელი გადადგომის შემდეგ პუტინი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის როლში აღმოჩნდა. 2000 წლის მარტში ის რუსეთის პრეზიდენტად აირჩიეს.

რა მიზეზები აქვს პუტინის თავბრუდამხვევ კარიერას და მის (ბევრი კოლეგისათვის შესაშურ) პოპულარობას მოსახლეობაში? უწინარეს ყოვლისა ეკონომიკური ფაქტორი უნდა დასახელდეს: პუტინს გაუმართლა დროის მხრივ - ის მაშინ ჩადგა ხელისუფლების სათავეში, როცა რუსეთი 1998 წლის ეკონომიკური კრიზისის შემდეგ ისევ ძალას იკრებდა. როგორც მოსკოვის “კარნეგის ცენტრის” თანამშრომელი, ნიკოლაი პეტროვი აღნიშნავს: [პეტროვის ხმა] “პუტინის პოპულარობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ხელსაყრელი ეკონომიკური ვითარება: ნავთობის ფასების მატება და 1998 წლის ეკონომიკური კრიზისის შედეგები, როცა ეკონომიკის ზრდა ყველასათვის შესამჩნევი გახდა”.

არადა რუსეთის ეკონომიკური აღმავლობა პუტინის დამსახურება არ იყოო, ამბობს მოსკოვში დაფუძნებული პოლიტიკურ ტექნოლოგიათა ცენტრის დირექტორის მოადგილე დმიტრი ორლოვი. თუმცა, მისივე თქმით, პუტინმა გააუმჯობესა საგადასახადო კოდექსი და ხელი შეუწყო ადმინისტრაციულ რეფორმას, რამაც თავის მხრივ, ხელსაყრელი პირობები შეუქმნა ეკონომიკურ სტაბილიზაციას. იმავდროულად, პუტინმა შეძლო, საკუთარ დამსახურებად წარმოეჩინა ეკონომიკური წინსვლა6 ასეთ აზრს რუსეთის ბრიტანელი ექსპერტი, პროფესორი ჯულიენ კუპერი გამოთქვამს: [კუპერის ხმა] “რუსეთში ბევრი ფიქრობს, რომ სამი-ოთხი წლის წინანდელი პერიოდის, ან იელცინის პერიოდის ბოლოსაგან განსხვავებით, ცხოვრება ნელ-ნელა, მაგრამ აშკარად უმჯობესდება”.

მეორე მხრივ, დაპირებებიდან, რომლებითაც ვლადიმირ პუტინი 2000 წელს გამოვიდა, ბევრი არ შესრულებულა. გავიხსენოთ: ის ჩეჩნური სეპარატიზმისათვის ბოლოს მოღებას აპირებდა, არადა ჩეჩნეთში ომი გრძელდება; ის ირწმუნებოდა, საერთაშორისო სარბიელზე რუსეთის სიტყვა დიდ წონას შეიძენსო, არადა ნატო რუსეთის საზღვრებამდე ფართოვდება, ერაყში ომი კი რუსეთის უარყოფითი დამოკიდებულების მიუხედავად დაიწყო.

მაგრამ რუსები პუტინს არაფერს აბრალებენ - “მასმედიაზე კონტროლის გამკაცრება პუტინს შესაძლებლობას აძლევს, გავლენა მოახდინოს საზოგადოებრივ აზრზეო”, ამბობს მოსკოველი მიმომხილველი ნიკოლაი პეტროვი და განმარტავს: ჩეჩნეთიდან ანგარიშგასაწევი რეპორტაჟები ან ომის კრიტიკა აღარ ისმის; პუტინმა ისიც კი მოახერხა, თავისი პოლიტიკური მიზნების სასარგებლოდ გამოეყენებინა შარშან შემოდგომაზე მოსკოვის თეატრალურ ცენტრში მომხდარი ტრაგედია - ტრაგედიამ, პუტინის ინტერპრეტაციით, დაადასტურა ჩეჩნეთში ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობა.

დაბოლოს, ლონდონის საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტის თანამშრომელი, ჯეიმს ნიქსი გვირჩევს, მაინცდამაინც შორს ნუ წავალთ პუტინის პოპულარობის მიზეზების ძიებისას, ვინაიდან მთავარი მიზეზი ისედაც ნათელია - “პუტინი ელცინი არ არის”. [ნიქსის ხმა] “ფაქტია, რომ პუტინი საღად აზროვნებს. არ სვამს და ელცინისაგან განსხვავებით, უსიამოვნო მოულოდნელობებს არ გვთავაზობს. ეს მას რუსეთში უჩვეულოდ პოპულარულს ხდის”.

მოკლედ, რუსებს უხარიათ, რომ ქვეყნის სათავეში დგას ახალგაზრდა, ფხიზელი, ძლიერი ლიდერი. მისი შეუსრულებელი დაპირებები ბევრს აღარ ახსოვს...
XS
SM
MD
LG