Accessibility links

logo-print

2000 წლიდან ევროპის საბჭოს კულტურული


2000 წლიდან ევროპის საბჭოს კულტურული

დეპარტამენტი ამიერკავკასიის რესპუბლიკებში ახორციელებს პროექტს, სახელწოდებით “სთეიჯი”, რომელიც დედაქალაქის მუნიციპალიტეტისთვის კულტურის პოლიტიკის ახლებურად ჩამოყალიბებას და შესაბამის დახმარებას გულისხმობს.
2002 წლის მარტში კრწანისში გაიმართა დებატები საქართველოს კულტურული პოლიტიკის შესახებ, თუმცა ევროსაბჭოს ექსპერტებთან ამ შეხვედრას ქვეყნის კულტურულ პოლიტიკაში, ფაქტობრივად, არაფერი შეუცვლია. ევროსაბჭოს ექსპერტები, როგორც ჩანს, მიახვედრეს, რომ ეროვნული კულტურის მდგომარეობა იმდენად კატასტროფულია, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით კულტურის რეანიმაცია შორეული მომავლის საქმეა. ამიტომ კულტურის განვითარების პროგრამა ევროსაბჭომ საქართველოს დედაქალაქით დაიწყო. გასულ კვირას თბილისს ეწვივნენ: ევროსაბჭოს კულტურის, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეების დეპარტამენტის ხელმძღვანელი დომენიკო რონკონი და ევროსაბჭოს კულტურის ექსპერტები -ჩარლზ ლანდრეი (დიდი ბრიტანეთი), მარია თეოდორუ (საბერძნეთი) და კორინა რაჩანუ (რუმინეთი).

“უკულტურო მასმედია გაქვთ,” - განაცხადა დომენიკო რონკონიმ ერთ-ერთ ოფიციალურ შეხვედრაზე, როცა ტელე და რადიოჟურნალისტებმა მას მოხსენების წაკითხვა არ აცალეს და ინტერვიუს ჩასაწერად მოიხმეს. რონკონის აუხსნეს, რომ ჟურნალისტები ინფორმაციის გადაცემას ჩქარობდნენ, მასალას ამზადებდნენ საღამოს გადაცემებისთვის, მოგვიანებით კი, ქართველ ჟურნალისტებთან ევროსაბჭოს ექსპერტთა შეხვედრაზე, გაირკვა, რომ ჩვენი მასმედიის კულტურული პოლიტიკა სწორედ ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს. ევროსაბჭოს ექსპერტებს აუხსნეს, რომ დამოუკიდებელ ტელევიზიებს შორისაც არ არსებობს რუსული “კულტურას”, თუ ფრანგულ-გერმანული “არტეს” მსგავსი, რომ საქართველოში უამრავი რადიოსადგურია, მაგრამ არავინ ფიქრობს კლასიკური მუსიკის რადიოსადგურის გახსნაზე, რომ კულტურის განხილვა ფართოდ საქართველოს ტელევიზიის არც ერთ არხზე არ ხდება. ჟურნალისტ სალომე დადუნაშვილის თქმით:

[სალომე დადუნაშვილის ხმა] “გაზეთებში კიდევ იბეჭდება ხოლმე სტატიები. რაც შეეხება ტელევიზიას, კულტურა, ძირითადად, შუქდება საინფორმაციო სამსახურებში, ისიც -მწირად. საინფორმაციო სამსახური დღეში სამ წუთს აძლევს ჟურნალისტს იმისთვის, რომ დღის განმავლობაში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტი გადაიღოს და დააფიქსიროს...”

ჩვენი ჟურნალისტების აზრით, კულტურის მიმართ ქართული მასმედიის ასეთი გულგრილობა განაპირობა არა იმან, რომ არ არსებობს მოთხოვნილება მაღალი დონის ხელოვნებაზე, არამედ, საერთოდ, კულტურული პოლიტიკის უქონლობამ, პროფესიული კრიტიკის დაბალმა დონემ. ჟურალისტმა თეონა გეგელიამ აღნიშნა, მაგალითად, რომ ერთ პოპულარულ გამოცემაში ახლგაზრდა ჟურნალისტი აშუქებს კულტურის საკითხებს, თავდაცვას და “ცხელ წერტილებს”. გაზეთის გამომცემლისთვის ეს ყველაზე კარგი გამოსავალია - კულტურის გაშუქებით ფული იზოგება. ევროსაბჭოს ექსპერტებთან შეხვედრაზე ისაუბრეს აგრეთვე ხელისუფლების, ბიზნესმენების, შეიძლება ითქვას, ცინიკურ დამოკიდებულებაზე იმ ჟურნალ-გაზეთების მიმართ, რომელშიც კულტურა შუქდება. არსებითად, ასეთი სახის პრესა საქართველოში აღარ არსებობს. ფაქტობრივად, შეწყდა გაზეთ “ქართული კულტურისა” და ჟურნალ “კულტურის” გამოცემა. კულტურის სფეროში მომუშავე ჟურნალისტებმა გაიხსენეს ხალხით სავსე დარბაზები სიმფონიური მუსიკის ცენტრში, გაიხსენეს ნინო ქათამაძის ამასწინანდელი კონცერტი -მიუხედავად იმისა, რომ კონცერტის ბილეთი 50 ლარი ღირდა, ხალხი რიგში იდგა დარბაზში შესაღწევად. ჟურნალისტ თეონა გეგელიას თქმით:

[თეონა გეგელიას ხმა] “უცხოეთში კულტურულ-განმანათლებელი ფუნქცია საზოგადოებრივ ტელეარხს აქვს აღებული. კერძო ტელეკომპანიას ამას ვერც მოსთხოვ... ჩვენთან ტელევიზიებთან დაკავშირებული პრობლემები საკანონმდებლო დონეზეც არ არის დაწერილი და ჩამოყალიბებული.”

ევროსაბჭოს ექსპერტებს თბილისში უამრავი შეხვედრა ჰქონდათ - თბილისის მერიის კულტურის სამსახურში, სახელმწიფო კანცელარიაში, პარლამენტში, “კავკასიურ სახლში”, შეხვედრები არასამთავრობო ორგანიზაციების მესვეურებთან. მათი აზრით, ჯერჯერობით ქვეყანას არათუ კულტურული სტრატეგია, არამედ ელემენტარული პრობლემები არა აქვს მოგვარებული. ჩარლზ ლანდრეის თქმით:

[ჩარლზ ლანდრეის ხმა]“კულტურული ტურიზმი... შეიძლება თუ არა სადმე ვიშოვოთ თბილისის რუკა?.. აღმოჩნდა, რომ ასეთი რუკის შოვნა ძალიან ძნელია. გამოდის, რომ ძნელია მიიღო ინფორმაცია თბილისის შესახებ.”

ჩარლზ ლანდრეის თქმით, კულტურის მოღვაწეებმა უამრავ ქალაქში დაანახვეს პოლიტიკოსებს, ხელისუფლებას კულტურის აუცილებლობა. გლაზგოში, მაგალითად, კულტურის მუშაკებმა რამდენიმე წელი იმუშავეს სპეციალურ გამოკვლევაზე, რომელმაც დაარწმუნა ქალაქის ხელმძღვანელობა, რომ კულტურა არ არის “ტვირთი” ხელისუფლებისათვის...პირიქით, კულტურას შეუძლია დააჩქაროს ქალაქის, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, აამაღლოს ხალხის ცხოვრების დონე, ხელი შეუწყოს თუნდაც ტურიზმის განვითარებას. ევროსაბჭოს ექსპერტები ამტკიცებენ, რომ თბილისს ამის უამრავი შესაძლებლობა აქვს, რადგან მსოფლიოში ბევრი არაა ქალაქი, რომელიც ასეთი მულტიკულტურული სიჭრელით, მრავალფეროვნებით გამოირჩეოდეს. თუმცა ევროსაბჭოს ექსპერტები ადასტურებენ, რომ საქართველოს დედაქალაქი ნელ-ნელა კარგავს ამ სახეს. ჩარლზ ლანდრეის თქმით:

[ჩარლზ ლანდრეის ხმა] “20-იან წლებში თბილისს ჰქონდა მიზიდულობის ძალა, რომელსაც განსხვავებული კულტურების სინთეზი ქმნიდა. შეიძლება სწორედ ეს იყოს დანახული, როგორც თბილისის მომავალი. მე აქ არ ვგულისხმობ რაღაც ნოსტალგიურ გრძნობებს, ვგულისხმობ იმას, რომ ხალხს ვუთხრათ - ხომ შეიძლება ასეთივე სახე შეიძინოს თბილისმა ახლაც.”

მაგრამ ხალხს ამას არავინ ეუბნება. როგორც გაზეთ “ალიას” კულტურის მიმომხილველი რეზო შატაკიშვილი აღნიშნავს:

[რეზო შატაკიშვილის ხმა]“საქართველოში კულტურა ახსენდებათ არჩევნების წინ.”

არჩევნების წინ ახსენდებათ, მაგრამ, ხელოვნებათმცოდნე ნანა ყიფიანის აზრით, ასეთ გახსენებას სჯობს საერთოდ არ გაიხსენონ... ნანა ყიფიანი იხსენებს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ექსპოზიციას, კერძოდ, მუზეუმის მესამე სართულზე გამოფენილ ექსპონატებს, სადაც დამთვალიერებელი ვერ ნახავს თბილისში მოღვაწე სომეხი, რუსი მოდერნისტების ნამუშევრებს, ზდანევიჩების სურათებს. ნანა ყიფიანის აზრით, უკვე გაკეთდა ყველაფერი, რათა ქართულ კულტურას ეს მულტინაციონალური ხიბლი დაეკარგა. მისი თქმით:

[ნანა ყიფიანის ხმა] “ქართული კულტურის მარგინალიზაცია მოხდა, რადგან ქართული კულტურა აჩვენეს არა როგორც მულტიკულტურული, არამედ ეთნიკური, ლოკალური პატარა კულტურა...მოაცილეს ის გვარები, რომლებიც გაამდიდრებდნენ ამ კულტურას. ეს ძალიან საინტერესო პოლიტიკაა... ამიტომ მე ვერ ვიტყვი, რომ კულტურა დღეს არ არის პოლიტიზირებული.”

ევროსაბჭოს ექსპერტებს, ცოტა არ იყოს, გაუკვირდათ კიდეც, რომ საქართველოში დღეს არ ცდილობენ კულტურის საერთო ტენდენციებში გარკვევას, იმის გაგებას, თუ რა სახის კულტურა აქვს დღეს საქართველოს, მოსწონს თუ არა მოსახლეობას (სპეციალისტებზე რომ არაფერი ვთქვათ) საქართველოს დედაქალაქის დღევანდელი სახე. დაგვაიმედა რუმინელმა ექსპერტმა კორინა რაჩანუმ, რომელმაც აღნიშნა, რომ დღევანდელი სიტუაცია ქართულ კულტურაში აგონებს 5-7 წლის წინანდელ რუმინეთს, სადაც ხელისუფლება კულტურის გადარჩენაზე ლაპარაკობდა, მაგრამ არაფერს აკეთებდა ამისთვის. კულტურის გადარჩენაზე ზრუნვა, ბოლოს და ბოლოს, ისევ ხალხმა დაიწყო... ევროსაბჭო გვპირდება, რომ აიძულებს საქართველოს ხელისუფლებას არა სიტყვით, არამედ საქმით დაამტკიცოს, რომ კულტურა მისთვის ჯერ კიდევ პრიორიტეტული სფეროა. დომენიკო რონკონის თქმით:

[დომენიკო რონკონის ხმა] “ევროპის საბჭოსათვის დღეს წარმოუდგენელია პოლიტიკური წარმატების მიღწევა, თუ ქვეყანაში არ არის ნორმალური კულტურა... ევროპის საბჭო ეუბნება კულტურის მინისტრებს, რომ ისინი ვალდებულები არიან შეიმუშაონ მექანიზმები, რომლითაც ნორმალურად უნდა წარიმართოს კულტურის მართვა.”

და თუ კულტურის მინისტრებმა ევროსაბჭოს რჩევა არ გაითვალისწინეს, ეს ორგანიზაცია მაინც არ მიატოვებს ქართველ ხალხს - დაეხმარება, როგორც ცოტა ხნის წინ რუმინეთში... მაგრამ ამისათვის ხალხმა უნდა მოინდომოს, რომ ჰქონდეს... კულტურა.
XS
SM
MD
LG