Accessibility links

logo-print

ერაყის ნავთობის მრეწველობის პერსპექტივები გაურკვეველია


საერთაშორისო ნავთობკომპანიები ახალ კონტრაქტებს აფორმებენ ერაყის ნავთობის შესასყიდად, რაც, ანალიტიკოსების აზრით, ერაყის ნავთობის მრეწველობისადმი ნდობის აღდგენის ნიშანია.

მაგრამ კვლავაც დიდია ეჭვი იმის თაობაზე, შეძლებს თუ არა ერაყი ნავთობის მრეწველობის რადიკალურად გაუმჯობესებას ქვეყნის აღდგენისთვის საჭირო ხარჯების დასაფარად. გაგაცნობთ ჩვენი კორესპონდენტის, ჩარლზ რეკნაგელის სტატიას ამ თემაზე.

ზემოხსენებული ახალი კონტრაქტები ნავთობმრეწველობის სამომავლო განვითარებაზეა გათვლილი. ეს პირველი შემთხვევაა ომის შემდეგ, რომ ნავთობკომპანიები ყიდულობენ არა უკვე მოპოვებულ ნავთობს, არამედ მომავალზე აკეთებენ გათვლას.

მაგრამ როგორც ნავთობის მრეწველობის ექსპერტმა, ჯერალდ ბატმა უთხრა ჩვენს რადიოს, უფრო გამართლებული იქნებოდა ფრთხილი ოპტიმიზმი. მართალია, ერაყში ნავთობის წარმოება დრამატულად გაიზარდა მარტი-აპრილის საომარი მოქმედებების დროინდელი ჩავარდნის შემდეგ, მაგრამ მისი მოცულობა შორს არის ომამდელი დონიდან, რომელიც ორნახევარ მილიონ ბარელს აღწევდა დღეში. ის, რაც ომს გადაურჩა, ომის შემდეგ დარბევებმა, საბოტაჟმა და მაროდიორობამ მოშალა.

უსაფრთხოების სფეროში არსებული ეს პრობლემები შეუძლებელს ხდის იმის წინასწარმეტყველებას, თუ რამდენად შეიძლება გაიზარდოს ნავთობის მრეწველობა უახლოესი თვეების მანძილზე. ერაყელი ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ დღეში 2 მილიონ ბარელამდე აიყვანენ ექსპორტს. მაგრამ, მრავალთა აზრით, ეს მიზანი არარეალისტურია. იმავე ბატის აზრით, მილიონნახევარი ბარელი უფრო ახლოს უნდა იყოს სინამდვილესთან.

უსაფრთხოების პრობლემების გამო ერაყს ამჟამად მხოლოდ სამხრეთში მდებარე ნავთობსაბადოებიდან შეუძლია ექსპორტის წარმოება. ჩრდილოეთის ნავთობსადენი, რომელიც ქირქუქის რაიონიდან თურქეთის ქალაქ ჯეიჰანამდე გადის, ჯერაც ვერ ახერხებს ნავთობის ტრანსპორტირებას.

ვაშინგტონისთვის ერაყის ნავთობის მრეწველობის აღდგენას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის აღგდგენის საქმეში. ერაყის ამერიკული სამოქალაქო მმართველობის ხელმძღვანელის, პოლ ბრემერის ვარაუდით, წლის ბოლომდე ერაყში მილიონნახევარ ბარელ ნავთობს აწარმოებენ, რამაც დაახლოებით 3 მილიარდ 500 მილიონი დოლარი მოგება უნდა მოუტანოს ქვეყანას. მაგრამ ამ დღეებში სენატში გამოსვლისას შეერთებული შტატების მთავრობის მენეჯმენტისა და ბიუჯეტის სამსახურის დირექტორმა, ჯოშუა ბოლტონმა განაცხადა, რომ ერაყის ადღგენა მარტო მიმდინარე წელს 7 მილიარდ 300 მილიონი დოლარი დაჯდება. ამას ემატება ქვეყანაში ამერიკის 150 ათასიანი ჯარის ყოფნასთან დაკავშირებული ხარჯები, რაც თვეში 4 მილიარდ დოლარს აღწევს.

ვითარებას ართულებს ის, რომ უახლოეს მომავალში ერაყის ნავთობის მრეწველობის აღდგენა მთლიანად შეერთებულ შტატებზე და ერაყის აღდგენით დაინტერესებულ სხვა ქვეყნებზე იქნება დამოკიდებული და არა საერთაშორისო ნავთობკომპანიების ინვესტიციებზე.

[ბატის ხმა] "შეუძლებელია ველოდეთ ხანგრძლივ პერსპექტივაზე გათვლილ ინვესტიციებს დაზვერვითა და პროდუქციის გაფართოებით. საჭიროა კანონიერი მთავრობა, რათა შესაძლებელი გახდეს დაზვერვისა და პროდუქციის სფეროში ამ ხანგრძლივი პერსპექტივის კონტრაქტების ხელმოწერა", მიაჩნია ბატს.

ასე რომ, ერაყის ნავთობის მრეწველობა პირდაპირაა დაკავშირებული ქვეყნის პოლიტიკურ მოწყობასთან. პოლ ბრემერის თანახმად, საყოველთაო არჩევნები ერთი წლის განმავლობაში შეიძლება ჩატარდეს. მაგრამ, მისი თქმით, საბოლოო თარიღი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მოახერხებს ერაყის დროებითი მმართველი საბჭო საამისო ნიადაგის შემზადებას, მათ შორის ახალი კონსტიტუციის მიღებას.

25-კაციანი საბჭოს მუშაობას ჯერჯერობით ძალაუფლებისთვის ბროლა აფერხებს. ორკვირიანი ჭოჭმანის შემდეგ, გასულ კვირაში საბჭომ გადაწყვიტა როტაციის პრინციპზე დამყარებული ცხრაწევრიანი პრეზიდიუმი შემოეღო.
XS
SM
MD
LG