Accessibility links

logo-print

დასავლეთ ევროპელებს სჯერათ თავიანთი ეკონომიკური მომავლის


"ახალი ევროპის" დღევანდელ გამოშვებაში

გლობალურ ეკონომიკაზე გესაუბრებით. უკვე მესამე წელია გრძელდება გლობალური ეკონომიკის დაცემა. მომავლის შესახებ არის როგორც კარგი, ისე ცუდი პროგნოზები. ბევრი მიმომხილველის აზრით, დასავლეთი ევროპა მსოფლიოს უძლიერესი ეკონომიკის მქონე შეერთებულ შტატებს მისჩერებია და მისგან ეკონომიკური დაცემიდან გამოსავალს ელის. თუმცა, ზოგიერთ ექსპერტს სრულებითაც არ მიაჩნია, რომ ბოლო ათწლეულის მანძილზე შეერთებული შტატების ეკონომიკა ევროკავშირისაზე უკეთესად ვითარდებოდა და შესაბამისი არგუმენტებიც მოჰყავს.

როცა დასავლეთი ევროპის ეკონომიკურ წარმატებაზეა საუბარი, უმეტესობა ჩვენგანს უპირეველესად ბოლო დროს ერთიანი ევროპული ვალუტის - ევროს გაძლიერება გვახსენდება, თუმცა, ძნელია იმის შეფასება ევროს გაძლიერებამ ევრო-ზონის ქვეყნებს დღემდე უფრო მეტად არგო, თუ ავნო. ერთი რამ ცხადია მიმდინარე წელს შეერთებული შტატების დოლართან მიმართებაში ევროს გაძლიერებამ ცხოვრება გაურთულა ევროზონის ექსპორტიორებს, რადგან მათი პროდუქცია არა-ევროზონის ქვეყნებში გაძვირდა. არანაკლები საფიქრალი გაუჩინა ევროს გაძლიერებამ ტურიზმის სფეროში მომუშავე კომპანიებსაც. პარიზის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ექსპერტი ლორენს ბუნი ევროს გაძლიერებას ასე აფასებს: [ბუნის ხმა] "მედალს ორი მხარე აქვს. ერთი არის ის, რომ თუკი ევროს გაძლიერება ასევე გაგრძელდება, რაც უკვე აღარ ხდება, ის დასჯის ექსპორტიორებს მათ პროდუქციაზე ფასების გაზრდით. მეორეს მხრივ, ეს ხელს უწყობს ინფლაციის კონტროლს. როცა ინფლაცია მცირდება, არის მეტი შანსი, რომ ევროპის ცენტრალურმა ბანკმა დაწიოს საპროცენტო განაკვეთი, რითაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის ზრდას".

შეერთებულ შტატებში ეკონომიკის ბოლო დაცემა 2001 წლიდან დაიწყო, ეს პროცესი კიდევ უფრო გაამწვავა 11 სექტემბრის ტერაქტმა. მსგავსი პროცესი მაშინვე დაიწყო მსოფლიოს დანარჩენ ნაწილში, განსაკუთრებით ძლიერად კი დასავლეთ ევროპაში, რომელიც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული შეერთებული შტატების ბაზარზე, როგორც კაპიტალის წყაროზე. ლორენს ბუნი ევროზონის 12 ქვეყნის ერთ-ერთი ბოლო კვლევის თანაავტორია. ბუნი და მისი კოლეგები აცხადებენ, რომ ევროზონის ეკონომიკური აღმავლობა მიმდინარე წელსვე დაიწყება: [ბუნის ხმა] "ახლა საერთაშორისო ეკონომიკაში ნაკლები ბუნდოვანებაა, ვიდრე ექვსი თვის წინ იყო ერაყის გამო; შეერთებული შტატებიც იძლევა ნიშანს, რომ იქ ეკონომიკური ზრდა დაიწყება, ასე რომ, ჩვენ კვლავ გვჯერა, რომ მიმდინარე წლის ბოლოსთვის ევრო-ზონაშიც მდგრადი აღმავლობა დაიწყება".

რაც შეეხება გლობალური ეკონომიკის მდგომარეობისა და პერსპექტივის შესახებ დღეს არსებული პოპულარული მოსაზრებების საპირისპირო აზრს: ევროპელი ეკონომისტი ფილიპ ლეგრანი არ მიიჩნევს სამართლიანად გავრცელებულ შეხედულებას შეერთებული შტატების ეკონომიკის დომინირებაზე. ლეგრანის აზრით, ხშირ შემთხვევაში შეუძლებელიც კია შტატებისა და დასავლეთი ევროპის ეკონომიკის შედარება. ფილიპ ლეგრანი აცხადებს, რომ არასწორი სურათი იქმნება, როცა შტატების ეკონომიკურ მაჩვენებლებს ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს ადარებენ: მაგალითად, როცა საუბარია შრომის ნაყოფიერების ზრდაზე - ეს მაჩვენებელი შეერთებულ შტატებში 1995 წლიდან წლიურად 1,9 პროცენტით იზრდება, ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელი კი 1,3 პროცენტია. თუმცა, ევროკავშირის ხუთ ქვეყანაში: ბელგიაში, ავსტრიაში, ფინეთში, საბერძნეთსა და ირლანდიაში შრომის ნაყოფიერების ზრდის მაჩვენებელი ბევრად მაღალია და ხშირად ორჯერ და მეტად აღემატება შტატებისას.

ფილიპ ლეგრანი ხაზს უსვამს შეერთებული შტატების ეკონომიკის ზრდის თანმდევ რამდენიმე ფაქტორს: ევროპისაგან განსხვავებით, სადაც მოსახლეობის ზრდის ტემპი ძალიან შემცირდა, შტატების მოსახლეობა ბოლო რვა წლის მანძილზე თითქმის ერთი მეათედით გაიზარდა. "ასე რომ", - ასკვნის ლეგრანი, - "მართალია ამერიკის ნამცხვარი უფრო სწრაფად იზრდება, იზრდება გამოსაკვებთა რაოდენობაც. და არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ადამიანების უმეტესობას ეკონომიკურ ზრდაზე უფრო ცხოვრების დონის ამაღლება ადარდებს". ფილიპ ლეგრანს მოყავს ცხოვრების დონის ზრდის ბოლო სამი წლის მაჩვენებელი, რომელიც მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლით იზომება. ცხოვრების სტანდარტები ბოლო სამ წელიწადში ევროკავშირში თითქმის 6 პროცენტით, შეერთებულ შტატებში კი ერთი პროცენტით გაიზარდა.

ლეგრანი აღიარებს, რომ შეერთებულ შტატებს აქვს სამუშაო ადგილების შექმნის უდიდესი უნარი, მაგრამ მიაჩნია, რომ ევროკავშირის უმუშევრობის საშუალო დონე არ არის კატასტროფული. იმავე ექსპერტის აზრით, ამერიკელთა მოლოდინი, რომ მათი ეკონომიკის მომავალი ევროპისაზე ნათელია, ხელს უშლის ამერიკელებს საკუთარი ნაკლოვანებების დანახვაში. ლეგრანი ცდილობს იმის დამტკიცებასაც, რომ მაღალი გადასახადების გონივრულად გამოყენების შემთხვევაში შეიძლება ეკონომიკური ზრდის ხელშწყობა. "კარგად განათლებული, ჯანმრთელი მუშები, რომლებიც მატარებლებს სამსახურში დროულად მიჰყავთ - მხოლოდ პლუსებია", - ამბობს იგი.

ფილიპ ლეგრანის პოზიციას, ევროკავშირის ეკონომიკის მომავალზე მის ოპტიმიზმს ვგულისხმობ, ამაგრებს გერმანიის ეკონომიკის კვლევის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევაც, რომელმაც აჩვენა, რომ ევროზონის ბიზნეს-ლიდერებისა და მომხმარებლების რწმენა ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესებაში ძალიან მაღალია, რაც ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვან ფაქტორად არის მიჩნეული.
XS
SM
MD
LG