Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ურბანიზაციის დრამატული დემოგრაფიული ფენომენი


დედამიწის მოსახლეობის ზრდით გამოწვეული სოციალური თუ ჰუმანიტარული პრობლემები საერთაშორისო ორგანიზაციების სულ უფრო მზარდ ყურადღებას იპყრობს.

ამ პრობლემის ერთ- ერთ ასპექტზე, კერძოდ, სოფლის მოსახლეობის კლების ხარჯზე, ქალაქებში მცხოვრებთა რიცხვის თვლშისაცემ ზრდაზე, რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტ დონ ჰილის მიერ მომზადებული მასალის პირველი ნაწილი ორშაბათს გაგაცანით. ურბანიზაციის ტემპების შემდგომი ზრდის შემთხვევაში მოსალოდნელ დემოგრაფიულ პრობლემებს ეძღვნება დონ ჰილის მეორე წერილი, რომელსაც ქვემოთ გაგაცნობთ.

ჯოზეფ ჩეიმის, გაეროს მოსახლეობის განყოფილების ხელმძღვანელის თქმით, დემოგრაფია შეისწავლის პრობლემებს, რომლებიც, საბოლოო ჯამში, უფრო მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ცივილიზაციაზე, ვიდრე ნებისმიერი ომი, ბუნებრივი კატასტროფა თუ ტექნიკის სიახლე.

მეცნიერების ეს დარგი იკვლევს ისეთ პრობლემებს, როგორიცაა მოსახლეობის განსახლება, ადგენს, თუ რამდენი ადამიანი ცხოვრობს ჩვენს პლანეტაზე ან რამდენი ადამიანის დატევა შეუძლია დედამიწას, და რა მოხდება, როდესაც ქვეყანა მხოლოდ მშრომელთა მცირე რაოდენობის კისერზე დარჩება.

მაგრამ რაკი ამ პროცესს არაფერი აქვს საერთო სკანდალთან და ხმაურთან, ბომბის აფეთქება, მიწისძვრა ან კოსმოსში რაკეტის გაშვება რომ იწვევს, ამიტომ პრესა, პოლიტიკური ლიდერები და საზოგადოება დემოგრაფიულ სტატისტიკას ხშირად ყურადღების ღირსადაც არ თვლიან.

[ჯოზეფ ჩეიმის ხმა] "მაგალითად, მოსახლეობის დაბერება გრძელვადიანი პროცესია, საზარელი, სეისმური ეფექტის მქონე ჩვენი კულტურისა და საზოგადოებისთვის. და ხშირად პოლიტიკური ლიდერები, მიმომხილველები და პრესა უგულებელყოფენ ამ პრობლემას. ითვლება, რომ ეს ყველაფერი იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რომ ახალი ამბების გამოშვებებში მოხვდეს."

ან სხვა პრობლემა ავიღოთ. გაეროს მოსახლეობის განყოფილების ცნობით, დასავლეთის რიგ ქვეყნებში, ქალების ძალიან მცირე რაოდენობას ჰყავს ორ ბავშვზე მეტი, რაც საჭიროა მოსახლეობის არსებული დონის შესანარჩუნებლად. ეს კი ნიშნავს, რომ სულ უფრო შემცირდება იმ მწარმოებლის ხვედრითი წილი, რომლებიც გადასახადებს იხდიან და დოვლათს ქმნიან.

თურმე ნუ იტყვით და, განვითარებულ ქვეყნებში უმაღლესი განათლების დონე იწვევს სწრაფვას კომფორტული ცხოვრებისკენ, რაშიც ზოგიერთს ბავშვი ხელს უშლის, მაშინ როდესაც ხელმისაწვდომია ყველა სახის ინფორმაცია ოჯახური ცხოვრების დაგეგმვისათვის. არადა, როგორც გაეროს მოსახლეობის განყოფილების მიერ ჩატარებული გამოკვლევა ცხადყოფს, ჩვეულებისამებრ, რაც უფრო მაღალია განათლების დონე, მით უფრო დაბალია შობადობა.

ეს ფენომენი ყველაზე აშკარად არის გამოკვეთილი აღმოსავლეთ ევროპასა და რუსეთის ფედერაციაში, სადაც მოსახლეობა დრამატულად მცირდება. იქ არსებული განათლების მაღალი დონე გადაჯაჭვულია სიღატაკესთან, რაც კომუნისტურიდან საბაზრო სისტემაზე გარდამავალ პერიოდს მოჰყვა. ჯოზეფ ჩეიმის თქმით, ამ ქვეყნებში ადამიანებმა იციან, რომ თავს უფლებას ვერ მისცემენ შექმნან ოჯახი, ან იყოლიონ ბავშვები.

მაგრამ ისევ და ისევ უყურადღებობას შეიძლება დაბრალდეს, რომ ამ პრობლემის მიმართ საზოგადოებრივი აზრი არ არის კრიტიკული. გაეროს ინფორმაციით, ბევრ ქვეყანას მომლოდინე პოზიცია უკავია და იმედი აქვს, რომ პრობლემა თავად მოგვარდება. ცალკეული ქვეყნები, მაგალითად იაპონია, შეუერთდნენ პროგრამას, რომელიც შობადობის დონის გაზრდისთვის ხელშეწყობას ითვალისწინებს. ჩეხეთის რესპუბლიკა და ზოგიერთი სხვა კი ემიგრანტების გამოყენებით ცდილობენ ახალგაზრდა მუშახელის პრობლემის მოგვარებას. მაგრამ გაეროს მოსახლეობის განყოფილების ხელმძღვანელის, ჯოზეფ ჩეიმის თქმით, მიგრაცია ამ პრობლემას ვერ გადაჭრის.

კიდევ ერთი დემოგრაფიული ფენომენი, რომელზეც ჩეიმი ამახვილებს ყურადღებას, ქალის სტატუსის შეცვლაში მდგომარეობს.

[ჯოზეფ ჩეიმის ხმა] "ამ ცვლილებას, რაც ხდება, განსაკუთრებული მნიშვნელობა და ვეებერთელა გავლენა აქვს დემოგრაფიულ მდგომარეობაზე. ქალი, მეუღლესთან ერთად, სულ უფრო ღრმად ხდება ინტეგრირებული შრომით პროცესში. იგი მოწყდა კერას და, ვფიქრობ, ეს არის ოჯახის ინსტიტუტის ტრანსფორმირების ძირითადი მიზეზი."

ჩეიმი ამბობს, რომ მოსახლეობის ურბანიზაცია არის დრამატული დემოგრაფიული ფენომენი და ისინი ერთმანეთთან მიზეზ-შედეგობრივ კავშირში იმყოფებიან. გაეროს მოსახლეობის განყოფილების პროგნოზით, 2007 წელს, კაცობრიობის ისტორიაში პირველად, უფრო მეტი ხალხი იცხოვრებს ქალაქად, ვიდრე სოფლად. ამ ცვლილებას შედეგად მოყვება კვების წარმოების ინდუსტრიალიზაცია, რომლის დროსაც მხოლოდ რამდენიმე ადამიანს მოუწევს დიდი რაოდენობით ხალხის გამოკვება.

თუმცა, ადამიანის არსებობასთან დაკავშირებული პრობლემებიდან გამოსავალი, თავად ადამიანის ხელთაა. ამ რეალობამ, ჩეიმის თქმით, უნდა დააფიქროს პოლიტიკური ორგანიზაციები, რომლებსაც, თავის მხრივ, შეუძლიათ საკუთარ მთავრობებს მუშაობის ეფექტიანობის ამაღლება მოსთხოვონ. თუ ასე არ მოხდა, ყველაფერი დამღუპველ თვითდინებაზე დარჩება მიშვებული.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG