Accessibility links

ფხენიანი მრავალმხრივ მოლაპარაკებაზეა თანახმა თავისი ბირთვული პროგრამის საკითხში


ანდრო ეული, პრაღა ჩრდილოეთმა კორეამ პოზიცია შეიცვალა და აცხადებს, რომ მზად არის, თავისი ბირთვული პროგრამის თაობაზე მრავალმხრივი მოლაპარაკება დაიწყოს აშშ-თან, ჩინეთთან, რუსეთთან,

სამხრეთ კორეასა და იაპონიასთან. რაც შეეხება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესა და ვაშინგტონის დესპანს ფხენიანთან ურთიერთობის საკითხებში ჯონ ბოლტონს, ჩრდილოეთი კორეა უარს ამბობს მასთან მოლაპარაკებაზე. ეს არც არის გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ, რომ ბოლტონმა გასულ კვირაში ჩრდილოეთ კორეაში ცხოვრებას "ჯოჯოხეთური კოშმარი" უწოდა, ხოლო ამ ქვეყნის პრეზიდენტი კიმ ჩენ ირი "ტირანად" და "დიქტატორად" მონათლა.

ჩრდილოეთი კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორშაბათს გამოაცხადა, რომ ხსენებული ექვსმხრივი მოლაპარაკება სექტემბრის დასაწყისში გაიხსნება პეკინში. შეერთებული შტატები თვეების მანძილზე მოითხოვდა მრავალმხრივ მოლაპარაკებას, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ფხენიანი. და აი, ბოლოს, ჩრდილოეთმა კორეამ შეიცვალა პოზიცია და დათანხმდა მრავალმხრივ მოლაპარაკებას მიუხედავად იმისა, რომ ჯონ ბოლტონმა აუგად მოიხსენია ამ ქვეყნის ლიდერი კიმ ჩენ ირი.

ბრიტანეთის ქალაქ ლიდსის უნივერსიტეტის პროფესორმა აიდან ფოსტერ-კარტერმა, რომელიც ცნობილი ექსპერტია ჩრდილოეთი კორეის საკითხებში, ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში თქვა, რომ ერთი შეხედვით, ვაშინგტონის დაჟინებულმა პოზიციამ სასურველი შედეგი გამოიღო, ხოლო ფხენიანი ალბათ დარწმუნდა, რომ მრავალმხრივი მოლაპარაკება სწორედ მისთვის იქნება უფრო ხელსაყრელი, ვიდრე ვაშინგტონისთვის.

ფოსტერ-კარტერის თქმით, მრავალმხრივი მოლაპარაკება, შესაძლოა, "ორლესული ხმალი" აღმოჩნდეს შეერთებული შტატებისთვის, ვინაიდან იმ დროს, როცა რუსეთი და ჩინეთი აშშ-ს შეუერთდებიან უდავოდ და ზეწოლას მოახდენენ ფხენიანზე, შეწყვიტოს თავისი ბირთვული პროგრამა, მოსკოვიცა და პეკინიც ზეწოლას მოახდენენ ამასთანავე ვაშინგტონზეც, რათა ეს უკანასკნელი გარკვეულ დათმობებზე წავიდეს ჩრდილოეთი კორეის წინაშე.

ჰამბურგის უნივერსიტეტთან არსებული აზიის შემსწავლელი ინსტიტუტის ექსპერტს კორეის საკითხებში პატრიკ კიოლნერს მიაჩნია, რომ მოახლოებული ექვსმხრივი მოლაპარაკება, შესაძლოა, იმის მომასწავებელი გახდეს, რომ ფხენიანმა ბოლოს უარი თქვას თავის ბირთვულ პროგრამაზე. ხოლო თუ ჩრდილოეთ კორეას სხვა მიზნები ამოძრავებს, მაშინ მრავალმხრივმა მოლაპარაკებამ, შესაძლოა, დააჩქაროს ჩრდილოეთი კორეის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების მიღება [პატრიკ კიოლნერის ხმა]: "მრავალმხრივი მოლაპარაკების დადებითი მხარე, რაღა თქმა უნდა, იმაში მდგომარეობს, რომ ყველა ერთ მაგიდასთან მოიყრის თავს. ასე რომ, თუ საქმე ცუდად წავიდა და მოლაპარაკების დროს პრობლემის მოგვარება ვერ მოხერხდა, მაშინ შეიქმნება საფუძველი ჩრდილოეთი კორეის წინააღმდეგ სხვაგვარი ზომების მისაღებად."

გაზეთ "უოლ სტრიტ ჯორნალში" გამოქვეყნებულ სარედაქციო სტატიაში ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი დირექტორი ჯეიმს ვულსი და გადამდგარი გენერალი თომას მაკინერნი საჭიროდ მიიჩნევენ ფხენიანის წინააღმდეგ ომის დაწყებას, თუ სექტემბრისათვის დანიშნული ექვსმხრივი მოლაპარაკება პეკინში უშედეგოდ დამთავრდა.

ჯეიმს ვულსი და თომას მაკინერნი აცხადებენ, რომ შეერთებულ შტატებს, სამხრეთი კორეის შეიარაღებულ ძალებთან ერთად, საკმარისი საჰაერო და საზღვაო პოტენციალი აქვს საიმისოდ, რათა გაანადგუროს ფხენიანის ბირთვული ობიექტები და 30-60 დღის მანძილზე დაამარცხოს ჩრდილოეთი კორეის დიქტატორული რეჟიმი. ვულსი და მაკინერნი პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციას ურჩევენ, ამთავითვე დაიწყოს სამზადისი მოსალოდნელი სამხედრო ოპერაციისთვის ჩრდილოეთი კორეის წინააღმდეგ. თუმცა, ჯერჯერობით არაფერი მიგვანიშნებს იმაზე, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაციის რომელიმე წევრი ამ წინადადებას დაუჭერს მხარს.
XS
SM
MD
LG