Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო ზეწოლას ახდენს თეირანზე ამ უკანასკნელის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით


ანდრო ეული, პრაღა გაერო ზეწოლას ახდენს თეირანზე და მოითხოვს, რომ საერთაშორისო ექსპერტებისთვის ნებისმიერ დროს შესაძლებელი იყოს ირანის ბირთვული ობიექტების შემოწმება,

თუმცა ამ ძალისხმევას შედეგი ჯერჯერობით არ გამოუღია.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სამწევრიანმა დელეგაციამ სამშაბათს, თეირანში, მოლაპარაკება დაიწყო ირანის ოფიციალურ პირებთან იმის დასაზუსტებლად, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ქვეყნის ბირთვული ობიექტების შემოწმება.

როგორც ხსენებული სააგენტოს წარმომადგენელმა ლოთარ ვედეკინდმა ჩვენი რადიოს კორესპონდენტს უთხრა, თეირანში ჩასული სამკაციანი დელეგაცია, რომელშიც სამართლის ექსპერტები შედიან, ირანის ატომური ენერგიის სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან აწარმოებს მოლაპარაკებას. ვედეკინდის თქმით, თეირანში მიმდინარე მოლაპარაკებამ, რომელიც ოთხშაბათს დამთავრდება, უნდა გაარკვიოს, რა დამატებით დათმობებს მოსთხოვს კონკრეტულად ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ირანს ბირთვული გაურვცელებლობის ხელშეკრულებასთან დართული დამატებითი ოქმის ხელმოწერისას; ხელშეკრულებისა, რომელსაც სხვებთან ერთად ირანმაც მოაწერა ხელი.

[ლოთარ ვედეკინდის ხმა]: "დამატებითი ოქმი იმისთვისაა გამიზნული, რომ გამორიცხოს ქვეყანაში ბირთვულ ენერგიასთან დაკავშირებული ყოველგვარი ფარული საქმიანობა. ასე რომ, ჩვენი ექსპერტები არსებითად ცდილობენ ამ სამართლებრივი შეთანხმების არსი განუმარტონ ირანელებს, რათა ორივე მხარისთვის ნათელი გახდეს მათი უფლებები და ვალდებულება."

ვედეკინდმა აღნიშნა ამასთანავე, რომ ივლისში, ექსპერტთა დელეგაციის ჩასვლამდე, თეირანს ეწვია ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი მოჰამედ ელ ბარადეი, რომელმაც ირანის ლიდერებს დამატებითი ოქმის ხელმოწერისკენ მოუწოდა. მაშინ, ირანის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა გაეროს სააგენტოს სთხოვეს ექსპერტთა ჯგუფის გაგზავნა ირანში იმის ასახსნელად, თუ კონკრეტულად რა ვალდებულებებს იკისრებს თეირანი დამატებითი ოქმის ხელმოწერის შემთხვევაში.

ირანის მთავრობის წარმომადგენელმა აბდულა რამაზანზადემ ორშაბათს განაცხადა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება დამატებითი ოქმის ხელმოწერასთან დაკავშირებით ქვეყნის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ უნდა მიიღოს. რამაზანზადემ დასძინა, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ირანის ეროვნული ინტერესები უნდა იქნეს გათვალისწინებული. მას არ უთქვამს, როდის შეიძლება იქნეს მიღებული ეს საბოლოო გადაწყვეტილება.

ირანის რეფორმისტი პრეზიდენტის მოჰამად ხათამის მომხრეები მიიჩნევენ, რომ ირანმა ხელი უნდა მოაწეროს დამატებით ოქმს, რაც შეანელებდა ქვეყანაზე საერთაშორისო ზეწოლას.

პარლამენტის ერთ-ერთმა დეპუტატმა ჰოსეინ აფარიდემ, რომელიც ენერგიის კომიტეტს თავმჯდომარეობს მეჯლისში, ერთ-ერთი გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ თუ ირანი დამატებით ოქმს ხელს არ მოაწერს, საქმე, შესაძლოა, განსახილველად გადაეგზავნოს გაეროს უშიშროების საბჭოს, და "მაშინ ჩვენი ქვეყანა, ბუნებრივია, უფრო მეტად სერიოზულ პრობლემას დაუპირისპირდებაო".

ირანის მუდმივმა წარმომადგენელმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში ალი აქბარ სალეჰიმ დამატებით ოქმს უწოდა "ხელსაყრელი ბერკეტი" იმ საკითხის მოსაგვარებლად, თეირანის ბირთვულმა პროგრამამ რომ გამოიწვია ამერიკა-ირანის არცთუ უპრობლემო ურთიერთობაში.
XS
SM
MD
LG