Accessibility links

logo-print

"ჰიუმან რაითს უოჩი" ბაღდადში სქესობრივი ძალადობის მატების შესახებ


ქალთა მდგომარეობა ერაყში, უფრო ზუსტად, ერაყის დედაქალაქში

საერთაშორისო თანამეგობრობის გამორჩეულ ყურადღებას იპყრობს მას შემდეგ, რაც ადამიანის უფლებათა დამცველმა ავტორიტეტიანმა ორგანიზაცია "ჰიუმან რაითს უოჩმა" გასულ თვეში თავისი საანგარიშო მოხსენებით ცხადჰყო, რომ ბაღდადში ომის შემდეგ მკვეთრად არის გაზრდილი ქალებისა და გოგონებისადმი სქესობრივი ძალადობა. ამ პრობლემაში გარკვევას, ჰიუმან რაითს უოჩის საანგარიშო მოხსენებაზე დაყრდნობით შევეცადეთ.

ინფორმაცია, რომელსაც საანგარიშო მოხსენება შეიცავს, ბაღდადში წლეულს 27 მაისს დაწყებული, დაახლოებით, ერთთვიანი გამოკვლევის შედეგად არის მოპოვებული. მის მსვლელობაში 70-ზე მეტ ადამიანს ესაუბრნენ: სქესობრივი ძალადობის მსხვერპლს, ექიმებს, ამერიკელ სამხედრო პირებს, არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლებს, ერაყელ პოლიციელებს...

"უშიშროება არ არის უზრუნველყოფილი, დანაშაულებს ვეღარ ავუდივართ. ზოგი ბანდა გოგონების გატაცებაზეა დახელოვნებული, მათ სპარსეთის ყურის ქვეყნებში ჰყიდიან. ეს ომამდეც ხდებოდა, მაგრამ ახლა უარესია: გოგონები საზღვარზე პასპორტების გარეშეც გადაჰყავთ", უთხრა "ჰიუმან რაითს უოჩის" თანამშრომელს ერაყელმა პოლიციელმა, რომელმაც თავისი ვინაობის საჯაროდ გამხელა არ ისურვა. ციტატა ორგანიზაციის საანგარიშო მოხსენებაშია მოყვანილი. ანგარიშში არ ამხელენ არც სქესობრივი ძალადობისა და გატაცების მსხვერპლთა ვინაობას - "ჰიუმან რაითს უოჩმა" გამოკვლევის მსვლელობაში 25 ასეთ ადამიანს მიაკვლია, რომელთაგან, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, შემზარავია ერთის - 9 წლის სანარიას ბედი...

თუ რა გადახდა მას თავს, მოგიყვებით "ნიუ-იორკ ტაიმსში" გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით. სტატიის ავტორია გაზეთის კორესპონდენტი ბაღდადში, ნილა ბანერჯი, რომელიც "ჰიუმან რაითს უოჩის" საანგარიშო მოხსენების გამოქვეყნების შემდეგ ეწვია სანარიას ოჯახს. როგორც ბანერჯი წერს: "სანარიას განიერი შავი კაბა და ვარდისფერი სანდლები აცვია, თმა ოქროსფერი ბაფთით შეუკრავს - ჩვეულებრივი 9 წლის ბავშვია, ადგილზე ვერ ისვენებს. უყვარს კითხვა, რომ გაიზრდება მასწავლებლობას აპირებს და ამბობს - თანაშემწმედ ჩემი თეთრი სათამაშო დათუნია, მაიკლი მეყოლებაო". მაგრამ სტუმართან მარტო დარჩენილ სანარიას უცებ სახის გამომეტყველება ეცვლება და ჩურჩულებს, რომ ღამე ვერ იძინებს, კოშმარები ტანჯავს, ესიზმრება, თითქოს განგსტერები მოკვლას უპირებდნენ. სანარია 22 მაისს თავისი სახლის კიბეებზე იჯდა, როცა უცნობმა მამაკაცმა დღისით-მზისით ხელი სტაცა, გვერდით, მიტოვებულ შენობაში შეათრია და გააუპატიურა.

თითქოს გოგონას ეს უმძიმესი ფიზიკური და ფსიქიკური ტრავმა არ ჰყოფნიდეს, მამა და ძმები მას ადანაშაულებენ ოჯახის შერცხვენაში. როგორც "ნიუ-იორკ ტაიმსის" კორესპონდენტს სანარიას უფროსმა დამ უთხრა, მამა თითქმის ყოველ დღე ჯოხით სცემს სანარიას იმის გამო, რომ გაუპატიურებისაგან თავი ვერ დაიცვა...

მაგრამ გაუპატიურებისაგან თავის დაცვას 9 წლის ბავშვი კი არა ზრდასრული ქალები ვერ ახერხებენ - არა მარტო ბაღდადში, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. ბაღდადში კი სქესობრივი ძალადობის შემთხვევები ისე გახშირდა, რომ "ქალებსა და გოგონებს შინიდან გასვლის ეშინიათო", ვკითხულობთ "ჰიუმან რაითს უოჩის" ანგარიშის პირველივე აბზაცში. მაინც რამდენად არის გაზრდილი სქესობრივი ძალადობა ბოლო თვეების მანძილზე, როცა სადამ ჰუსეინის რეჟიმის უშიშროების ძალები აღარ არსებობს, ახალი პოლიცია კი ჯერ არ ჩამოყალიბებულა? ამ საკითხის გასარკვევად ჩვენი კოლეგა ჩარლზ რეკნაგელი ტელეფონით დაუკავშირდა "ჰუიმან რაითს უოჩის" წარმომადგენელს ჰანია მუფტის, მაგრამ მისგან ზუსტი პასუხი ვერ მიღო: [ჰანია მუფტის ხმა] "ამ შეკითხვაზე ზუსტ პასუხს ვერ გაგცემთ, ვინაიდან არ გაგვაჩნია სტატისტიკური მონაცემები ომამდელი ვითარების შესახებ. ისე, ბევრს ექმნება შთაბეჭდილება, რომ სქესობრივმა ძალადობამ იმატა. ასეთი ძალადობის შიშით და იმ ფაქტის გამო, რომ ასეთი ძალადობის შესახებ ხშირად ისმის, ... ქალები შინიდან გასვლას თავს არიდებენ".

ჰანია მუფტის თქმით, გარდა იმისა, რომ სადამ ჰუსეინის რეჟიმს არასოდეს გამოუქვეყნებია სტატისტიკური მონაცემები სქესობრივი ძალადობის შესახებ, პოლიციის ხელთ არსებული ინფორმაცია, როგორც ჩანს, ომის შემდგომ არეულობაში განადგურდა. ასე რომ, ინფორმაციის ერთადერთ წყაროდ ადამიანები რჩებიან - მათგან, კერძოდ ერაყელი პოლიციელებისაგან კი "ჰიუმან რაითს უოჩმა" შეიტყო, რომ დღეს ერთი კვირის მანძილზე სქესობრივი ძალადობის რამდენიმე შემთხვევა აღირიცხება, მაშინ როცა წინათ სამ თვეში თითო-ოროლა შემთხვევაზე თუ იყო ლაპარაკი...

"ჰიუმან რაითს უოჩისათვის" ინფორმაციის მნიშვნელოვანი წყარო გახდა 15 წლის გოგონაც, რომელიც, როგორც ჩანს, ტრეფიკერებს გაექცა: [ჰანია მუფტის ხმა] "გოგონამ გვითხრა, რომ ის და მისი ორი და წაიყვანეს სახლში, სადაც სხვა ახალგაზრდა გოგონები, და ვფიქრობ, ბიჭებიც ჰყავდათ დაკავებული ვიღაცეებს, ვისაც გოგონა არ იცნობდა. იმ სახლში გოგონას და გააუპატიურეს, გარდა ამისა მიდიოდა ვაჭრობა. როგორც ჩანს, სხვადასხვა ბავშვების ფასზე ვაჭრობდნენ".

გაუპატიურების შემთხვევების შესახებ ინფორმაციას ადამიანის უფლებათა დამცველები, როგორც წესი, ადგილობრივი მოსახლეობის, ქალთა ჯგუფებისაგან იღებენ ხოლმე. ამ ჯგუფებს კი მომხდარის შესახებ გაუპატიურებულის ნათესავი ქალები ატყობინებენ. თვით მსხვერპლი იშიათად თუ ბედავს დანაშაულზე ლაპარაკს - მას ეშინია საზოგადოებისა, რომლის თვალში ბრალი მოძალადეს კი არ მიუძღვის, არამედ თვით გაუპატიურებულ ქალს, მის ვითომდა "გამომწვევ" საქციელს. საზოგადოების თვალში შერცხვენილია მსხვერპლის ოჯახიც, რახან მისმა წევრმა მამაკაცებმა სისუსტე გამოიჩინეს და ქალს ვერ "უპატრონეს". არც თუ იშვიათად, პოლიციაც კი ამორალური საქციელის შედეგად მიიჩნევს გაუპატიურებას: [ჰანია მუფტის ხმა] "მსხვერპლს ეშინია, რომ პოლიციას შეატყობინოს მომხდარის შესახებ, რადგან შინ, ოჯახში პრობლემა გაუჩნდება. თან პოლიცის განყოფილებაში უსიამოვნო დამოკიდებულებას აწყდება. გაუპატიურების რამდენიმე შემთხვევასთან დაკავშირებით ერთმა პოლიციელმა გვითხრა, შესაძლოა საქმე მეძავებს ეხებოდესო. ერთ მოტაცებულ გოგონაზე კი ამბობდნენ, "შინიდან გაიქცაო". ასეთი დამოკიდებულების გამო, სქესობრივ ძალადობასთან დაკავშირებულ დანაშაულებს გაცილებით ნაკლები ყურადღება ექცევა, ვიდრე სხვა დანაშაულებს: ქურდობას, ავტომანქანის გატაცებას ..."

არადა, სქესობრივ ძალადობაზე წაყრუება არა მარტო მსვხერპლისთვის არის საზიანო - ერაყში უშიშროების პრობლემის მოუგვარებლობის გამო ეკონომიკაც ზარალდება. მაგალითად გამოდგება ინფორმაცია, რომელიც 22 ივლისის ნომერში დაბეჭდა გაზეთმა "უოლ სტრიტ ჯორნალმა". მის მიხედვით, სახელმწიფო საწარმო, რომელშიც ხელით ნაქსოვ ხალიჩებს ამზადებენ, გაჩერებულია მიუხედავად იმისა, რომ დაზგები დაზიანებული არ არის. თუ რატომ, საწარმოს დირექტორი ასე განმარტავს: საწარმოში უმეტესწილად ქალები მუშაობენ, მათ კი ქუჩაში გასვლის ეშინიათ - ასე, რომ არც სამასახურში დადიან.
XS
SM
MD
LG