Accessibility links

logo-print

ანატოლი ჩუბაისმა საქართველოს ხელისუფლება ტყუილში ამხილა


საქართველოს ხელისუფლებამ "ეიიესსა" და "რაოიეს" შორის წარმოებული მოლაპარაკების შესახებ იცოდა, "ეიიეს- თელასი" საქართველოს ხელისუფლებისგან ჩუმად არ გაუყიდიათ,

- თბილისის აეროპორტშივე განაცხადა რუსეთის ერთიანი ენერგოსისტემის გამგეობის თავმჯდომარემ ანატოლი ჩუბაისმა. ის საქართველოს რამდენიმე საათით ესტუმრა, შეხვედრები გამართა ენერგეტიკის სამინისტროში, სახელმწიფო კანცელარიაში და რუსეთში გამგზავრების წინ გამართულ ბრიფინგზე თბილისში ჩატარებული შეხვედრებით კმაყოფილება გამოთქვა.

რუსული "რაოიესი" საქართველოს ბაზარზე სერიოზული გეგმებით შემოდის და ეს ფაქტი სერიოზულად ცვლის პოლიტიკურ ამინდს ქვეყანაში. 6 აგვისტოს თბილისში, ენერგეტიკის სამინისტროსთან, პოლიციასა და სტუდენტებს შორის შეტაკება მოხდა. რამდენიმე სტუდენტი მძიმედ დაშავდა. ახალგაზრდები "რაოიესის" საქართველოში შემოსვლას აპროტესტებდნენ.

რუსული კომპანია "რაოიესი" საქართველოში დიდი ხნით და დიდი გეგმებით შემოდის. მის მფლობელობაშია "ეიიეს თელასი" "ეიიეს მტკვარი" გარდაბნის თბოელექტროსადგურები და ვარდნილი ჰესები: ხრამი ერთი და ხრამი ორი. ქართული ენერგოსისტემის ამ უმნიშვნელოვანესი ნაწილის ახალი მფლობელი საქართველოდან თურქეთის ბაზარზე გასვლას აპირებს. ასე რომ, პატარა საქართველო დიდი რუსეთის კიდევ უფრო სერიოზული დასაყრდენი ხდება. "რაოიესის" შემოსვლამ ამ ქვეყანაში მნიშვნელოვნად უნდა შეუწყოს ხელი რუსეთის ენერგოსისტემის გაძლიერებას. "სანაცვლოდ, გვექნება თბილი და ნათელი ზამთარი და მოიხსნება ის პრობლემები, რომლებიც წლების მანძილზე გვაწუხებდა", - ირწმუნებიან საქართველოს ხელისუფლებაში. ანატოლი ჩუბაისს იქ თბილად შეხვდნენ. ენერგეტიკის სამინისტროსა და სახელმწიფო კანცელარიაში გამართულმა შეხვედრებმა ის დაარწმუნა, რომ მის წარმომადგენლებს საქართველოში სერიოზულ ხალხთან მოუწევს ურთიერთობა.

მერე რა, რომ ამ "სერიოზულმა" ხალხმა საკუთარი მოსახლეობა კიდევ ერთხელ მოატყუა, როცა მას უთხრა, რომ გაკოტრებულმა ამერიკელმა ინვესტორებმა საქართველოში ნაყიდი ქონება რუსებს საქართველოსთან გაფორმებული კონტრაქტის დარღვევით, ჩუმად მიჰყიდეს. ტყუილში ხელისუფლება თავად ჩუბაისმა ამხილა. როგორც უკვე ვთქვით, მან თბილისის აეროპორტშივე გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ იცოდა "ეიიესსა" და "რაოიესს" შორის წარმოებული მოლაპარაკებების შესახებ. "უცნობი მხოლოდ დეტალები იყო, ფასი კი - ისეთი, როგორიც მყიდველსაც ხელს აძლევდა და გამყიდველსაცო", - განმარტა ჩუბაისმა თბილისის აეროპოტში, სადაც მას, ენერგეტიკის მინისტრის დავით მირცხულავასა და საქართველოს ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების გარდა, სტუდენტური მოძრაობა "კმარას" აქტივისტებიც დახვდნენ.

ახალგაზრდების საპროტესტო აქცია რამდენიმე მიმართულებით გაიშალა: აეროპორტში, სახელმწიფო კანცელარიასთან და ენერგეტიკის სამინისტროსთან. სტუდენტები იმ მარშრუტით მოძრაობდნენ, რომლითაც მოძრაობდა რუსი სტუმრის კორტეჟი. ენერგეტიკის სამინისტროსთან ისინი პოლიციამ დაარბია. არიან დაშავებულები. "კმარას" აქტივისტებს პოლიცია ხელკეტებით დაერია და ენერგეტიკის სამინისტროს შესასვლელის ბლოკირების საშუალება არ მისცა. ენერგეტიკის სამინისტროსთან ახალგაზრდების დარბევის შემდეგ დაიშალა აქცია სახელმწიფო კანცელარიასთან, სადაც პროტესტი, ძირითადად, ერთი ადამიანის მისამართით გამოითქმებოდა:

[საპროტესტო აქციის მონაწილეების ხმები] "ეს არის ხელისუფლება, რომლის სათავეშიც არის ცოცხალი გვამი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით."

" ეს ქვეყანა უნდა გადარჩეს ამისგან, კონკრეტულად ერთ პიროვნებას ვგულისხმობ. "

ამ ერთ პიროვნებას ღიად პარლამენტის თავმჯდომარეც დაუპირისპირდა. მთავრობის სხდომაზე მისულ ნინო ბურჯანაძეს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცა. "რაოს" შემოსვლასთან დაკავშირებით მისი შეკითხვები ღიად დარჩა. პარლამენტში ბურჯანაძის შესაძლო გადადგომაზე ალაპარაკდნენ.
XS
SM
MD
LG