Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ბეიკერის ვარიანტის" ჩავარდნის მიუხედავად, ოპოზიციას ბრძოლა წაგებულად არ მიაჩნია


პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების ფრაქცია "21-ე საუკუნის" პროექტი დაჩქარებული ტემპით, ერთ დღეში მიიღო.

დეპუტატებმა "ბეიკერის დანაბარებიდან" გადახვევის გარდა, სახელგატეხილი ცესკო-ს წევრთა უფლებამოსილების შეჩერებასაც არ დაუჭირა მხარი. რა მოხდა 5 აგვისტოს პარლამენტში? ვინ გაიმარჯვა -ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჯეიმს ბეიკერმა თუ მოქმედმა დეპუტატმა ჯემალ გამახარიამ? ვინ დამარცხდა - ოპოზიცია თუ ქართული დემოკრატია? და კიდევ, პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გათვალისწინებით, რჩება თუ არა სამართლიანი არჩევნების ჩატარების იმედი?

იმის შესახებ, თუ რა მოხდა 5 აგვისტოს პარლამენტში, ქართველი პოლიტიკოსები კიდევ დიდხანს იკამათებენ. სახელისუფლო ფრაქციები, "აღორძინება" და "მრეწველები" დარწმუნებულნი არიან, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების მათ მიერ შემუშავებული და დამტკიცებული წესი სხვა არაფერია, თუ არა "ბეიკერის ვარიანტი". უფრო მეტიც, ფრაქცია "21-ე საუკუნის" ლიდერი და მიღებული კანონის ერთ-ერთი ავტორი ჯემალ გამახარია მიიჩნევს, რომ 5 აგვისტოს, გამოგლიჯეს რა ხელიდან ცენტრალური საარჩევნო კომისია "მოქალაქეთა კავშირის" ყოფილ წევრებს, - საუბარია "ნაციონალებზე", "გაერთიანებულ დემოკრატებსა" და "ახალ მემარჯვენეებზე", - სწორედ რომ, ჯეიმს ბეიკერმა გაიმარჯვა.
[ჯემალ გამახარიას ხმა] "მაგრამ ეს გეგმა ჩაიშალა. ასე რომ, ბეიკერმა ამ შემთხვევაში გაიმარჯვა."

გამახარიასგან განსხვავებით, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი მიიჩნევს, რომ იმას, რაც 5 აგვისტოს საქართველოს პარლამენტში მოხდა, პარლამენტარიზმის ისტორიაში ანალოგი არ მოეძებნება. "მრეწველებთან" და "აღორძინებასთან" გარიგებულმა სახელისუფლებო ფრაქციებმა, რეგლამენტის უხეში დარღვევით, ცესკოს დაკომპლექტების ყველაზე უარესი ვარიანტი მიიღეს. "ეს არ არის ბეიკერის ვარიანტი", ამბობს ვიცე-სპიკერი და დასძენს:
[გიგი წერეთლის ხმა] "ეს იყო, ალბათ, ძირითადი აზრი სწორედ იმ ბეიკერის რეკომენდაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისა, რომ ყოფილიყო ისეთი ბალანსი კომისიებში, რომ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რომელიც მიიღება ორი მესამედით, ვერც ერთი მხარე ვერ მოაგროვებდა."

კითხვაზე, თუ რისთვის დასჭირდა ხელისუფლებას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ძველი, საზოგადოების თვალში სახელგატეხილი, ადამიანების დატოვება, გიგი წერეთელს ასეთი პასუხი აქვს:
[გიგი წერეთლის ხმა] "ახლა დაიძაბება ვითარება. იქნება საუბარი იმაზე, რომ კომისიაში კვლავ მოხდება გარიგება და ვაჭრობა."

ამ საკმაოდ პესიმისტური განცხადებების მიუხედავად, პარლამენტის ვიცე- სპიკერი მიიჩნევს, რომ გადამწყვეტი ბრძოლა ჯერჯერობით წაგებული არ არის. მისი აზრით, არჩევნების სამართლიანად ჩატარება-არჩატარებაში გადამწყვეტ და საბოლოო სიტყვას ხალხი იტყვის.

იმ აზრს, რომ გადამწყვეტი ბრძოლა ჯერ კიდევ წინ არის, პარლამენტის წევრი ვახტანგ ხმალაძეც იზიარებს. ოპტიმიზმის საფუძველს მას ხელისუფლების მხარდამჭერ ფრაქცია "სოციალისტების" თავმჯდომარის პოზიცია აძლევს. ირაკლი მინდელი, როგორც პარლამენტში ხელისუფლების მხარდამჭერი ძალის წარმომადგენელი, გამოთქვამს მზადყოფნას მხარი დაუჭიროს საარჩევნო კოდექსში შესატან იმ ცვლილებებს, რომელიც ვახტანგ ხმალაძემ მოამზადა.

დეპუტატის თქმით, მისი მოკრძალებული ოპტიმიზმი სწორედ ამ ცვლილებებს, კერძოდ კი, პარალელური დათვლის მექანიზმის ამოქმედებას, უბნიდან ყუთების გატანისა და ოქმების შედგენა-გაცემის წესის გამკაცრებას უკავშირდება.

და მაინც: წააგო თუ არა ოპოზიციამ ბრძოლა?
[ვახტანგ ხმალაძის ხმა] "ჯერ წაგებული არ არის, თუმცა პოზიციები ოპოზიციისა საკმაოდ შესუსტებულია."
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG