Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტურიზმის განვითარებას სავიზო რეჟიმის შემსუბუქებით ცდილობენ


ზაზა გაჩეჩილაძე საკმაოდ მაღალი ტურისტული პოტენციალის მიუხედავად, საქართველო თავისი რესურსების მცირედ ნაწილსაც ვერ იყენებს, რაც სრულიად ბუნებრივად გვეჩვენება,

თუ ქვეყანაში შექმნილ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ გარემოს გავითვალისწინებთ. ცოტა ხნის წინ უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით საქართველოში ტურიზმის განვითარების კონცეფცია შეიქმნა, რომლის ფარგლებშიც ტურიზმის სახელმწიფო დეპარტამენტი გარკვეული ცვლილებების გატარებას გეგმავს. რა ვითარებაა ტურიზმის ბიზნესში და რა პერსპექტივები აქვს ქვეყანას?

დიდი ტურისტული პოტენციალის მქონე ქვეყანა თავისი რესურსების მცირედი ნაწილის ექსპლუატაციასაც ვერ ახერხებს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში საქართველოში სასტუმრო და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა მეტ-ნაკლებად გამოსწორდა, არასწორი მარკეტინგის და, უპირატესად კი, ქვეყანაში შექმნილი არასტაბილური პოლიტიკური და ეკონომიკური ფონის გამო, ამ ბიზნესის განვითარება შეფერხებულია.

საქართველოში რამდენიმე ხნის წინ უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით ტურიზმის განვითარების კონცეფცია შეიქმნა, თუმცა ამ სფეროში ინვესტიციების ნაკლებობის, არასათანადო რეკლამისა და მძიმე კრიმინოგენური სიტუაციის გამო მისი რეალიზაცია გართულებულია.

ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელობის განცხადებით, მომავალი წლიდან ტურისტულ ბიზნესს სახელმწიფოს მხრიდან, შესაძლოა, უფრო მეტი ყურადღება დაეთმოს. 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ტურიზმის დეპარტამენტისათვის გათვალისწინებულია 1 მილიონ 200 ათასი ლარი, საიდანაც 450 ათასი ქვეყნის ტურისტული ინფრასტრუქტურის რეკლამირებაზე უნდა დაიხარჯოს. საგულისხმოა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში ამ სფეროზე გათვალისწინებული თანხა რამდენჯერმე აღემატება იმ სახსრებს, რაც დეპარტამენტს წელს ჰქონდა გამოყოფილი.

მიმდინარე წლის განმავლობაში ტურიზმზე გათვალისწინებული იყო მხოლოდ 280 ათასი ლარი, საიდანაც 80 ათასს მომავალი სეკვესტრი "შეიწირავს". სახელმწიფომ ტურიზმის განვითარებას ხელი უნდა შეუწყოს და ის პრიორიტეტულ მიმართულებად გაიხადოს, ამისათვის ტუროპერატორების წახალისებაც არის საჭირო, - აცხადებენ ტურიზმის დეპარტამენტში და მაგალითად მოჰყავთ საბერძნეთი, რომელიც ტურიზმიდან მნიშვნელოვან საბიუჯეტო შემოსავლებს იღებს. ტურიზმის განვითარების კონცეფციის ფარგლებში სახელმწიფო ტურისტული კომპანიის შექმნაც არის გათვალისწინებული.

ქვეყანაში უცხოელების მოსაზიდად ტურიზმის დეპარტამენტი ასევე გამოდის ინიციატივით, რამდენიმე სახელმწიფოსთან ცალხმრივად გაამარტივოს სავიზო რეჟიმი, რადგან უცხოელი დამსვენებლებისათვის მნიშვნელობა აქვს დოკუმენტური მომსახურების სიმარტივეს. კერძოდ, საუბარია აშშ-სა, იაპონიასა და ევროკავშირის ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივ გამარტივებაზე. ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე ასევე გამოდის ინიციატივით შემოღებულ იქნეს საერთო კავკასიური ვიზა, რომელიც სამხრეთ კავკასიის 3 სახელმწიფოს ტერიტორიაზე იმოქმედებს. მათი აზრით, უნდა გამარტივდეს აგრეთვე სასაზღვრო-საბაჟო პროცედურები, რათა ტურისტებს დამატებითი სირთულეების გარეშე შეეძლოთ ქვეყანაში შემოსვლა.

სავიზო და სასაზღვრო პროცედურების გამარტივება ტურიზმის დეპარტამენტის კომპეტენციას სცილდება. ჯერჯერობით ცნობილი არ არის ამ ინიციატივისადმი სხვა სახელმწიფო სტრუქტურების დამოკიდებულება, თუმცა ამთავითვე ნათელია, რომ ტურისტების დეფიციტს ქვეყნაში სავიზო პროცედურების სირთულეზე მეტად მძიმე კრიმინოგენური სიტუაცია და შექმნილი სოციალურ-პოლიტიკური ფონი განაპირობებს.
XS
SM
MD
LG