Accessibility links

logo-print

განაჩენი კუნძულ ბალიზე შარშანდელ ტერაქტებთან დაკავშირებით


საერთაშორისო საინფორმაციო საშუალებებში მთელი დღეა ტერორიზმის თემა დომინირებს: გარდა იმისა, რომ მოველოდით ცნობას ინდონეზიიდან, სადაც განაჩენი უნდა გამოეტანათ კუნძულ ბალიზე შარშანდელი ტერაქტის ერთ-ერთი ორგანიზატორისათვის, ბაღდადიდან გავრცელდა ინფორმაცია აფეთქების შესახებ.

[თალიბის ხმა] "ბაღდადში, იორდანიის საელჩოსთან აფეთქება მოხდა. ჩვენ მაშინ იქ არ ვიყავით - გვითხრეს, რომ არის მსხვერპლი", ამ განცხადების გარდა, რომელიც ერაყის პოლიციის ლეიტენანტმა თალიბმა გააკეთა, გავრცელდა ცნობა, რომ აფეთქება, სავარაუდოდ, სატვირთო ავტომანქანაში ჩადებულმა ბომბმა გამოიწვია. რამდენიმე წუთში კი ყურადღებამ ისევ ინდონეზიისაკენ გადაინაცვლა: ცნობილი გახდა, რა განაჩენი გამოუტანეს ბალიზე აფეთქების მოწყობაში ბრალდებულ ამროზი ბინ ნურჰასიიმს.

[ი მადე კარნას ხმა] "მოსამართლეთა საბჭო აცხადებს, რომ ბრალდებული ამროზი დამნაშავედ სცნო ტერორისტული აქტების მოწყობაში და მას სიკვდილი მიუსაჯა", - ასე ამცნო კუნძულ ბალის სასამართლოს დარბაზში მყოფთ მოსამართლეების გადაწყვეტილების შესახებ მოსამართლე ი მადე კარნამ. სიკვდილმისჯილი, 40 წლის ამროზი ბინ ნურჰასიიმი ერთერთია ბალის ტერაქტში ეჭვმიტანილი 30-ზე მეტი კაციდან. მაგრამ ის, გარკვეულწილ, ცენტრალურ ფიგურად იქცა სასამართლო პროცესზე გამოჩენილი განსაცვიფრებელი უდარდელობის გამო და ცხადია, იმის გამოც, რომ განაჩენი პირველს მას გამოუტანეს. კაცს, რომელსაც აღიარებული აქვს, რომ მის მიერ ნაყიდი მიკროავტობუსით განხორციელდა ტერორისტული თავდასხმები ბალის ორ ღამის კლუბზე (მათ 202 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა), პრესამ "მომღიმარი ტერორისტი" შეარქვა - ხუთშაბათს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ არც თუ უსაფუძვლოდ. ამროზიმ სასიკვდილო განაჩენი სახეგაბადრულმა მოისმინა: მსმენელი, ალბათ, ტელევიზიაში ნახავდა, ან ნახავს კადრებს, როგორ მიუტრიალდა სიკვდილმისჯილი ტელეკამერებს და კმაყოფილების ნიშნად ორივე ცერა თითი აწია...

ამროზი და მისი თანამზრახველები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მოქმედი ტერორისტული ორგანიზაციის, სახელგანთქმული "ალ-ყაიდის" მოკავშირე "ჯემაა ისლამიას" წევრობაში არიან ეჭვმიტანილი. ლაპარაკია ორგანიზაციაზე, რომელსაც ორიოდე დღის წინ ჯაკარტში, სასტუმრო "მერიოტზე" თავდასხმის მოწყობაში ადანაშაულებენ - როგორც ვიუწყებოდით, ამ ტერაქტმა 10-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ინდონეზიის პოლიტიკისა და უშიშროების საკითხების მინისტრ სუსილო ბამბანგის ვარაუდით, ტერაქტი ჯაკარტაში უკავშირდება ბალის ტერაქტების შესახებ განაჩენის გამოტანას და გვაფრთხილებს, რომ თავდასხმები კიდევ განხორციელდება [სუსილო ბამბანგის ხმა] "თუ გავითვალისწინებთ ... რა ხდება ამჟამად ინდონეზიაში (სასამართლო პროცესი ბალიზე აფეთქებების მომწყობთა წინააღმდეგ და სხვა ...) ვფიქრობ, ინდონეზიაში სრულად აცნობიერებენ, რომ უშიშროების სფეროში მომავალში მეტის გაკეთება გვმართებს".

ავსტრალიის მთავრობაც შიშობს, რომ ტერაქტების საფრთხე საკმაოდ რეალურია. საერთოდ, ავსტრალიამ დიდი დახმარება გაუწია ინდონეზიას ბალის ტერაქტების გამოძიებაში, რაც, ცხადია, შემთხვევით არ მომხდარა: ტერაქტების მსხვერპლის უმრავლესობას ავსტრალიელები შეადგენენ. ხუთშაბათს ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ჯონ ჰოუარდი მიესალმა ამროზისთვის სიკვდილის მისჯას: [ჰოუარდის ხმა] "იმედი მაქვს, ეს განაჩენი გარკვეულწილ შვებას მოჰგვრის ადამიანებს, ვინც ამ ტრაგედიაში ახლობლები დაკარგა. თუ ეს მოხდა, განაჩენი სამართლიანად უნდა მივიჩნიოთ ... კაცობრიობის წინაშე დანაშაულისა და მკვლელობისათვის ერთ ადამიანს მაინც გამოუტანეს სამართლიანი განაჩენი".

გაასაჩივრებს თუ არა ეს ადამიანი, "მომღიმარი ტერორისტი" სასიკვდილო განაჩენს, ჯერ არ არის ცნობილი. თუ მისი ვექილის ვირავან ადნანის განცხადებით ვიმსჯელებთ, ალბათ, გაასაჩივრებს: [ვირავან ადნანის ხმა] ბევრი მოსაზრება, რომელთა საფუძველზეც განაჩენი გამოიტანეს, ემყარება ვარაუდებს და არა სამხილებს. არა გვგონია, ამროზი ორგანიზატორი იყოს - მისი ინტელექტი საამისოდ საკმარისი არ იქნებოდა, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ის სიკვდილით დასჯას არ იმსახურებს".
XS
SM
MD
LG