Accessibility links

ზაფხულის ვაშინგტონური ჭორები კოლინ პაუელის მომავალთან დაკავშირებით


აგვისტოს თვეა და სანამ აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ტეხასში, თავის რანჩოში, ხანმოკლე შესვენებას განაგრძობს,

ვაშინგტონის პრესას ისღა დარჩენია, რომ თავი არდადეგების პერიოდისთვის დამახასიათებელი ამბებით შეიქციოს. ალბათ, ამიტომაც არის, რომ პრესის ყურადღების ცენტრში მოექცა სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი და მისი პოლიტიკური კარიერის მომავალი. გაგაცნობთ ამ თემაზე რადიო "თავისუფლების" ვაშინგტონელი კორესპონდენტის, ჯეფრი დონოვანის მიერ მომზადებულ მასალას.

ვარაუდების ტალღა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მომავალი პოლიტიკური კარიერის ირგვლივ მოჰყვა ორშაბათს, "ვაშინგტონ პოსტში"გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის თანახმადაც კოლინ პაუელი და მისი მოადგილე რიჩარდ არმიტაჯი აღარ აპირებენ თანამდებობებზე დარჩენას, თუკი 2005 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად პრეზიდენტი ჯორჯ ბუში თავის პოსტს შეინარჩუნებს. გაზეთის კონფიდენციალური წყაროს თქმით, არმიტაჯმა ამის თაობაზე თურმე უშიშროების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველს კონდოლიზა რაისსაც აცნობა.

ამას უმალ მოჰყვა უარყოფათა ტალღა თეთრი სახლის, სახელმწიფო დეპარატმენტისა და თავად კოლინ პაუელის მხრიდან, რომელმაც ინფორმაციას "ნონსენსი" უწოდა. ხოლო სახელმწიფო დეპარატმენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ფილიპ რიკერმა ყველაფერი დააბრალა ზაფხულის "მკვდარ სეზონს", რომლის დროსაც, მედია ჭორებითა და თავშესაქცევი ამბებით ერთობა:

[ფილიპ რიკერის ხმა] "ეს ინფორმაცია ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია და, როგორც სახელმწიფო მდივან კოლინ პაუელს არაერთხელ განუცხადებია, ის და მდივნის მოადგილე ყოველთვის სიამოვნებით იმუშავებენ პრეზიდენტ ბუშის გუნდში."

მაგრამ ოფიციალურ პირებს დაავიწყდათ აღენიშნათ, რომ ამ პუბლიკაციებს წინ უსწრებდა ხმები იმ დაპირისპირების შესახებ, რაც თითქოს "მტრედად" წოდებულ პაუელსა და "ქორებად" მონათლულ თავდაცვის მინისტრ დონალდ რამსფელდსა და ვიცე-პრეზიდენტ დიკ ჩეინის შორის წარმოიშვა. უკანასკნელი თვეების განმავლობაში პაუელი არაერთხელ გამხდარა "ქორების" მხრიდან ინტენსიური თავდასხმების ობიექტი. ყველაფერი კი, ჩვენი რადიოს მიმომხილველ ჯეფრი დონოვანის თქმით, წარმომადგენელთა პალატის ყოფილი თავმჯდომარის, რესპუბლიკელი ნიუტ გინგრიჩის გამოსვლას მოჰყვა. არცთუ ისე დიდ ხნის წინათ ჟურნალ "ფორინ პოლისში" გამოქვეყნებულ სტატიაში ნიუტ გინგრიჩმა განაცხადა, რომ სწორედ სახელმწიფო დეპარტამენტი უთხრის ძირს მკაცრი კურსის პოლიტიკას ერაყის, ჩრდილოეთი კორეის, ირანისა და ახლო აღმოსავლეთის მიმართ, რასაც რამსფელდი და ჩეინი ემხრობიანო.

მიჩიგანის უნივერსიტეტის პროფესორის, პრეზიდენტ რონალდ რეიგანის დროს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის წევრის, რეიმონდ ტანტერის თქმით, ეს დაპირიპირება ორ ბანაკს შორის კიდევ უფრო ძლიერდება:

რეიმონდ ტანტერის თქმით, [რეიმონდ ტანტერის ხმა] "ეს არის ბრძოლა ვაშინგტონისთვის, იმისთვის რომ პრეზიდენტის ყურადღება დაიმსახუროს. ის, თუ ვინ არის ზემოთ, ვინ ქვემოთ და ვის მხარეს იხრება უპირატესობა, დამოკიდებულია პოლიტიკის შინაარსზე და პროცესის გარე მონაწილეებზე. და რაც უფრო მერყეობს პოლიტიკური კურსი, რაც უფრო მეტი პრობლემა ექმნება პრეზიდენტს, მით უფრო აშკარაა, რომ მისი სიმპათიები პაუელისკენ იხრება."

"ვაშინგტონ პოსტში" გამოქვეყნებული სტატიის ბოლოს არის მინიშნება იმის თაობაზე, თუ ვინ გახდება კოლინ პაუელის მემკვიდრე, თუკი მოწინააღმდეგის ბანაკმა გამარჯვება მოიპოვა. ანონიმური წყაროს ცნობით, ეს კანდიდატი შეიძლება იყოს კოდოლიზა რაისი ან თავდაცვის მინისტრის მოადგილე პოლ ვულფოვიცი, ანუ ისევ და ისევ "ქორების" ბანაკის წარმომადგენლები.

თუმცა, მიმომხილველების ვარაუდით, პრეზიდენტი ბუში ალბათ არ დათანხმდება თეთრი სახლი ორბიტაზე ასეთ საკადრო გადაადგილებათა გეგმას. მით უფრო, რომ მას აშკარად აძლიერებს აზრთა სხვადასხვაობა პაუელსა და "ქორების ბანაკის" წარმომადგენლებს შორის, რაც, საბოლოო ანგარიშით, დადებით გავლენას ახდენს აშშ-ის საგარეო პოლიტიკაზე.
XS
SM
MD
LG