Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ არ ახსოვს საქართველოს ხელისუფლებას აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის არსებობა


ეკაწამალაშვილი, თბილისი დაბა აბასთუმნის მახლობლად ზღვის დონიდან 1700 მეტრ სიმაღლეზე მდებარე ასტროფიზიკური ობსერვატორია

ბოლო ათწლეულის ქარტეხილებს ამ სახელგანთქმული სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლების გმირობის ტოლფასად გადაურჩა. იქაურობა ვერც გაძარცვეს და ვერც დაანგრიეს. თავიანთ საქმეზე უზომოდ შეყვარებულმა ადამიანებმა აბასთუმნის ობსერვატორია დღევანდელობას ხელუხლებლად შემოუნახეს, მაგრამ იმას, რაც გადარჩა, ახალი საშიშროება ემუქრება. აბასთუმნის ტყეების ჩეხამ, შესაძლოა, მთლიანად შეცვალოს ის მიკროკლიმატი, რომელიც მთელ ყოფილ საბჭოთა სივრცეში უნიკალურ ასტროკლიმატად მიიჩნეოდა და, ჯერჯერობით, ისევ მიიჩნევა. ცალკე საკითხია სამეცნიერო ცენტრის მატერიალურ-ტექნიკური პრობლემები და ამ პრობლემებისადმი ხელისუფლების აბსოლუტური უყურადღებობა.

აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ტერიტორიაზე ფეხის დაბიჯებისთანვე, პირველ რიგში, თვალში გეცემათ შელახული შენობები, რაც უმალვე დაგარწმუნებთ იმაში, რომ აქაურობას შემწე არ ჰყავს. სისუფთავე, წესრიგი და, რაც მთავარია, სამეცნიერო ცენტრის თანამშრომელთა საქმისადმი დამოკიდებულება კი უნებლიედ გაფიქრებინებთ, რომ აქაურებს ნორმალურად უხდიან და ამიტომაც ეკიდებიან საქმეს ისეთივე ენთუზიაზმით, როგორც შედარებით დალხინებულ პერიოდში ეკიდებოდნენ. ეს ასე, რა თქმა უნდა, არ არის. აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია და მისი პრობლემები ცენტრში დიდი ხანია დაივიწყეს. სამეცნიერო ცენტრსაც და მის თანამშრომლებსაც დიდი ხანია უჭირთ, მაგრამ ამ გასაჭირისთვის არავინ იცლის. როგორც ობსერვატორიის დირექტორის მოადგილე გურამ სალუქვაძე ამბობს :

[გურამ სალუქვაძის ხმა] "საშუალო ხელფასი არის 40-45 ლარი. 10 ლარიც აქაურებისთვის ფულია. აქ არაფერი არ არის, არავის შეუძლია მეურნეობა აწარმოოს. აქ ყველა არის ხელფასზე. აქ არა აქვთ საშუალებები, რომ გვერდითი სამსახური ნახონ."

ის, რაც 40-45 ლარად ფასდება, ფასდაუდებელი ამაგია, თბილისის, ასე თუ ისე, კომფორტული პირობების დათმობა და წელიწადის დიდი ნაწილის მთაში გატარებაა იმის შესანარჩუნებლად, რასაც საფუძველი გასული საუკუნის 30 - იან წლებში ჩაეყარა და რაც დიდი ხნის მანძილზე მსოფლიოში სახელგანთქმული ობსერვატორიის სახელს ატარებდა.

აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია მრავალპროფილიანი ობსერვატორიაა. ათეული წლების მანძილზე ამ სამეცნიერო ცენტრის მუშაობის ძირითადი მიმართულება ჩვენი გალაქტიკის შესწავლა იყო. ამას გარდა, ობსერვატორიიდან წარმატებით მიმდინარეობდა ვარსკვლავებზე დაკვირვება, სხვა გალაქტიკების შესწავლა თუ მზის ზედა ფენებში მიმდინარე ფიზიკური პროცესების გამოკვლევა, პარალელურად - დედამიწის ატმოსფერული ფენების შესწავლა. სამეცნიერო ცენტრიდან დაკვირვებები დღესაც გრძელდება, მაგრამ არა ისეთი ინტენსივობით, როგორც ადრე ხდებოდა. ტექნიკური აღჭურვილობა ამის პირობებს ვეღარ ქმნის და, თუ ტყის მასივების მასიური ჩეხაც გაგრძელდება, მოვა დრო, როცა აბასთუმნის ობსერვატორიიდან დაკვირვებები, უბრალოდ, შეუძლებელი იქნება.

სწორედ უნიკალური მიკროკლიმატი, ჰაერის მაქსიმალური გამჭვირვალობა და მდგრადი ამინდები გახდა აბასთუმნის მახლობლად, ყანობილის მთაზე, ობსერვატორიის დაარსების წინაპირობა. ტყის ჩეხამ კი ამ მიკროკლიმატში გარკვეული ცვლილებები უკვე შეიტანა. აბასთუმნის ტყე უმოწყალოდ ნადგურდება. ობსერვატორიის ტერიტორიაზე დილიდან დაღამებამდე ისმის ხის საჭრელი აპარატის გრუხუნი და ვერ გეტყვით, რამდენად აწუხებს ეს ხმა სამხარეო რწმუნებულს, რომელიც სამეცნიერო ცენტრის ტერიტორიაზე ზაფხულობით ხშირად გრილდება ხოლმე. ამ პრობლემას, ისევე როგორც ობსერვატორიის სხვა პრობლემებს, არავინ ეხმიანება. ობსერვატორიაზე მინიმალური მზრუნველობის გამოჩენის მოკრძალებული მოთხოვნით მეცნიერებმა 2002 წელს პრეზიდენტს მიმართეს, წელს კი - სახელმწიფო მინისტრს, მაგრამ ამაოდ. გურამ სალუქვაძეს მთავრობის გულგრილობა უცნაურად ეჩვენება და აი, რატომ :

[ გურამ სალუქვაძის ხმა] " ბატონი შევარდნაძე ობსერვატორიას კარგად იცნობს. 1982 წელს, როცა აღვნიშნეთ ობსერვატორიის დაარსებიდან 50 წლის იუბილე, მან აქ მთელი დღე დაყო, შემდეგაც იყო. ასე რომ, მან კარგად იცის ობსერვატორიის პრობლემები, მაგრამ დახმარებები არაფერი მოდის მთავრობიდან. "

წელს ობსერვატორიის დირექციამ სახელმწიფო მინისტრს სთხოვა დახმარება უწყვეტი ელექტროენერგიის მიღების პრობლემის გადასაჭრელად. უწყვეტი ელექტროენერგია ობსერვატორიის მუშაობისთვის სასიცოცხლოა. ავთანდილ ჯორბენაძემ მის სახელზე გაგზავნილი წერილობითი მოთხოვნა რეაგირებისთვის ფინანსთა სამინისტროში გადაგზავნა და ყველაფერი ამით დამთავრდა. აბასთუმნის ობსერვატორიის რეაბილიტაციის იდეაც მარტო მის თანამშრომლებს აღელვებთ, თანადგომას მათ არავინ უცხადებს, მთავრობაში კი უყვართ ხშირად გაიმეორონ ფრაზა - "მეცნიერება და კულტურა გადაარჩენს საქართველოს."
XS
SM
MD
LG