Accessibility links

არასამთავრობო ორგანიზაციები საარჩევნოდ მობილიზაციას აცხადებენ


ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესის მიღების შემდეგ საქართველოს პარლამენტი, კვორუმის უქონლობის გამო,

სხდომებს ვერ მართავს. არადა, დეპუტატებს განსახილველი აქვთ მეტად მნიშვნელოვანი საკითხი - ინტერფრაქციული ჯგუფის მიერ მომზადებული საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი. არასამთავრობო ორგანიზაციები ცვლილებათა პროექტისადმი დეპუტატების ზერელე დამოკიდებულების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ. მათი აზრით, ორი ფაქტორი - ცვლილებების დამტკიცება პლუს არასამთავრობო ორგანიზაციათა სრული მობილიზაცია - სამართლიანი არჩევნების ჩატარებისა და მოსალოდნელი ძალადობის თავიდან აცილების სერიოზულ წინაპირობას შექმნის.

ნანა კაკაბაძე, თავმჯდომარე არასამთავრობო ორგანიზაციისა "პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის", მიიჩნევს, რომ, შესწორებების მიღების გარეშე, ანუ ძველი კანონით, ისეთი არჩევნების ჩატარება, როგორსაც ქართული საზოგადოება ელის, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია. მისი თქმით, ცვლილებების მიღებითა და არჩევნების მკაცრი მონიტორინგით, გაყალბებასთან ბრძოლა სავსებით შესაძლებელია. ინტერფრაქციული ჯგუფის მიერ მომზადებულ კანონპროექტში ნანა კაკაბაძეს ყველაზე მეტად ის ცვლილება ხიბლავს, რომელიც საარჩევნო უბანზე დაფიქსირებული შედეგების გამჭვირვალობას ითვალისწინებს. ამავე საკითხის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის, "სამართლიანი არჩევნების", ხელმძღვანელი ზურაბ ჭიაბერაშვილი:
[ზურაბ ჭიაბერაშვილის ხმა] "ცვლილებებში შეტანილია პუნქტი, რომელიც საარჩევნო უბანზე ეგრეთ წოდებული სადემონსტრაციო ოქმის არსებობას ითვალისწინებს. "

არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლების თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ის ცვლილება, რომელიც ოფიციალური ოქმების ათ ეგზემპლარად წარმოდგენას გულისხმობს, რაც, თავის მხრივ, ხმების პარალელური დათვლის მექანიზმის ამოქმედებას შეუწყობს ხელს.

ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, ინტერფრაქციული ჯგუფის მიერ მომზადებული ცვლილებები, დადებითის გარდა, უარყოფით პუნქტებსაც შეიცავს. კერძოდ, საუბარია საუბნო კომისიის თავმჯდომარის უფლებაზე - ერთპიროვნულად გადაწყვიტოს წევრის კომისიიდან გაყვანის საკითხი, მაშინ, როცა გაძევებულის უკან დაბრუნებას ხმათა უმრავლესობა სჭირდება. ჭიაბერაშვილის აზრით, პარლამენტის შეკრება ცვლილებებში მოხვედრილი ამგვარი დეფექტების გამოსასწორებლადაც არის საჭირო.

კიდევ ერთი არგუმენტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანასა და მკაცრი მონიტორინგის დაწესების აუცილებლობაში არწმუნებს, არჩევნების მოახლოების პარალელურად ძალადობის მოსალოდნელ ესკალაციას უკავშირდება. ნანა კაკაბაძე "ლეიბორისტებსა" და გაერთიანება "სამშობლოს" აქტივისტებს შორის მომხდარ შეტაკებას აზოგადებს და ასეთ დასკვნას აკეთებს.
[ნანა კაკაბაძის ხმა] "ასეთი სახის შეტაკებები შეიძლება ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ სისხლის ღვრაც კი მოხდეს. ეს არის მოსალოდნელი, რა თქმა უნდა, და ამის თავიდან ასაცილებლადაც საჭიროა ნეიტრალური, მიუკერძოებელი პოზიციის არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვა მონიტორინგის პროცესში" [სტილი დაცულია]

არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები დარწმუნებულნი არიან, რომ არჩევნების ბედი არა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, არამედ საარჩევნო უბნებზე წყდება. ამ ფაქტის გათვალისწინებით, მათთვის გაუგებარია კანონში შესატანი ცვლილებებისადმი დეპუტატების - მათ შორის, ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის - ზერელე დამოკიდებულება.
XS
SM
MD
LG