Accessibility links

logo-print

რატომ დაიძაბა ურთიერთობა პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის?


თამარ ჩიქოვანი, თბილისი პარლამენტართა მხრიდან პარლამენტის სხდომების მიმართ გამოუცხადებელი ბოიკოტირების ტრადიცია გრძელდება

- 7 აგვისტოს პარლამენტში სამჯერ ჩატარებული რეგისტრაციის შემდეგ, კვორუმის უქონლობის გამო, პარლამენტის სხდომა სამშაბათისთვის გადაიდო. პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე უნდა დაამტკიცოს ცვლილებები და დამატებები საარჩევნო კოდექსში და 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის სეკვესტრი. თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის ვარაუდით, 7 აგვისტოს სამთავრობო ფრაქციების სხდომაზე გამოუცხადებლობის ნამდვილი მიზეზი ენერგეტიკული საკითხების განხილვაა.

შეიძლება ითქვას, რომ ეი-ი-ეს თელასის აქციების რუსეთის ენერგოკომპანიისთვის მიყიდვის ფაქტი იმ უკანასკნელ წვეთად იქცა, რომელმაც პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის არსებული ჩუმი გაღიზიანება საჯარო გახადა. ჯერ ერთი თვეც არ გასულა მას შემეგ, რაც პრეზიდენტ შევარდნაძის მიერ ნინო ბურჯანაძის მისამართით კომპლიმენტი ითქვა, - პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს პარლამენტს ძალიან კარგი თავმჯდომარე ჰყავს, რომელსაც გაფრთხილება სჭირდება, - რომ პრეზიდენტი შევარდნაძე საკუთარი მინისტრების თანდასწრებითა და ტელეკამერების წინ მთავრობის სხდომაზე მისულ ნინო ბურჯანაძეს აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაში ჩარევას უკრძალავს და პარლამენტში არსებული პრობლემების მოგვარებას ურჩევს. პრეზიდენტის დაუფარავი გაღიზიანებით დაბნეული პარლამენტის თავმჯდომარე მთავრობის სხდომას ტოვებს.

ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, რა ტაქტიკას აირჩევს ახალ სიტუაციაში პარლამენტის თავმჯდომარე, რომელსაც აქამდე რადიკალური ოპოზიციის ლიდერები პრეზიდენტ შევარდნაძისადმი ლოიალურ დამოკიდებულებას სდებდნენ ბრალად. მაგალითად, ნაციონალური მოძრაობის ლიდერის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყებს ფიქრს პარლამენტის თავმჯდომარესთან საარჩევნოდ ბლოკის შექმნაზე, თუ იგი, ანუ ნინო ბურჯანაძე, მკაფიოდ ჩამოაყალიბებს თავის დამოკიდებულებას არა შევარდნაძის ხელისუფლების, არამედ პირადად ედუარდ შევარდნაძის მიმართ. დაბალანსებული და ფრთხილი პოლიტიკოსის სახელის მქონე ზურაბ ჟვანიამ, რომელიც აქამდე ერიდებოდა ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკისგან გამიჯვნას, 6 აგვისტოს განაცხადა, რომ იგი საბოლოოდ გამოემშვიდობა პოლიტიკოს ედუარდ შევარდნაძეს, " ადამიანს, რომელიც, შეცდომების მიუხედავად, ეფექტურ საგარეო პოლიტიკას წარმართავდა და ქმნიდა იმის ილუზიას მაინც, რომ საქართველო აპირებს, დემოკრატიის გზას დაადგეს."

პარასკევს, 8 აგვისტოს, ნინო ბურჯანაძე იმ პრინციპების პრეზენტაციას გეგმავს, რომლის ირგვლივაც, მისი ვარაუდით, ძლიერი მოძრაობის ჩამოყალიბება იქნება შესაძლებელი. ამ ეტაპისთვის ნინო ბურჯანაძის ყველაზე რეალურ საარჩევნო პარტნიორებად ისევ და ისევ ზურაბ ჟვანიას პარტია და დავით სალარიძის მოძრაობა სახელდება. კულუარული ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარის კონსლუტაციები რეზო შავიშვილთან წარუმატებლად დასრულდა. სავარაუდოდ, მოძრაობას შეუერთდებიან ცნობილი და უცნობი ქალი პოლიტიკოსები. მაგალითად, საუბარია ტრადიციონალისტთა კავშირის წევრ მაია ნადირაძეზე, რომელიც ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ხვდება ნინო ბურჯანაძეს.

რა ბედი ელით ყოფილ სპიკერებს საქართველოში? - ვახტანგ გოგუაძის მაგალითით თუ ვიმსჯელებთ, არცთუ სახარბიელო. 1992-95 წლების მოწვევის პარლამენტის სპიკერის ბედი გამონაკლისია თუ ტენდენცია, ეს გაირკვევა 2 ნოემბრის არჩევნების შემდეგ, რომელშიც წარმატების მიღწევას ერთბაშად ორი ყოფილი სპიკერი - ნინო ბურჯანაძე და ზურაბ ჟვანია - შეეცდება.
XS
SM
MD
LG