Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივლისის ბიუჯეტიც "გაირღვა"


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საერთაშორისო სავალუტო ფონდში საქართველოს დელეგაციის სტუმრობამდე ხელისუფლება ივლისის ბიუჯეტსაც აგდებს.

სეკვესტრისათვის განწირული ბიუჯეტი, რომელსაც საკანონმდებლო ხელისუფლება მომავალ კვირაში განიხილავს, შესაძლოა, უახლოეს თვეებში ისევ შესასწორებელი გახდეს. მთავრობა არჩევნების წინ რამდენიმე თვით ადრეც ვერ ახერხებს თავისი ვალდებულებების შესრულებას და თავს უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იგდებს.

სახელმწიფო ხაზინამ გამოაქვეყნა ივლისის თვის საბიუჯეტო გეგმის შესრულების მაჩვენებლები, რომლის მიხედვითაც, ისედაც გარღვეულ ბიუჯეტს კიდევ 91 მილიონ 400 ათასი ლარი დააკლდა.

საბიუჯეტო კრიზისი ახალ ფაზაში შედის. მანამდე მთავრობა სეკვესტრის პროექტზე მუშაობდა და, უწყებებს შორის ვაჭრობის გამო, პროექტის შეტანა ისედაც დაგვიანდა. პარლამენტი კორექტირებას მხოლოდ მომავალ კვირაში განიხილავს. ამ დროისათვის კი ბიუჯეტის დეფიციტი გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე ეს სეკვესტრით არის გათვალისწინებული.

სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, ცენტრალური ბიუჯეტი შესრულებულია 84 პროცენტით, გარღვევა 77 მილიონ 990 ათასი ლარია.

სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებმა თვის ბოლო დღეს, 31 ივლისს, 25 მილიონ 180 ათასი ლარი შეადგინა; მათ შორის, საგადასახადო შემოსავლები 22 მილიონ 490 ათასს უტოლდება. საინტერესოა, რომ თვის სხვა დღეებში საშუალო შემოსავალი მხოლოდ 1,5-2 მილიონი ლარი იყო, ანუ ბოლო დღეებში გადასახადების ფორსირებულად ამოღების და ტრადიციული ციფრებით მანიპულირების ტაქტიკა ფინანსთა სამინისტროს არსენალში კვლავ არ შესუსტებულა. არადა, ცოტა ხნის წინ ამ უწყების წარმომადგენლები გვარწმუნებდნენ, რომ გადასახადების არითმულობის პრობლემა მოგვარდებოდა.

საგადასახადო დეპარტამენტმა 7 თვის გეგმა 57 პროცენტით, ხოლო საბაჟო დეპარტამენტმა მხოლოდ 45 პროცენტით შეასრულა. ამ ფონზე მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტის მხრიდან მინისტრების ტრადიციული დამუნათება ვერაფერი შეღავათია დაუფინანსებელი პროგრამებისათვის. ხელისუფლება არჩევნების წინაც კი ვერ ახერხებს თავისი რესურსების მობილიზებას და მოსახლეობისათვის ელემენტარული პირობების შექმნას.

გარდა იმისა, რომ ბიუჯეტის დეფიციტი პერმანენტულად იზრდება და მისი შესრულების ილუზია უკვე აღარავის აქვს, იქმნება უკიდურესად არასასიამოვნო სიტუაცია - რამდენიმე დღეში მთავრობამ ვაშინგტონში სავალუტო ფონდს ბოლო მისიის მიერ დატოვებული სამახსოვრო ჩანაწერის შესრულების ანგარიში უნდა წარუდგინოს. მთავრობა გამოუვალ მდგომარეობაშია, რადგან ამ დროისათვის, ფაქტობრივად, რეკომენდაციების არც ერთი პუნქტი არ არის შესრულებული. არადა, სამახსოვრო ჩანაწერის ის ნაწილი, რომელიც ხელისუფლებას 15 აგვისტომდე უნდა შეესრულებინა, გაცილებით მარტივი იყო, ვიდრე ის ვალდებულებები, რაც შემდგომ პერიოდში ვიკისრეთ. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლება მარტივი ამოცანის გადაჭრას ვერ ახერხებს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შემდგომ კეთილგანწყობაზე ფიქრი მეტისმეტი ოპტიმიზმი იქნება.
XS
SM
MD
LG