Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ არ ქენჯნის სინდისი დამხობილ დიქტატორებს?


ანდრო ეული, პრაღა ცნობამ იმის შესახებ, რომ საუდის არაბეთში მყოფი უგანდელი დიქტატორი იდი ამინი სიკვდილის პირზეა მისული,

ხელახალი დისკუსია გამოიწვია იმის თაობაზე, რომ დიქტატორებს პასუხი აგებინონ წარსულში ჩადენილი დანაშაულისთვის. იტალიელმა ჟურნალისტმა რიკარდო ორიზიომ ინტერვიუ ჩამოართვა რამდენიმე გადამდგარსა და ყველაზე სისხლიან დიქტატორს, და მიღებული შთაბეჭდილება აღწერა ახლახან გამოქვეყნებულ წიგნში: "შეხვედრა შვიდ დიქტატორთან".

როცა იგი უგანდას მართავდა 70-იან წლებში, იდი ამინს ბადალი არ ჰყავდა. თავად აფრიკის კონტინენტზე, სადაც ყოველთვის მრავლად იყვნენ ულმობელი დიქტატორები, იდი ამინი ყველაზე საშიში ლიდერი იყო.

1979 წლამდე, როცა იგი დაემხო, არაპროგნოზირებადმა, პარანოიდმა და მანიით შეპყრობილმა ამინმა ასეული ათასობით თანამემამულე გამოასალმა სიცოცხლეს და გააჩანაგა უგანდის ეკონომიკა. აი რა უთხრა ჩვენი რადიოს კორესპონდენტს იტალიელმა ჟურნალისტმა რიკარდო ორიზიომ, რომელმაც რამდენიმე გადამდგარ დიქტატორს, მათ შორის იდი ამინსაც ჩამოართვა არც თუ დიდი ხნის წინათ ინტერვიუ [რიკარდო ორიზიოს ხმა]: "ყველას კარგად გვახსოვს, რომ იდი ამინი გონებაარეული აფრიკელი ლიდერი იყო, რაღა თქმა უნდა, რომელმაც შეკითხვაზე, მართლაც იყო იგი კანიბალი თუ არა, მიპასუხა: არა, ადამიანის ხორცი არ მომწონს. ერთი-ორჯერ გავსინჯე, მაგრამ ჩემთვის ძალზედ მარილიანიაო".

თავდაპირველად ლიბიაში გაქცეული იდი ამინი ბოლოს საუდის არაბეთში დასახლდა, სადაც პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო, როგორც მუსლიმანმა, და მთავრობამ, ამინსა და მის ანტურაჟს სახლი დაუთმო და კარგი პენსიაც დაუნიშნა.

ვიდრე უკანასკნელად მოათავსებდნენ მას საავადმყოფოში, სადაც უგრძნობ მდგომარეობაშია გადაგვარებული ღვიძლითა და თირკმელით, ამინი არხეინად ცხოვრობდა საუდის არაბეთის ზღვისპირა ქალაქ ჯედაში, ლოცულობდა ადგილობრივ მეჩეთში, ქალაქის სავაჭრო ცენტრში მიდიოდა ხშირად შვილებთან ერთად, ხოლო საღამოობით ზღვის სანაპიროზე სეირნობდა.

იტალიელმა ჟურნალისტმა რიკარდო ორიზიომ ავადმყოფობამდე მოინახულა ჯედაში უგანდის ყოფილი სამუდამოდ არჩეული პრეზიდენტი და შეექმნა იმგვარი შთაბეჭდილება, რომ ამინი სულაც არ განიცდის სინდისის ქეჯნას და ძველ დროს მისტირის.

ვიდრე პრეზიდენტი და მასობრივი მკვლელი გახდებოდა, იდი ამინი კრივით იყო გატაცებული, და უგანდის ჩემპიონიც გახდა. ერთ ხანს ამინმა ოლიმპიურ თამაშებში მოისურვა მონაწილეობა უგანდის მოკრივეთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. ბოლოს მრჩეველმა შეაცვლევინა სამუდამოდ არჩეულ პრეზიდენტს ეს აკვიატებული აზრი.

ამინის გარდა რიკარდო ორიზიო გაესაუბრა ერთ დროს ყოვლისშემძლე სხვა დამხობილ დიქტატორებსაც, მაგალითად ჰაიტის "ბები დოკ" დუვალიეს, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობს ლტოლვილის სტატუსით; ეთიოპიის ავადსახსენებელ პოლკოვნიკს მენგისტუ ჰაილე მარიამს, ზიმბაბვეში რომ ატარებს დარჩენილ წლებს, და პოლონელ გენერალს ვოიცეხ იარუზელსკის, რომელიც პენსიონერია და სამშობლოში ცხოვრობს. და იტალიელი ჟურნალისტი იმითაა განცვიფრებული, რომ ამ ადამიანებს, ისევე, როგორც იდი ამინს, სულაც არა აწუხებს საკუთარი ნამოქმედარი და ისინი სინდისის ქენჯნას არ განიცდიან.

რიკარდო ორიზიოს ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ სისხლიანი დიქტატორები, ადრე თუ გვიან, ახლახან შექმნილი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე წარდგებიან.
XS
SM
MD
LG