Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

7 აგვისტოს სისხლიანი დღე ბაღდადში


7 აგვისტოს ბაღდადში იორდანიის საელჩოს აფეთქება, გარდა იმისა, რომ ძალიან სისხლისმღვრელი აღმოჩნდა, დიდი საფიქრალი გაუჩინა კოალიციის ჯარებს. ეს იყო დანაღმული მანქანით განხორციელებული პირველი აფეთქება ერაყში; ტერაქტი ამჯერად

მიმართული იყო არა კოალიციის სამხედროების, არამედ სამოქალაქო პირების მიმართ და მესამე - ტერაქტის სამიზნე იყო მეზობელი ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობა. კოალიციის ძალებს სხვა რამაც აფიქრებთ - ამ სასტიკი აქტის ავტორის ვინაობა. პასუხისმგებლობა აფეთქებაზე ჯერჯერობით არავის აუღია.

ბაღდადში იორდანიის საელჩოსთან მოქალაქეები ვიზების რიგში იდგნენ, როცა საელჩოს მახლობლად აფეთქდა ავტომანქანა. აფეთქებისგან დაინგრა საელჩოს ქუჩისგან გამომყოფი კედელი. როგორც მოგვიანებით გაირკვა, დაიღუპა 11 ადამიანი და დაშავდა სულ ცოტა - 65. ეს იყო ერაყში ყველაზე სისხლიანი დღე ძირითადი საომარი ოპერაციების დასრულების გამოცხადების დღიდან, ანუ 1 მაისიდან დღემდე. 7 აგვისტოს იორდანიის საელჩოს აფეთქება არ იყო ამ დღის ერთადერთი სისხლიანი ინციდენტი ერაყში. ამ აფეთქებიდან სულ ცოტა ხანში ბაღდადის ცენტრში ამოუცნობმა შეიარაღებულმა პირებმა ჯერ ამერიკელთა სამხედრო მანქანა ააფეთქეს, შემდეგ კი ცეცხლი გაუხსნეს ამერიკელ სამხედროებს. ამერიკელები თავიანთ თანამებრძოლებს დაელოდნენ, რომლებიც სულ მალე მიეშველნენ კიდეც მათ და გაანადგურეს შენობა, საიდანაც თავდამსხმელებმა ცეცხლი გახსნეს. ოთხშაბათს ღამით კი ასევე ბაღდადის ცენტრში ორი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა. თუმცა, ყველაზე ტრაგიკული ინციდენტი მაინც იორდანიის საელჩოს აფეთქება იყო, რომლის მოტივაციაზეც დღეს მხოლოდ ვარაუდები არსებობს. ყველაზე გავრცელებული ვერსიით ეს შეეძლოთ გაეკეთებინათ ანტიამერიკულად განწყობილ მეამბოხეებს იმისათვის, რომ ასეთი გზით სამაგიერო გადაეხადათ იორდანიის ხელისუფლებისთვის იმის გამო, რომ მან ერაყში ომის დროს კოალიციის ძალებს საკუთარი ტერიტორიის გამოყენების უფლება მისცა.

შეერთებული შტატების ხელისუფლების წარმომადგენლები შიშობენ, რომ ერაყში მოქმედი შეიარაღებული ისლამისტური დაჯგუფებები სადამ ჰუსეინის მომხრე ძალებთან გაერთიანდებიან და ტერორისტულ თავდასხმებს განახორციელებენ.

ერაყის სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პოლ ბრემერი ამასწინათ აცხადებდა, რომ ანსარ ალ-ისლამის შეიარაღებული დაჯგუფების წევრები, რომლებმაც ომის დროს დატოვეს ჩრდილოეთ ერაყში არსებული ბაზები, ახლა ბრუნდებიან ერაყში. როგორც ვარაუდობენ, ანსარ ალ-ისლამის დაჯგუფებას კავშირი აქვს ალ ყაიდასთან. სახმელეთო ჯარების სარდალი ერაყში გენერალი რიკარდო სანჩესი კი სრულებით არ გამორიცხავს ალ ყაიდას ყოფნას ერაყში.

იყო ვერსიაც, თითქოს იორდანიის საელჩო სადამ ჰუსეინის მოწინააღმდეგეებმა ააფეთქეს იმის გამო, რომ იორდანიამ თავშესაფარი მისცა სადამ ჰუსეინის ორ ქალიშვილს.

საელჩოების უსაფრთხოების უზრუნველყოფა არ იყო კოალიციის საქმე, ეს ერაყის პოლიციის პასუხისმგებლობის სფეროა. დასავლეთი ბაღდადის პოლიციის განყოფილების უფროსი ამირ ნიიფი ახლა აცხადებს, რომ აფეთქებამდე ერთი დღით ადრე იორდანიის საელჩოს დაცვის თანამშრომლებს საელჩოს წინ ჩავლილი მანქანიდან მუქარის წერილი დაუგდეს. წერილი მაშინვე გადაეცა დაცვის უფროსს, რომელიც არ ამბობს რა ეწერა წერილში და ვის შეეძლო მისი გაგზავნა.

ახლო აღმოსავლეთის ექსპერტი, "სანდი ტაიმზის" ჟურნალისტი ჰალა ჯაბერი ასე აფასებს ერაყში არსებულ წინააღმდეგობრივ ვითარებას: [ჯაბერის ხმა] "დიდი მიამიტობა იქნებოდა იმის დაჯერება, რომ მთელი წინააღმდეგობა, რაც ერაყში არსებობს, მხოლოდ ბაათის რეჟიმისა და სადამ ჰუსეინის მომხრეების მიერ ხორციელდება. ეჭვგარეშეა ასეთი ჯგუფები არსებობენ და ისინი თავდასხმებსაც ახორციელებენ, მაგრამ არსებობენ სხვა ჯგუფებიც, რომლებიც ახლა ყალიბდება და ისინი სხვადასხვა მიზეზის - იქნება ეს პირადი შურისძიების თუ უკმაყოფილების გამო - ძალიან ანტი-ამერიკულად არიან განწყობილი. ვიღაცას ამერიკელებმა ოჯახის წევრი მოუკლეს, ვიღაც განრისხებულია ამერიკელთა მიერ ერაყელების შეურაცხყოფის გამო - მაგალითად, იმის გამო, რომ ჩხრეკების დროს ისინი ერაყელ ქალებს ეხებოდნენ. ყველა ეს მიზეზი გროვდება და სხვადასხვა ადამიანს აძლევს სხვადასხვაგვარ საფუძველს წინააღდმეგობის გამოხატვისთვის".

ასეა თუ ისე, იორდანიის საელჩოს აფეთქებაც, მისი წინამორბედი და მისი შემდგომი ინციდენტებიც ერაყში, რომლებიც ადამიანის მსხვერპლით დასრულდა, უპირველეს ყოვლისა ერაყში კოალიციის ჯარების ყოფნის წინააღმდეგ არის მიმართული და ჯერჯერობით დასასრული არ უჩანს.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG