Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ქალები გმობენ პოლიტიკაში ძალადობის ტენდენციის გაჩენას


თამარ ჩიქოვანი, თბილისი მაშინ, როცა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ერთიანი, ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობისთვის აუცილებელი პრინციპების პრეზენტაციას აწყობდა,

სახალხო დამცველის ოფისში შეკრებილი ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეშფოთებას გამოთქვამდნენ ქართულ პოლიტიკაში გაძლიერებულ ძლადობის ტენდენციასთან დაკავშირებით. ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ინიციატივას, მსჯელობის საგანი გამხდარიყო ბოლო დროს თბილისში მომხდარი ფიზიკური ანგარიშსწორების შემთხვევები, პოლიტიკური სპექტრიდან მხოლოდ ორი პარტია გამოეხმაურა - გაერთიანებული დემოკრატების და ლეიბორისტული პარტიის წევრი-ქალბატონები. რა გადაწყვეტილება მიიღეს შეხვედრის მონაწილეებმა?

სახალხო დამცველის ოფისში 8 აგვისტოს გამართული შეხვედრის ერთ-ერთი შედეგი ასეთია: საქართველოს ქალები აუცილებლად მიიჩნევენ პოლიტიკაში ძალადობის დაუშვებლობასთან დაკავშირებით შეხვედრების გაგრძელებას და შეხვედრის მონაწილეთა რაოდენობის გაზრდას, რადგან, ერთსულოვანი განცხადებით, ის, რაც დღეს ხდება წინასაარჩევნოდ საქართველოში, ყოვლად დაუშვებელია. საქართველოს ომბუდსმენის ნანა დევდარიანის აზრით, [ნანა დევდარიანის ხმა] " თუ ვინმე გულში მაინც ამართლებს ძალადობას, მან ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რომ ძალადობა არის ორლესული მახვილივით. ის შეიძლება დღეს სხვას ურტყამს და ხვალ მოგიტრიალდება შენ გარდაუვალად."

კიდევ ერთი ერთსულოვანი განცხადებით, ძალადობის გახშირებას კარგი ნიადაგი შეუქმნა საქართველოში გამეფებულმა დაუსჯელობის სინდრომმა. პარლამენტარ ელენე თევდორაძის აზრით, პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად, ყველა უნდა იყოს დაინტერესებული და მონდომებული, რომ დაისაჯოს ყველა ის მოძალადე, ვინც ყველას თანდასწრებით ავლენს ფიზიკურ ძალადობას. დასახელებული იყო არა მხოლოდ კვირის დასაწყისში ლეიბორისტული და მონარქისტული პარტიების სისხლიანი შეტაკება, არამედ ახლო წარსულის ფაქტებიც: პარლამენტში ვიცე-სპიკერის ვახტანგ რჩეულიშვილის ცემა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების წინ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან მომხდარი შერკინება, ახალი მემარჯვენეების ოფისის დარბევა, კიდევ უფრო ადრე ლაგოდეხში გამართული არჩევნებისას მომხდარი მუშტი-კრივი.
კითხვაზე, რა იწვევს ძალადობას ქართულ პოლიტიკაში, ფემინისტური კლუბის პრეზიდენტი ლიკა ნადარაია ამბობს:

[ლიკა ნადარაიას ხმა] " ბოლო სამი მოწვევის პარლამენტი თითქმის ერთი და იგივეა. არ იცვლება, ანუ არ ახლდება, და არ შედის ახალი იმპულსი. მონოპოლიზირებულია, ფინანსურად გაძლიერებული და მხოლოდ თავის თავში იხარშება. ეს არის სულიერი სტაგნაცია და ამიტომ უკვე ვეღარავის ხედავენ, თავის თავის გარდა."
საინტერესო დაკვირვება: ბოლო დღეებში მომხდარ მუშტი-კრივს საზოგადოება საკმაოდ ინდიფერენტულად აღიქვამს. მეტიც - საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილის აზრით, პოლიტიკურ პარტიათა შორის "საქმის გარჩევა" არანაირად არ ეხება მას, საზოგადოებას. სახალხო დამცველი ასეთ პოზიციას მხოლოდ და მხოლოდ მიესალმება:

[ნანა დევდარიანის ხმა] " ხალხმა ჭკუა ისწავლა. დღეს ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ხალხს ვეღარ გამოიყენებს და ეს ძალიან კარგია. ჩვენ ახლა იმას კი არ ვცდილობთ, რომ საზოგადოება ფიზიკურად შეებას ამ ძალადობას და გაუსწორდეს. ჩვენ ამაზე პასუხისმგებლობას მოვითხოვთ სამართალდამცველებისგან. ჩვენ ეს ხალხი გვყავს დაქირავებული მხოლოდ ამიტომ, რომ საზოგადოება იყოს დაცული და უსაფრთხოება იყოს გარანტირებული. რატომ უნდა ჩაერიოს რიგითი მოქალაქე ამ ამბავში? პირიქით, ეს არის ძალიან ჯანსაღი მიდგომა: შენ რომ შენი სკამის მოპოვებისთვის იბრძვი, მე თავს ამისთვის არ გაგალახინებ."

სად არის გამოსავალი? - თუ ქალთა ერთი ჯგუფის აზრით, ურიგო არ იქნება ქალთა ძლიერი პარტიის შექმნა და ხელისუფლებაში მოსვლა, მეორეთა აზრით, იმ შემთხვევაში, თუ ძალადობა გაგრძელდა, ქალებმა არჩევნებს ბოიკოტი უნდა გამოუცხადონ, რათა მოძლადეების გამარჯვებას არ შეუწყონ ხელი. ცნობისთვის: საქართველოში ამომრჩეველთა უმრავლესობა სწორედ ქალია.
XS
SM
MD
LG