Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

''მეათე სტუდია''


"მეათე სტუდიის" დღევანდელი, 499-ე გამოშვება ერთგვარ ახალგაზრდულ პროგრამად შეიძლება ჩაითვალოს:

თითქმის ყველა თემა, რომელსაც შემოგთავაზებთ, ბავშვებს, სტუდენტებს შეეხება. ჯერ გიამბობთ, როგორ დაისვენეს საზაფხულო ბანაკში აფხაზმა და აფხაზეთიდან დევნილმა ბავშვებმა ერთად, მოგიყვებით, რაზე დავობენ უნივერსიტეტის სტუდენტები და რექტორი, შემდეგ თქვენს ყურადღებას პრაღისკენ გადმოვიტანთ, სადაც ახალგაზრდული ქრისტიანული ორგანიზაციების ვროპული ალიანსის 30-ე წლისთავი აღინიშნა - ქართველი ახალგაზრდების მონაწილეობით. ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით პრაღაში იმყოფება საქართველოს ახალგაზრდობის ქრისტიანული ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ ბოკუჩავა, რომელიც მეათე სტუდიაში გვესტუმრა. პრაღაში მიკროფონთან მარიამ ჭიაურელია.

[მუსიკა]
ზაფხულში აფხაზი და აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები ერთად ისვენებდნენ

წამყვანი:
საერთაშორისო ორგანიზაციების ხელშეწყობით, აფხაზი და აფხაზეთიდან დევნილი ბავშვების ნეირტალურ ტერიტორიაზე საზაფხულო ბანაკებში ერთად დასვენება უჩვეულოდ აღარ გამოიყურება. მაგრამ წელს ივლისში გამართული საზაფხული ბანაკი, რომელის ასევე აფხაზ და აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს მასპიუნძლობდა, მაინც გამორჩეული გახლდათ - საზაფხული ბანაკი სოხუმში მოეწყო, რაც აქამდე არ მომხდარა. სოციალურად დაუცველმა აფხაზმა ბავშვებმა და აფხაზეთიდან დევნილთა შვილებმა, ვისაც აქამდე აფხაზეთზე მხოლოდ სმენია, ერთი თვე სოხუმში გაატარეს. თამარ ჩიქოვანი ესაუბრა ამ პროექტის ავტორის, ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ინსტიტუტის თანამშრომელს ლელა ავიძბას, რომელმაც მთელი თვე ბავშვებთან ერთად სოხუმის საზაფხულო ბანაკში გაატარა.
[იხ. აუდიოვერსია]

[მუსიკა]
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: დავა სტუდენტებსა და რექტორს შორის

წამყვანი:
ამ კვირაში თბილისის საოლქო სასამართლოში გადაიდო პროცესი, სადაც მოპასუხე მხარედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, განათლების სამინისტრო და საქართველოს პრეზიდენტი გამოდის, ხოლო მოსარჩელედ - სტუდენტების ჯგუფი. ცოტა ხნის წინ ამავე ჯგუფმა საოლქო სასამართლოში წააგო პროცესი, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შარშანდელი მისაღები გამოცდების უკანონოდ ცნობას ითხოვდა. წელს სტუდენტთა სარჩელი მოითხოვს, როინ მეტრეველი არაუფლებამოსილად ცნონ უნივერსიტეტის რექტორის პოსტზე. დავით პაიჭაძე მოგითხრობთ, რა არგუმენტები აქვთ მხარეებს.

დავით პაიჭაძე:
2003 წლის აპრილში როინ მეტრეველი მესამე ვადით აირჩიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად. სტუდენტები ამ არჩევნების ბათილად ცნობას მოითხოვენ. პირველი არგუმენტი ის გახლავთ, რომ რექტორი აირჩია დიდმა საბჭომ, რომელსაც არ ჰქონდა საამისო უფლებამოსილება. განათლების კანონი მოითხოვს, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოქმედებდეს ორი - სამეცნიერო და სამეურვეო საბჭო. ჩვენთან საუბრისას მოსარჩელე, უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი, თეა თუთბერიძე ამბობს:

[თუთბერიძის ხმა] "სამეურვეო საბჭოს ფუნქციებში შედის თანხების მოზიდვა, რაციონალურად განკარგვა, მათი კონტროლი და ა.შ. ხოლო სამეცნიერო საბჭოს ფუნქციაა სამეცნიერო საქმიანობა, რექტორის არჩევა. უნივერსიტეტში დღემდე არ არსებობდა სამეცნიერო საბჭო. არსებობდა დიდი საბჭო, რომელიც ასრულებდა სამეცნიერო და სამეურვეო საბჭოს ფუნქციებს. ორივე ორგანოს ფუნქციები ამ ერთის შემადგენლობაში იყო შერწყმული, რაც კანონდარღვევას წარმოადგენდა".

თეა თუთბერიძის თქმით, უნივერსიტეტის წესდების მიხედვით, არ არსებობს ორგანო, რომელიც შეასრულებს სამეცნიერო საბჭოს ფუქნციებს, ანუ ყველა სხვა ორგანოს მიერ სამეცნიერო საბჭოს კომპეტენციაში შეჭრა უკანონო ქმედებაა.

სტუდენტთა ამ არგუმენტს მოპასუხე მხარის ადვოკატი, დავით ჯანდიერი უსაფუძვლოდ მიიჩნევს, რადგან, მისი თქმით, დიდი საბჭო, ფუნქციონალური დატვირთვითა და შემადგენლობით, სწორედ სამეცნიერო საბჭს წარმოადგენს და უპასუხებს კანონის მოთხოვნას, უმაღლესი სასწავლებელი მეცნიერებმა მართონ. ხოლო სახელს პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს. რაც შეეხება უნივერსიტეტში სამეურვეო საბჭოს არარსებობასა და მისი ფუნქციების შეთავსებას დიდი საბჭოს მიერ, დავით ჯანდიერი აღნიშნავს:

[ჯანდიერის ხმა] "უნივერსიტეტის წესდება შეიცვალა და ითვალისწინებს სამეურვეო საბჭოს. სამეურვეო საბჭო არ არის პანაცეა უნივერსიტეტის ეკონომიკური კეთილდღეობის თვალსაზრისით. ის იძლევა მხოლოდ რეკომენდაციებსა და წინადადებებს. რაც შეეხება იმას, თითქოს სამეცნიერო საბჭოს შეთავსებული აქვს სამეურვეო საბჭოს ფუნქციები - ეს არასწორია: წესდებაში კონკრეტულად არის განსაზღვრული სამეცნიერო საბჭოს უფლებამოსილბებები, რაც სრულად ესაბამება კანონს განათლების შესახებ".

მეორე არგუმენტი, სტუდენტები სარჩელის გასამაგრებლად რომ იშველიებენ, შემდეგია: როინ მეტრეველი 1997 წელს აირჩიეს უნივერსიტეტის რექტორად მეორე ვადით და ხუთი წლით. ეს არჩევა მოხდა 1993 წლის წესდების საფუძველზე. ახალი წესდება უნივერსიტეტს პრეზიდენტმა შევარდნაძემ მხოლოდ 2001 წელს დაუმტკიცა, რითაც მიანიჭა უფლება, ვადების შეზღუდვის გარეშე, 6 წლით აერჩია პიროვნება რექტორის პოსტზე. თეა თუთბერიძის თქმით, როინ მეტრეველმა [თუთბერიძის ხმა]: "ეს ერთი წელი სრულიად არაკანონიერად გაიგრძელა და მთელი ერთი წლის განმავლობაში არაუფლებამოსილი რექტორის რანგში მართავდა უნივერსიტეტს. შესაბამისად, ყველა მისი გადაწყვეტილება და ბრძანება ბათილია. იურიდიულად აქ ფაქტი სახეზეა: როინ მეტრეველს არ ჰქონდა უფლება, ერთი წელი რექტორის სტატუსით ემართა უნივერსიტეტი; მას არჩევნები უნდა დაენიშნა 2002 წელს და არა 2003 წლის აპრილის თვეში".

დავით ჯანდიერი მიიჩნევს, რომ სტუდენტთა ეს მტკიცებაც უსაფუძვლოა, რადგან საჯარო დაწესებულება არ შეიძლება არსებობდეს ხელმძღვანელის გარეშე, მით უმეტეს, თუ ეს დაწესებულება შექმნილია განუსაზღვრელი ვადით. ადვოკატი ერთ ასეთ ანალოგიას მოიხმობს:

[ჯანდიერის ხმა] "მართალია, ბატონი როინ მეტრეველისთვის უფლებამოსილება მინიჭებული იყო 5 წლის ვადით, მაგრამ ანალოგიური დებულებები გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციაში (შესაბამისი თავები), რომელიც ეხება საქართველოს პარლამენტს. იქ მითითებულია: მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტს მოსახლეობა ირჩევს 4 წლის ვადით, მისი უფლებამოსილება, მისი ვადა გრძელდება ახალი პარლამენტის არჩევამდე".

სტუდენტების კიდევ ერთი პრეტენზია იმ სხდომის საჯაროობას ეხება, რომელზეც ამა წლის აპრილში როინ მეტრეველი რექტორად აირჩიეს. თეა თუთბერიძე ამბობს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის უფლებამოსილი ორგანოს სხდომა საჯარო უნდა იყოს. მოსარჩელე ასტუდენტები კი, მათი წინასწარი თხოვნის მიუხედავად, არ დაასწრეს ამ სხდომას. სხდომაზე არ შეუშვეს ჟურნალისტებიც. საჯაროობის მოთხოვნის უგულებელყოფა თეა თუთბერიძეს საკმარის საფუძვლად მიაჩნია სხდომისა და მისი შედეგის უკანონოდ ცნობისათვის. დავით ჯანდიერი კი აცხადებს, რომ სტუდენტებს შეეძლოთ ცოტა ადრე მისულიყვნენ უნივერისტეტში. ისინი მაშინ მივიდნენ, როცა სხდომაზე ადგილი აღარ იყო. თვითონ სხდომა კი დახურული არ ყოფილა და კენჭისყრის პროცედურამაც გამჭვირვალედ, მასმედიის დასანახად ჩაიარა.

დავით პაიჭაძე რადიო "თავისუფლებისათვის, თბილისი
[მუსიკა]

პრაღაში ზეიმით აღინიშნა ახალგაზრდული ქრისტიანული ორგანიზაციების ვროპული ალიანსის 30-ე წლისთავი

წამყვანი:
4 აგვისტოს პრაღაში სტარტი აიღო მსოფლიოს ახალგაზრდული ქრისტიანული ასოციაციების 4 დღიანმა საერთაშორისო ფესტივალმა, რომელიც ევროპული ალიანსის შექმნის 30- წლისთავს ეძღვნება. ეს გაერთიანება, რომელიც მსოფლიო ქრისტიანი ახალგაზრდების ფიზიკური, კულტურული და სულიერი განვითარების ხელშეწყობას ითვალისწინებს, 35 ქვეყნის ათიათასობით ახალგაზრდას აერთიანებს. პრაღაში, რომელიც ევროპული ალიანსის დედაქალაქად ითვლება, ამ დღეებში თავი 8000-მდე მონაწილემ მოიყარა. მათ შორის არიან საქართველოს წარმომადგენლები, რომლებმაც ქართული საგალობლებისა და ფოლკლორული სიმღერების შესრულებით დიდი მოწონება დაიმსახურეს - ამ წარმატების ერთ-ერთი მოწმე პრაღაში კობა ლიკლიკაძეც გახლდათ, რომელიც თავის შთაბეჭდილებებს გაგვიზიარებს.

[ქართული მაყრული]

ცნობილი გამოთქმა, რომ საქართველოში ყველა მეორე მოღერალი ან პოეტია, საქართველოს ქრისტიანული ახალგაზრდობის ასოციაციის წევრებმა პრაღაშიც დაამტკიცეს. ამ ასოციაციის ფოლკლორულმა გუნდმა სახელწოდებით"ბიჭები საქართველოდან", რომელიც ჯერ ერთი წლის შექმნილიც არ არის, ევროპელ თანატოლებს სამუდამოდ დაამახსოვრა თავი საუკეთესო შესრულებით ისეთი ქართული სიმღერებისა, როგორებიცაა: "მრავალჟამიერი", "სულიკო", "მაყრული", "თბილისო" და, რა თქმა უნდა, მასპინძლების გულიც რომ მოეგოთ რეპერტუარში ჩეხური სალაღობო სიმღერაც შეიტანეს.

[ჩეხური სიმღერა]

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ახალგაზრდობის ქრისიტიანული ასოციაცია საქართველოში 10 წლის წინ ჩამოყალიბდა. ორგანიზაციის გენერალური მდივანი გელა ჩიხრაძე აცხადებს, რომ ასოციაციამ ამ ხნის განმავლობაში არაერთი პროგრამა განხორციელა ახალგაზრდობის რიგებში დემოკრატიული და ქრისტიანული ფასეულობების დასანერგავად, ასევე მათი და მათი საზღვარგარეთელი სპონსორების დაფინასებით, ყოველწლიურად ეწყობა სხვდასხვა სპორტული თამაშობები, რომლებიც სულ უფრო მეტ ახალგაზრდა ღებულობს მონაწილეობას.

[გელა ჩიხრაძის ხმა] "ჩვენ ამ პროგრამის გარდა ძალიან ბევრი სპორტი გვაქვს, ჩვენ გვაქვს ბეისბოლო, ჩვენ გვაქვს-სტრიტ ბოლი, ჩვენ გვაქვს დემოკრატიული სწავლება. ასე რომ, მრავალპროფილიანი ორგანიზაცია ვართ და ძირითადად ვმუშაობთ ახალგაზრდული პრობლემების მოგვარებაზე, თავისუფალი დროის სწორად წარმართვასა და ყველაფერ იმაზე, რაც ახალგაზრდობას განუვითარებს სულს, გონებას და სხეულს. ასე რომ, ქრისტიანულ პრინციპებზე დაყრდნობით, ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ახალგაზრდობას განვითარებაში."

რაც შეეხება, ქართული ხალხური სიმღერების შესწავლის იდეას, მსოფლიო ქრისტიანული ორგანიზაციების ასოციაციაში არსებობს ტრადიცია, რომ ყველა ეროვნულ ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს საკუთარი საპრეზენტაციო მუსიკალური ნომერი. ბევრ ქვეყანაში, როგორც ეს პრაღის ფესტივალმაც აჩვენა, აქცენტი თანამედროვე საესტრადო სიმღერებზე კეთდება, საქართველომ კი ამ მხრივ ტრადიცია დაარღვია და როგორც აღმოჩნდა ძალიან წარმატებითაც. ქართველ ჭაბუკთა ფოლკლორული ანსამბლის მიერ შესრულებული სიმღერების შემდეგ, პრაღაში ფესტივალის უამრავი სტუმარი დაუფარავად გამოხატავდა თავის აღფრთოვანებას.

[გერმანელი სტუმრის ხმა] "მე ჰაინერ შტადელმაიერი ვარ გერმანიიდან. მაგრამ ძალიან მიყვარს ქართული სიმღერები. ისინი მშვენიერია."

საერთოდ ქართველის ჭაბუკების პირველ წარმატებულ გამოსვლაში საზღვარგარეთ დიდი წვლილი მიუძღვის პროფესიონალ ლოტბარებს მალხაზ თალაკვაძეს და ნანა გელოვანს, საპრეზენტაციო ნომერმა დიდად მოიგო იმით, რომ კონცერტის განმავლობაში, სცენაზე დამაგრებულ ეკრანზე ტრიალებდა ვიდეო-კლიპი - საქართველოს ისტორიული ძეგლებისა და მთავარი ღირსესანიშნაობის - ბუნების ამსახველი კადრებით, რომელიც ახალგაზრდობის ქრისტიანული ასაოციაციის მესვეურებმა სახელმწიფო მუზეუმის თანამშრომელს, ალექსანდრე გვახარიას დაამზადებინეს. თუმცა, წინასწარი მომზადების მიუხედავად, სცენაზე გამოსვლისას ახალბედა მოყვარულ მომღერლებს აშკარად ეტყობოდათ, რომ ღელავდნენ და მათი ეს მდგომარეობა სულაც არ არის გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ, რომ იმავე პრაღის საზაფხულო პარკის სცენაზე, სულ ორიოდე კვირის წინ კონცერტი მსოფლიოში აღიარებულმა "როლინგ სტოუნზმა" გამართა.

[მერაბ აგაშენაშვილის ხმა] "ეს ჩემთვის ძალიან დიდი რაღაცაა, რომ ჯერ პრაღაში ჩამოვედი და სოლისტის როლში, ამ სცენაზე გამოვედი. რათქმა უნდა, ძალიან ვღელავდი, მაგრამ ღვთის რწმენით გამოვედი და ამ რწმენამ, რომ იტყვიან, მამაღერა."

ქართული საშემსრულებლო ხელოვნების ამ ბენეფისს პრაღაში ერთგვარი ხინჯი ჰქონდა, რასაც ქართული კულტურის ბევრი ჭეშმარიტმა ქომაგმა შემაჩნია. რეპერტუარში არ იყო შეტანილი სიმღერები, რომელსაც ქალებიც ასრულებდენე, ამიტომ დელეგაციაში შემავალი გოგონების როლი მხოლოდ ტაშის კვრით და მხარდაჭერით შემოიფარგლებოდა. არადა, როგორც მუსიკალური პროგრამის ხელმძღვანელმა ნანა გელოვანმა გვითხრა, საქართველოს ახალგაზრდობის ქრისტიანული ასაოციაციის რიგებში ბევრი გოგონაა, ვისაც ასევე კარგი ვოკალური მონაცემები აქვს.

[ნანა გელოვანის ხმა] "ბევრია, მაგრამ, სამწუხაროდ, ამის ტრადიცია საქართველოში დაიკარგა, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩაფიქრებული, მომავალში ის, რომ აი სექტემბრიდა, როდესაც განახლდება ჩვენი გუნდის მეცადინეობა, მოვიზიდოთ ახალგაზრდა გოგონები, რომლებსაც სურვილი ექნებათ მონაწიელობა მიიღონ ჩვენი გუნდის მუშაობაში. და ასე რომ, შერეული გუნდის შექმნას ვაპირებთ."

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ახალგაზდობის ქრისტიანულ ასოციაციას კავშირები აქვს მსოფლიოს ყველა ანალოგიურ არასმათავრობო ორგანიზაციასთან, თუმცა გამორჩეულია ურთიერთობა საქართველოსთან დაძმობილებული ამერიკის ჯორჯიის შტატის ქრისტიანულ ახალგაზრდულ ასოციაციასთან, რომლის თანადგომითაც საქართველოში არაერთი პროგრამის განხორციელება მოხერხდა. სხვათა შორის, ძალზე ნიშანდობლივია, რომ ქართულ დელეგაციასთან ერთად ჯორჯიიდან სპეციალურად ჩამოვიდა პრაღაში ამერიკელი სტეფან ჰუსონი, რომელმაც ქართველ ჭაბუკთა ფოლკლორულ ანსამბლის გამოსვლის დროს კონფერანსიეს როლი იკისრა და მშვენივრადაც გაართვა თავი ამ მისიას.

[სტეფან ჰუსონის ხმა] "ჩვენ კარგი მეგობრები ვართ, ჩემი ოჯახი ჯორჯიაში და ჩვენი შტატის ახალგაზრდობის ქრისტიანული ასოციაცია მჭიდროდ თანამშორომლობს ქართველ ახალგაზრდებთან. აქ პრაღაში მე ახლა იმიტომ ჩამოვედი, რომ აუდიტორიას გავაცნო ქართული სიმღერები და ქართული კულტურა. თუმცა, როდესაც ქართველ ბიჭებს ვუსმენდი მეც გამიჩნდა სურვილი შევისწავლო ქართული სიმღერები."

ქართული სიმღერების მოსმენის შემდეგ, სტეფანის მსგვასად ბევრ უცხოეულ ახალგაზრდას გაუჩნდა სურვილი, ახლოს გაიცნონ მათთვის ჯერ კიდევ უცნობი ქვეყანას და სწორედ ამიტომაც მიანიჭეს საქართველოს დელეგაციის წევრებმა ქართულ ხალხურ სიმღერებს, რადგან საეჭვოა, რომ ქართული ესტრადის რომელიმე შლიაგერს იგივე ეფექტი მოეხდინა ევროპელ ახალგაზრდებზე.

[მრავალჟამიერი]

ინტერვიუ საქართველოს ახალგაზრდობის ქრისტიანული ასოციაციის პრეზიდენტთან ზურაბ ბოკუჩავასთან

წამყვანი:
კობა ლიკლიკაძის რეპორტაჟს დავძენ, რომ საქართველოს ახალგაზრდობის ქრისტიანული ასოციაციის ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი თბილისში დაბრუნების შემდეგ სერიოზულ მომზადებას აპირებს, რადგან სულ მალე მას გასტროლები ამერიკის შეერთებულ შტატებში ელის. ჩვენთან კი, "მეათე სტუდიაში", სტუმრად არის პრაღის ფესტივალის ერთ-ერთი მონაწილე, საქართველოს ახალგაზრდობის ქრისტიანული ასოციაციის პრეზიდენტი, არქიტექტორი ზურაბ ბოკუჩავა. მას დავით კაკაბაძე ესაუბრება.

[იხ. აუდიოვერსია]

წამყვანი:
დავით კაკაბაძე ესაუბრა "მეათე სტუდიის" სტუმარს, საქართველოს ახალგაზრდობის ქრისტიანული ასოციაციის პრეზიდენტ, არქიტექტორ ზურაბ ბოკუჩავასს. მათი საუბარი დამთავრდა, მაგრამ ჩვენი გადაცემისთვის განკუთვნილი ერთი საათი ჯერ არ ამოწურულა - ასე, რომ ორიოდე წუთი გვრჩება და საინტერესო ამბების კალეიდოსკოპს შემოგთავაზებთ ....

რომის ცენტრში, სახელგანთქმულ მოედანზე "ფორუმ რომანუმ" იმპერატორ კალიგულას სასახლის ნანგრევები აღმოაჩინეს. გაზეთ "კორიერე დელა სერას" ცნობით, იტალიელი არქეოლოგები გათხრებისას წააწყდნენ კალიგულას რეზიდენციის კედლების ნანგრევებსა და ძვირფას მოზაიკურ გამოსახულებებს. კალიგულა ჩექმას ნიშნავს და გაიუს იულიუს ცეზარ გერმანიკუსის ზედმესტახელია, რომელიც მას ბავშვობაშივე შეეარქვეს, როცა ბიჭუნა ჩექმებით დააბიჯებდა მამის სამხედრო ბანაკში. კალიგულას მმართველობის წლები კი მეტად უსიამოვნო მოგონებებს უკავშირდება: ის, რომის იმპერის მბრძანებელი ჩვენი წელთაღრიცხვით 37-41 წლებში, ისტორიას ერთ-ერთ უსასტიკეს ტირანად შემორჩა.

ჩექმები ეცვა ბრიტანელ სტივ გოგსაც, რომელმაც შიშველმა, ჩექმებისა და ქუდის ამარა მოისურვა ბრიტანეთის სამეფოს ფეხით შემოვლა. როგორც გაზეთი "ტაიმსი" ხუთშაბათის ნომერში იუწყება, სტივ გოგს სასურველ მიზნამდე ათიოდე დღე აშორებდა, როცა ის პოლიციამ დააკავა, ფსიქიატრიული შემოწმება ჩაუტარა და მშობლიურ ქალაქ ლანდს ენდში დააბრუნა. 14 000-კილომეტრიანი მარშით სტივ გოგს სურდა, საჯაროდ გაელაშქრებინა, მისი შეფასებით, მოძველებული კანონების წინააღმდეგ, რომლებიც კრძალავს სიშიშვლეს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას უჩვეულო საქციელის გამო კინოვარსკვლავი ომარ შარიფიც დაისაჯა - არა, ის შიშველი არსად გამოჩენილა, მაგრამ ... პოლიციელს გაარტყა. ინციდენტი პარიზის მახლობლად, კაზინოში მოხდა. როგორც საინფორმაციო სააგენტო "ფრანს პრესი" იუწყება, იქ სახელგანთქმულმა ეგვიპტელმა მსახიობმა ივლისში 30 000-მდე ევრო წააგო და ისე გაჯავრდა, რომ ჯერ კაზინოს პერსონალს ეჩხუბა, შემდეგ კი წესრიგის დასამყარებლად მისულ პოლიციელს თავში უთავაზა. საქმე სასამართლომდე მივიდა და აი, ხუთშაბათს კინოვარსკვლავს ერთთვიანი პირობითი სასჯელი შეუფარდეს - მასვე (კინოფილმების "ლორენს არაბი", სასაცილო გოგონა", "დოქტორი ჟივაგო"- გმირს) ჯარიმის 1500 ევროს გადახდა მოუწევს.

წამყვანი:
დღეს ამ ცნობით დაგემშვიდობებით. "მეათე სტუდია" პრაღაში მოამზადეს დავით კაკაბაძემ, კობა ლიკლიკაძემ და მარიამ ჭიაურელმა. თბილისის ბიუროში ხმის რეჟისორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე.
ლაპარაკობს რადიო "თავისუფლება"
XS
SM
MD
LG