Accessibility links

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა როგორ აპირებს მოსკოვი ტერორიზმთან ბრძოლას და პუტინის ახალი ომი ოლიგარქების წინააღმდეგ,

ამ საკითხებს გავაშუქებთ უცხოეთის პრესის დღევანდელ მიმოხილვაში.
მოსკოვი, აგვისტო, ვითარება დაძაბულია, და რა არის ამაში უცნაური, ყოველთვის ხომ ასე იყო,- ამბობს შავთმიანი, შესამჩნევი გარეგნობის ქალი ალინა და იცინის, - ასე იწყება მოსკოვიდან მიღებული კორესპონდენცია გაზეთ "ბერლინერ ცაიტუნგში".
გაზეთი წერს:

"საუბედუროდ შესამჩნევი გარეგნობა მაქვს", განაგრძობს ალინა, "ვინაიდან ყველა ხვდება, რომ წარმოშობით კავკასიელი ვარ". მას შემდეგ, რაც ივლისის დასაწყისში ორმა ჩეჩენმა თვითმკვლელმა ქალმა აფეთქებები მოაწყო როკ-ფესტივალზე, მოსკოვი კვლავ შიშმა მოიცვა კავკასიელების მიმართ. ალინა გაკვირვებულია, რატომ ფიქრობს ხალხი, რომ ჩეჩნები უცილობლად შავგვრემანები უნდა იყვნენ. მათ შორის ხომ ღიაფერისთმიანებიც არიან, თუმცა მოსკოველისთვის მტერი - სამხრეთელი, შავგვრემანია. ხალხი დამფრთხალია, არ იცის, სადაა მოსალოდნელი ახალი ტერორისტული აქტი. საბუთების შემოწმება ხომ ყოველდღიურ მოვლენად იქცა მოსკოვში, ხოლო უშიშროების გაძლიერებულმა ზომებმა თითქმის აუტანელი გახადა ცხოვრება რკუსეთის დედაქალაქში. როცა კაფეში შევდივარ და მაგიდასთან ვჯდები, განაგრძობს ალინა, შორიახლო მილიციელი ჩერდება და მითვალთვალებს, და გავაბოლებ თუ არა სიგარეტს, მყისვე მიდის - ჩეჩენი ქალები ხომ არ ეწევიან. ალინა ათი წლის წინათ ჩავიდა მოსკოვში სოხუმიდან, დედა რუსია, მამა ქართველი; ალინა უაქცენტოდ ლაპარაკობს რუსულად, და მაინც პრობლემებს მას, სამხრეთული გარეგნობა უქმნის."

გაზეთი "ნიუ-იორკ ტაიმსი" ჩეჩენი თვითმკვლელი ქალების ცხოვრებას აღწერს. 20 წლის ზულიხან ელიხაჯიევამ თავისი ხანმოკლე ცხოვრების დიდი ნაწილი ომების საშინელებაში გაატარა, მაგრამ პირადად დიდად არ დაზარალებულა. ზულიხანი ყურჩალოიში ცხოვრობდა მამასთან, დედასთან, უმცროს დასა და ძმასთან ერთად. შეიარაღებულ კონფლიქტში არცერთ მათგანს არ მიუღია მონაწილეობა. ზულიხანი სამედიცინო სასწავლებელში სწავლობდა და ადგილობრივ პოლიკლინიკაში მსახურობდა. "ნიუ-იორკ ტაიმსი" განაგრძობს:

"ძნელია იმის ახსნა, რატომ აიფეთქა ზულიხანმა მეორე ქალთან ერთად თავი როკ-ფესტივალზე ტუშინოში. განვლილი 4 თვის მანძილზე კამიკაძეებმა მოაწყეს 7თავდასხმა, რომლებიც ერთის გარდა, ქალებმა განახორციელეს. შედეგად, 165 ადამიანი დაიღუპა. რუსეთის მას მედია თვითმკვლელ ქალებს მოიხსენიებს შავ ქვრივებად, ქალებად, რომლებიც მზად არიან თავი გასწირონ, რათა შური იძიონ იმისთვის, რომ რუსმა ჯარისკაცებმა მათ მამები, ქმრები, ძმები და შვილები მოუკლეს. თუმცა ელიხაჯიევას ეს სქემა არ მიესადაგება. მისი ნათესავები არ მოუკლავთ. ზულიხანი გაუთხოვარი იყო, და როგორც მისი ბებია და მეზობლები აღნიშნავენ, ძალზედ შორს იყო ისლამური იდეოლოგიისაგან, და ექიმობაზე ოცნებობდა. რამ უბიძგა მას თვითმკვლელობისკენ, გაუგებარია ხელისუფლებისა და ნათესავებისთვისაც."

"პუტინის ახალი ომი", ასეა დასათაურებული სარედაქციო კომენტარი ბრიტანეთის გაზეთ "გარდიანში". იუკოსის წინააღმდეგ გაჩაღებულმა კამპანიამ, ვკითხულობთ სტატიაში, ცხადყო, რომ პრეზიდენტ პუტინის პოზიცია ბიზნესმენების მიმართ არც ისე მეგობრულია, როგორც თავდაპირველად ვარაუდობდნენ. გაზეთი დასძენს:

"კრემლმა გააფრთხილა რუსი მაგნატები - დაიოკონ თავიანთი ამბიციები. ძალის დემონსტრირებას ახდენს ახალი კლასი სახელმწიფო მოხელეებისა, რომელთა შორის მრავლად არიან კაგებეს ვეტერანები; მათი მიზანი - ძალაუფლებისა და სიმდიდრის გადანაწილებაა პუტინის მეორე ვადით პრეზიდენტობის დროს."

გაზეთ "ველტის" ცნობით, მოსკოვში გავრცელდა ხმები იმის შესახებ, რომ ხელისუფლებას პრივატიზაციის შედეგების გადასინჯვა აქვს განზრახული. მილიარდერებს პროკურატურის ეშინიათ. ხალხს თუ ჰკითხავენ, განაგრძობს გაზეთი, პასუხი ნათელია - სოციოლოგთა მონაცემებით, მოსახლეობის 77 პროცენტს მიაჩნია, რომ პრივატიზაციის შედეგები მთლიანად, ან ნაწილობრივ მაინც უნდა იქნეს გადასინჯული. ეკონომიკური განვითარების მინისტრმა გერმან გრეფმა განაცხადა, რომ ხსენებული შედეგების შემოწმება არ მოხდება, ვინაიდან სახელმწიფოსთვის, ეს, თვიმკვლელობის ტოლფასი იქნება.
XS
SM
MD
LG