Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის ენერგეტიკის კრიზისული მდგომარეობის შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ საიდუმლო დოკუმენტის კვალს მიაგნო


ეი-ი-ეს-თელასის რუსული რაო ეესის საკუთრებაში გადასვლის კანონიერებას ერთდროულად სამი კომისია სწავლობს - სამთავრობო, საპარლამენტო და საზოგადოებრივი. საპარლამენტო კომისიამ უკვე დაკითხა სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი დავით მირცხულავა, სახელმწიფო მინისტრის მოადგილე მამუკა ნიკოლაიშვილი და ქონების მართვის ყოფილი მინისტრი

მიხეილ უკლება. სწორედ ამ უკანასკნელის მინისტრობის დროს მოხდა თელასის განსახელმწიფოებრიობა და ტენდერში გამარჯვებული ამერიკული კომპანიისთვის გადაცემა. შესაბამისად, სწორედ მიხეილ უკლება გამოდგა კომპეტენტური პირი იმის გასარკვევად, დაარღვია თუ არა თელასის მფლობელმა ეი-ი-ეს სილკ როუდ ბი-ვიმ ხელშეკრულება. ხელშეკრულება კი, როგორც მისი საუბრიდან ირკვევა, სულ ცოტა, 2 მიმართულებითაა დარღვეული: პირველი - თელასის გასხვისება ეი-ი-ეს კორპორაციის შვილობილ კომპანიას ხელშეკრულების გაფორმებიდან მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ შეეძლო და მეორე - ხელშეკრულება მას თელასის რუსული კომპანიისთვის გადაცემას უკრძალავდა. პარლამენტის ენერგეტიკის კრიზისული მდგომარეობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ჩუბინიშვილი ვარაუდობს, რომ ძირითადი ხელშეკრულების ეს დანართი საიდუმლო გრიფით ინახება.

საქართველოს პარლამენტის ენერგეტიკის კრიზისული მდგომარეობის შემსწავლელი დროებითი კომისია წლების განმავლობაში, სხვადასხვა კონტექსტში, არაერთხელ დაინტერესდა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით. ხელშეკრულების დანართი, რომელზეც კომისიის 9 აგვისტოს სხდომაზე ქონების მართვის ექს-მინისტრმა მიუთითა, ამ ხნის მანძილზე პირველად გახდა მსჯელობის საგანი. შესაბამისად, შეიძინა მან საიდუმლო დოკუმენტის კვალიფიკაცია.

[ირაკლი ჩუბინიშვილის ხმა] "ახლა ჩვენ მას გამოვითხოვთ. თუ მას მართლა გრიფი აქვს საიდუმლო, - შეიძლება არა აქვს და ისე ითვლება საიდუმლოდ, - თუ გრიფი აქვს, ჩვენ მაინც უფლება გვაქვს გავეცნოთ. შეიძლება თქვენთვის აღმოჩნდეს დახურული, თორე. ახლა, სამი წელია ამ საკითხებს ვსწავლობ და მილიონჯერ მოვითხოვე და არც ერთხელ იმ თანდართულ დოკუმენტაციაში არ მოვიდა, სხვათა შორის. თუ მას საიდუმლო გრიფი აქვს, მაინც ვალდებული იყო შესაბამისი მინისტრი ეს ჩვენთვის მოეწოდებინა. მე იმ წერილსაც ამოვიღებ, როცა ჩვენ ეს ხელშეკრულება გამოვითხოვეთ და თანდართული დოკუმენტაცია და თუ ეს არ შესრულდა, მათი პასუხისმგებლობის საკითხსაც დავაყენებთ."

ახლა კი უფრო დაწვრილებით იმაზე, რასაც ირაკლი ჩუბინიშვილი სენსაციად აფასებს. განმარტავს ქონების მართვის ექს-მინისტრი მიხეილ უკლება:

[მიხეილ უკლებას ხმა] "ნახვა უნდა. არის ეგეთი ხელმოწერილი ვალდებულება, რომ ზოგიერთ მეზობელ ქვეყანასთან არ შეიძლება დაგირავება, ეი-ი-ეს სილქ როუდ ჰოლდინგს არ შეეძლო დაეგირავებინა არც ბანკში, არც საწარმოში თავისი ქონება. ასეთი ვალდებულება არის აღებული."

ასეთ მეზობელ ქვეყნებში, პირველ რიგში, იგულისხმებოდა, რაღა თქმა უნდა, რუსეთი. ირაკლი ჩუბინიშვილის აზრით, ხელშეკრულება ეი-ი-ესმა, უდავოდ, დაარღვია, მიუხედავად იმისა, რომ ლაპარაკია გირავნობაზე და არა ქონებისა და აქციების რუსული კომპანიისთვის მიყიდვაზე. ძირითადი ხელშეკრულების სპეციალურ დანართში აღნიშნული პუნქტის არსებობა კი, პირველ რიგში, იმ ფაქტს ადასტურებს, რომ თავის დროზე ამერიკის შეერთებული შტატებიც და საქართველოც კარგად აცნობიერებდნენ იმ საფრთხეს, რომელსაც ეი-ი-ეს თელასის აქციების რუსეთისათვის გადაცემა შექმნიდა. ვინაიდან აღნიშნული დანართი ჯერჯერობით საგულდაგულოდაა ჩაკეტილი საიდუმლო სეიფებში, მხოლოდ იურიდიულ ნიუანსებზე მსჯელობა შეიძლება. იცვლება თუ არა ვითარება იმ შემთხვევაში, თუ მხოლოდ გირავნობის შეზღუდვაზეა ლაპარაკი და არაფერია ნათქვამი გაყიდვაზე?

[ირაკლი ჩუბინიშვილის ხმა] "გაყიდვა ძირითად ხელშეკრულებაშია ჩადებული. უბრალოდ, იურიდიულად, თუნდაც რომ მხოლოდ გირავნობა იყოს, ეს ამწვავებს, მიმართულებას აძლევს, რომ რუსეთის მიმართ ეს განსაკუთრებულად მწვავე საკითხი იყო და განსაკუთრებულად სერიოზული ვალდებულება ჰქონდა ეი-ი-ესს თავის თავზე."[სტილი დაცულია]

ქართველ დეპუტატებს - მათ შორის, ირაკლი ჩუბინიშვილს - ანატოლი ჩუბაისისა და მისი ჯგუფის თბილისში ვიზიტისას დარჩათ შტაბეჭდილება, რომ რუსული მხარე ხელშეკრულებაში არსებულ ხარვეზებს არაპირდაპირ აღიარებს. ეს მათ ეი-ი-ეს თელასის შესაძლო ექსპროპრიაციის შიშში გამოამჟღავნეს.

თავის მხრივ, საქართველოს ქონების მართვის ექს-მინისტრი მიხეილ უკლება ასკვნის, რომ არსებობს როგორც საქმის საარბიტრაჟო სასამართლოში აღძვრის, ისე ეი-ი-ეს თელასის ექსპორპრიაციის საფუძველი.
XS
SM
MD
LG