Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კულტურული მიმოხილვა


"ყველაფერს გავაკეთებთ, რათა პროგრამა 2004 წლის ბიუჯეტშიც აისახოს.

წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი ეს შემართება წინასაარჩევნო ტრიუკად ჩაგვითვალეთ", - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ახალი მემარჯვენეების" წარმომადგენელმა მამუკა კაციტაძემ თავისი პარტიის ახალი პროგრამის, "ჯანსაღი თაობის", პრეზენტაციაზე. ინტელიგენციასთან "ახლების" ეს შეხვედრა დაემთხვა ეგრეთ წოდებულ "მკვდარ სეზონს", როცა თეატრები და საკონცერტო დარბაზები დახურულია, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც თამაშობენ და მღერიან, ქართული შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენლები (ყოველ შემთხვევაში, მათი უმრავლესობა), უსახსრობის გამო ქალაქიდან გასვლას ვერ ახერხებენ. ამის გამო, "მკვდარ სეზონში" პროექტის ავტორებმა მაშინვე მიიპყრეს საზოგადოების ყურადღება და ეჭვიც აღძრეს, რომ მათი გრანდიოზული პროექტი, მართლაც რომ, წინასაარჩევნო ტრიუკი, "მუქთა რეკლამაა"… და თუ მამუკა კაციტაძე გულწრფელია და თუ "ახალი მემარჯვენეები" მზად არიან განახორციელონ თავიანთი საგანმანათლებლო-გამაჯანსაღებელი პროგრამა, და თუ ქალაქის ბიუჯეტიდან შესაძლებელი გახდა პროექტის დაფინანსება, "ახლები" აუცილებლად მიიღებენ ინტელიგენციის ხმებს. ყოველ შემთხვევაში, ათასამდე ხმას ნამდვილად - პროექტი "ჯანსაღი თაობა" ხომ ათასამდე ადამიანის დასაქმებას გულისხმობს და ექვს პროგრამას მოიცავს: ყველა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის კომპიუტერიზაცია (პროგრამას განახორციელებს კავშირი "კომპიუტერული ტექნოლოგიები", ხელმძღვანელი გია გვარამია), "ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ბიზნესისა და ეკონომიკის სწავლება"(ხელმძღვანელი ეკა გეგეშიძე), "საქართველოს კულტურის ისტორია" -სახელმძღვანელო და ფილმი (ხელმძღვანელი გოგი ნიჟარაძე), თბილისის სკოლებში რაგბის და კალათბურთის უფასო სექციების შექმნა (ხელმძღვანელი თამარ აბაიშვილი), წელიწადში ორჯერ მოსწავლეების უფასო დასწრება აბონემენტებით მუნიციპალური თეატრების სპექტაკლებზე. გათვალისწინებულია აგრეთვე თბილისის საშუალო სკოლებში უფასო სამედიცინო მომსახურება და სკოლის ექიმის კაბინეტების აღდგენა. "ახალი მემარჯვენეები" ირწმუნებიან, რომ ჯერჯერობით მათი მიზანი პროგრამის მონიტორინგია, რათა ქალაქის ბიუჯეტიდან გამოყოფილი მილიონ რვაას ორმოცდაათი ათასი ლარი მიზნობრივად დაიხარჯოს. თუმცა ფაქტია, რომ გრანდიოზულ პროექტს ეს თანხა არ ეყოფა. "ახლები" გვაიმედებენ, რომ დამატებითი თანხები აუცილებლად გამოინახება, შესაძლებელია, იმიტომ, რომ პროგრამის კოორდინატორად მზია პატარკაციშვილი-თოთლაძე დაინიშნა. ჯერჯერობით ძნელი წარმოსადგენია უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სასკოლო კაბინეტ-ლაბორატორიები, რომელსაც ჭერი თავზე ექცევა, ძნელი წარმოსადგენია ხელოვნების ისტორიის გაკვეთილებიც, რადგან საქართველო, ამ მხრივ, კადრების კატასტროფულ ნაკლებობას განიცდის. ქართულ ენაზე, ფაქტობრივად, არ არსებობს ხელოვნების ისტორიის სახელმძღვანელო. უფრო მეტიც, თბილისში სტუმარი რომ ჩამოვიდეს და ქართული კულტურისადმი მიძღვნილი წიგნით ან ვიდეოფილმით დაინტერესდეს, მასპინძლები მას ვერაფერს შესთავაზებენ. ამ პრობლემების გადაწყვეტა უნდა დაიწყოს ქართველი მეცნიერების, ხელოვნებათმცოდნეების გაერთიანებით. პროექტი "ჯანსაღი თაობა" სწორედ ამ ადამიანების დასაქმებას ისახავს მიზნად.

როცა ქვეყანა პედაგოგი-ხელოვნებათმცოდნეების კადრების დეფიციტს განიცდის, მთლიანად ქართული კულტურისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი უნდა იყოს ფილმი და სახელმძღვანელო საშუალო სკოლებში ფაკულტატური სწავლებისთვის. დოკუმენტური ფილმი "ქართული კულტურის ისტორია", რაღა თქმა უნდა, მხოლოდ სკოლის მოწაფეებისთვის არ იქნება განკუთვნილი. ეს არის ეროვნული კულტურის ისტორიის ფირზე გადატანის პირველი ცდა ქართულ კინოში, ამიტომ ბუნებრივია, რომ ფილმის გადასაღებად მოწვეულები არიან ქართული კულტურის ღვაწლმოსილი მოღვაწეები: ანზორ ერქომაიშვილი, თამაზ ჭილაძე, გოგი ნიჟარაძე, ნოდარ გურაბანიძე, ვასილ კიკნაძე, გია ბუღაძე, ვახტანგ კახიძე და სხვები. სპეციალურმა კომისიამ ფილმის გადაღება მიანდო მერაბ კოკოჩაშვილს, რომელმაც პრეზენტაციაზე განაცხადა:





[მერაბ კოკოჩაშვილის ხმა] "გასაგებია, რომ ყველას ჭამა სჭირდება, მაგრამ ჭამას ვერ ისწავლი, თუ არ იქნება კულტურა."

კულტურას კი ისწავლი… ყოველ შემთხვევაში, ამის იმედი აქვთ ფილმის ავტორებს, რომლებიც წინასწარ აღნიშნავენ, რომ ქართული კულტურის კინომატიანე გადაღებული იქნება პოპულარული ენით, რომელიც მისაღები იქნება საზოგადოების ყველა ფენისა და ყველა ასაკისთვის. მერაბ კოკოჩაშვილი განმარტავს:


[მერაბ კოკოჩაშვილის ხმა] "არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ის იყოს საბავშვო ფილმი ან საბავშვო სახელმძღვანელო. კულტურა ისეთი რამ არის, რომ იოლად შეიძლება გართულების გარეშე ილაპარაკო კინოს ენითაც, და არამარტო კინოს ენით, ღრმად და სერიოზულად იმ პროცესებზე, რომლის შედეგად ადამიანმა გააკეთა რაღაც და, ამ გაკეთების შედეგად, თვითონ ამაღლდა სულიერად."

მერაბ კოკოჩაშვილს უკვე აქვს ასეთი ფილმის გადაღების გამოცდილება. თავის დროზე ტელეფილმების სტუდიაში მან გადაიღო დოკუმენტური სერიალი "გზა", რომელშიც საქართველოს ისტორია აისახა. ასე რომ, ქართული კულტურისადმი მიძღვნილ დოკუმენტურ ფილმში აუცილებლად შევა უკვე არსებული კინომასალა არქეოლოგიურ გათხრებზე, ეთნოგრაფიაზე, ქართულ ლიტერატურაზე, ფოლკლორზე. იმ ექსპერტების თქმით, რომლებიც ჩართულნი არიან პროექტში "ჯანსაღი თაობა", ფილმში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქრისტიანობის წინა ეპოქას, იმას, რომ საქართველო ხმელთაშუაზღვის კულტურის შემადგენელი ნაწილი იყო. მასალა საუკუნეების მიხედვით დალაგდება, თუმცა მერაბ კოკოჩაშვილის თქმით:

[მერაბ კოკოჩაშვილის ხმა] "შეუძლებელია დღევანდელ ადამიანს ასოციაციები არ გაუჩნდეს იმავე "ამირანიანსა’ და დღევანდელობას შორის ან "აბესალომსა" და დღევანდელ ოპერას შორის... ეს ასოციაციები მუდმივად იქნება... იქნება საშუალება მაყურებელმა თავად დაასკვნას და თავად გაიაზროს."

რას დაასკვნის ქართველი მაყურებელი ამ ფილმით, ამის თქმა ჯერჯერობით ძნელია. ეროვნული კულტურის ისტორიაში - ისევე როგორც, საერთოდ, საქართველოს ისტორიაში - დაგროვდა უამრავი პრობლემა, რომლის შესახებ, როგორც წესი, არავინ მსჯელობს. გარდა ამისა, საქართველოს ისტორიის ცალკეულ ეტაპებზე განუწყვეტლივ იცვლებოდა საზოგადოების დამოკიდებულება ამა თუ იმ კულტურული მოვლენისადმი და ჯერ კიდევ ძნელია იმის თქმა, როგორ შეაფასებენ ამ მოვლენებს ფილმის ავტორები. ისტორიას ხომ ობიექტურობის პრეტენზია აქვს, მაგრამ სუბიექტურ პოზიციას მაინც ვერაფერს უხერხებს. ილუზიაა ის, რომ ობიექტურობას შეიძლება მიაღწიო ფაქტების გულგრილი აღნუსხვით. კინოში ფაქტების თანმიმდევრობა და მონტაჟი ძალიან ხშირად ავტორების პოზიციას გამოხატავს. ასე რომ, ქართული კულტურის ისტორიის კინოვერსია საავტორი ფილმი იქნება, რაც, ცხადია, ზრდის პროექტში ჩართული კულტურის მუშაკების პასუხისმგებლობას. მით უმეტეს, რომ მერაბ კოკოჩაშვილის თქმით:

[მერაბ კოკოჩაშვილის ხმა] "დღეისათვის არავითარი სახელმძღვანელო არ არსებობს საქართველოში ქართული კულტურის შესახებ..."

რადიო "თავისუფლება" დაინტერესდა, როგორი მდგომარეობაა ამ მხრივ თანამეგობრობის სხვა ქვეყნებში. აღმოჩნდა, რომ კულტურის შესახებ სახელმძღვანელო არც ერთ რესპუბლიკაში არ არის გამოცემული… და, რაც ყველაზე საინტერესოა, ასეთი სახელმძღვანელოს, მით უმეტეს, ფილმის მომზადება რუსეთშიც არ არის დაგეგმილი. გამოდის, რომ ჩვენ ყველას ვუსწრებთ, ყველასგან გამოვირჩევით… გამოდის, რომ საქართველოში კულტურა პრიორიტეტულ სფეროდ რჩება. ყოველ შემთხვევაში, არჩევნების წინ, "მკვდარ კულტურულ სეზონში", ნამდვილად.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG