Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ორშაბათს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას" სტუმრობდა. რა მიზანს ატარებდა ამ არასამთავრობო ორგანიზაციაში მისი მისვლა?


ორშაბათს ნინო ბურჯანაძე "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას" ეწვია და იქ გამართულ შეხვედრაზე გასულ კვირაში დეკლარირებულ საკუთარ პრინციპებზე ისაუბრა.

"ერთიანი, ძლიერი საქართველოსთვის" -ასეთი სათაურით გამოიტანა ნინო ბურჯანაძემ ფართო სამსჯავროზე ეს პრინციპები, რომელთაც "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში " ძლიერ ქართულ სახელმწიფოში სამართლიანი სამართლის დამკვიდრების ძირითადი პრინციპები შეაგებეს. ისინი ნინო ბურჯანაძისთვის სავსებით მისაღები იყო. "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", რომელიც არ წარმოადგენს პოლიტიკურ ორგანიზაციას, პარლამენტის თავმჯდომარეს სამომავლო თანამშრომლობაზე შეუთანხმდა. ეს სამომავლო თანამშრომლობა კი პოლიტიკისგან შორს არ იქნება, პირიქით. რას ნიშნავდა პარლამენტის თავმჯდომარის "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში " მისვლა?

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია, თუმცა ის არის და იქნება მგრძნობიარე ისეთი პოლიტიკოსების და პოლიტიკური ძალების მიმართ, რომლებიც, ლიბერალურ - დემოკრატიულ ფასეულობებზე დაყრდნობით, სახელმწიფოს მართვის ეფექტურობის მიღწევას ისახავენ მიზნად." - "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში" ამ სიტყვებით შეხვდნენ ნინო ბურჯანაძეს, როგორც პოლიტიკოსს, პარლამენტის თავმჯდომარეს და, ამავდროულად, როგორც "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის " წევრს. პარლამენტის თავმჯდომარე ამ არასამთავრობო ორგანიზაციის სათავეებთან იდგა და დღემდე მისი წევრია. ამდენად, გასაკვირი არ ყოფილა, რომ საზოგადოებრივად აქტიურმა ახალგაზრდა იურისტებმა პოლიტიკურ ლიდერებთან შეხვედრების ციკლი იურისტ ნინო ბურჯანაძესთან შეხვედრით დაიწყეს და მასთან სრულ ურთიერთგაგებასაც მიაღწიეს.

[ თინა ხიდაშელის ხმა] "ჩვენ არ გვინდა ვიყოთ ორგანიზაცია, რომელიც სირაქლემას პოზიციაში იქნება და მხოლოდ აკრიტიკებს პოლიტიკოსებს. ჩვენ ვაპირებთ გვერდში დავუდგეთ პოლიტიკოსებს, რომლებიც იმავე პრინციპებით ხელმძღვანელობენ, რომლებსაც ჩვენი ორგანიზაცია დღემდე ემსახურება."

ასე ფიქრობენ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში" და ნინო ბურჯანაძეც იმედოვნებს, რომ მასა და ამ არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებს შორის აეწყობა ისეთი თანამშრომლობა, რომლის საფუძველიც საერთო პრინციპები იქნება და არა პოლიტიკური კონიუნქტურა. სამომავლო თანამშრომლობისთვის "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" სხვა პოლიტიკურ ლიდერებსაც შესთავაზებს წინადადებებს, რომლებიც ნინო ბურჯანაძეს" ძლიერ ქართულ სახელმწიფოში სამართლიანი სამართლის დამკვიდრების ძირითადი პრინციპების" სახელწოდებით წარუდგინა . აი, ეს პრინციპებიც: საქართველოს პარლამენტმა, ერთი მხრივ, არ უნდა დაუშვას ცალკეულ ინტერესთა ჯგუფების მიერ კონსტიტუციის ხელყოფა, მეორე მხრივ, უმოკლეს ვადაში უნდა შეიმუშაოს კონსტიტუციური ხარვეზების შევსების კომპლექსური გეგმა. აუცილებელია ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის დამყარება, კანონის უზენაესობისა და კანონის წინაშე თანასწორობის დამკვიდრება. აუცილებელია ადამიანის უფლებების დაცვა ისე, რომ ამ საკითხებში პრინციპული პოზიციების დაუკავებლობა ან კონკრეტული ინდივიდის უფლებებისადმი გამოხატული უპატივცემულობა თანამდებობის პირებს თანამდებობის დაკარგვის ფასად დაუჯდეთ. აუცილებელია მართლწესრიგის დაცვა და ამის სამართალდამცავი ორგანოების რეფორმირებით მიღწევა, ადვოკატურის შესახებ წლების წინ მიღებული კანონის ამოქმედება და უფასო იურიდიული დახმარების შესახებ კანონის მიღება, პოლიტიკური კლიმატის გაჯანსაღება და ხელისუფლების განხორციელებაში ხალხის მონაწილეობა. ნინო ბურჯანაძე მზად არის ეს პრინციპები გასულ კვირაში დეკლარირებულ საკუთარ პრინციპებს დაურთოს და მათ განსახორციელებლად "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან" მჭიდროდ ითანამშრომლოს. გახდებიან თუ არა მისი პოლიტიკური გუნდის წევრები ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ნინო ბურჯანაძესთან შეხვედრაზე მათ აბსოლუტურად გაიზიარეს პარლამენტის თავმჯდომარის აზრი ხელისუფლებაში პროფესიონალი იურისტების მოსვლის აუცილებლობასთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG