Accessibility links

ნატო ორშაბათიდან ავღანეთის სამშიდობო მისიას ჩაუდგა სათავეში


როგორც წინასწარ იყო გამოცხადებული, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციის ხელმძღვანელობა 11 აგვისტოს ოფიციალურად გადაიბარა.

გაეროს უშიშროების სდაბჭოს გადაწყვეტილებით, საერთაშორისო სამშვიდობო მანდატის ვადა ავღანეთში 2004 წლამდე გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ ნატოს არებობის 54 წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ალიანსი სამხედრო ოპერაციას ევროპის ფარგლებს გარეთ განახორციელებს. უცხოეთის პრესაში გამოქვეყნებულ მოსაზრებებს იმაზე, თუ, რას წარმოადგენს სამშვიდობო მისია ნატოს ხელმძღვანელობით, კობა ლიკლიკაძე გაგაცნობთ.


საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი 5000-კაციანი შენაერთი, რომელსაც გერმანია და ჰოლანდია ედგა სათავეში, ორშაბათიდან ნატოს ხელმძღვანელობის ქვეშ გადავიდა. მანამდე სამშვიდობო ესტაფეტა ავღანეთში ექვსთვიანი ინტერვალებით დიდ ბრიტანეთსა და თურქეთს ეპყრა ხელთ. თუმცა, როგორც "ასოშიეიტედ პრესი" აღნიშნავს, ნატო არ აპირებს არსებითი ცვლილების შეტანას სტაბილიზაციის ძალების სტრუქტურასა და შემადგენლობაში. ის კი არა და, საერთაშორიო სამშვიდობო ძალების სარდალს, გერმანელ გენერალ ნორბერტ ვან ჰაისტს, მისივე თანამემამულე, ოღონდ ნატოელი გენერალი გიოტც გლიმეროთი შეცვლის.

ამასთან, იგივე დარჩება კონტინგენტის პირადი შემადგენლობა - საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების 90 პროცენტი ნატოს ქვეყნების წარმომადგენლები არიან, სულ კი ავღანეთის სტაბილიზაციის ოპერაციაში 30 სახელმწიფოს სხვადასხვა ზომის ქვედანაყოფი მონაწილეობს, რომელთაგან 15 არა ნატოს წევრი ქვეყანაა.

გარდა ამისა, კანადა აგზავნის ავღანეთში 1500 კაციან სამხედრო კონტინგენტს, რომელიც იქ, იმავე ზომის გერმანულ ქვედანაყოფს თვის ბოლომდე შეცვლის. ნატოს ხელმძღვაეელობის ქვეშ გადასული საერთაშორისო მხარდამჭერი ძალების ოპერატიული სამმართველოს უფროსმა, ბრიტანელმა გენერალმა ჯეკ დევერელმა 11აგვისტოს რადიო "თავისუფლებას" განუცხადა, ეს არის ახალი ერა ნატოს განვითარებაში, ხოლო ნატოს ძალების მთავარი დანიშნულება მიღწეული წარმატების შენარჩუნება იქნება.

[ჯეკ დევერელის ხმა] "ჩვენ ვიმოქმედებეთ გაეროს მანდატის მიხედვით და დავეხმარებით ჰამიდ კარზაისა და ავღანეთის გარდამავალ ხელიუფლებას, რათა ქაბულსა და მის მიდებარე ტერიტორიაზე კიდევ უფრო განვამტკიცოთ უსაფრთხოება. ვინაიდან ამ დახმარების გარეშე, კარზაის და მის მთავრობას გაუჭირდება ავღანეთის რეკონსტრუქცია და მის გადაქცევა უსაფრთხო ქვეყნად."


მაგრამ როგორც საერთაშორისო ექსპერტები აღნიშნავენ, მართალია სამშვიდობო კონტინგენტის მმართველობის შეცვლა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯია, მაგრამ ნატოს ხელმძღვანელობა ავღანეთში ზუსტად იმავე სიძნელეების წინაშე აღმოჩნდება, რასაც ორი წლის განმავლობაში ბრიტანელი, თურქი, ჰოლანდიელი თუ გერმანელი გენერლები აწყდებოდნენ. ივნისში უსაფრთხოების მხარდამჭერმა ძალებმა ტერორისტული თავდახმის შედეგად დიდი დანაკარგი განიცადეს. ასაფეთქებელი მოწყობილობით დატვირთული ტაქსის აფეთქების დროს ოთხი გერმანელი მშვიდობის დაცველი ჯარისკაცი დაიღუპა და 29-ზე მეტი დაიჭრა.

აღსანიშნავია, რომ "თალიბთა" სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურებისა და ორწლიანი სამშვიდობო ოპერაციის მიუხედავად, სტაბილურობის ერთადერთ ოაზისს მხოლოდ ავღანეთის დედაქალაქი ქაბული წარმოადგენს, პროვინციებში მცხოვრები ავღანელების უმრავლესობა კი კვლავ ერთმანეთთან დაპირისპირებული სამხედრო მეთაურების გავლენის ქვეშ იმყოფება. კვლავ დაძაბულია ვითარება ავღანეთ-პაკისტანის აღმოსავლეთ და სამხრეთ საზღვრებზე, სადაც გრძელდება შეტაკებები თალიბთა რაზმებსა და პარტიზანულ ჯგუფებს შორის. განუწყვეტელი თავდასხმების გამო, როგორც ცნობილია, სამხრეთ ავღანეთში გასულ კვირაში საქმიანობის შეწყვეტის გადაწყვეტილება გაეროს დახმარების სააგენტომაც მიიღო.

სწორედ ამიტომაც არის, რომ ავღანეთის ხელისუფლება მოითხოვს, გაფართოვდეს საერთაშორისო სამშვიდობო ძალების მოქმედების დიაპაზონი და იგი ნელ-ნელა ავღანეთის მთელ ტერიტორიაზე გავრცელდეს.

იმავე მოთხოვნით გამოვიდა თავისი პოსტიდან წასვლის შემდეგ საერთაშორისო სამშვიდობო ძალების ყოფილი სარდალი, გერმანელი გენერალი ნორბერტ ჰაისტი, რომელმაც გასულ კვირაში განაცხადა, რომ დაუშვებელია თალიბთა გაფანტულ რაზმებს კვლავ მიეცეთ გადაჯგუფების და თავისუფლი მანევრირების საშუალება ავღანეთის ტერიტორიაზე.
XS
SM
MD
LG