Accessibility links

logo-print

ახალგაზრდული პროგრამა


ეკა წამალაშვილი და დავით პაიჭაძე, თბილისი დღევანდელი ახალგაზრდული პროგრამის მოსმენისას არ გვინდა დაგრჩეთ შთაბეჭდილება,

თითქოს ქართველ ახალგაზრდებს მხოლოდ ორი გზა აქვთ: ვისაც თავისი საქმითა და ცოდნით მუშაობა სურს, ან უნდა წავიდეს საქართველოდან, ან საქართველოში შრომისა და ნორმალური ცხოვრების უფლებისათვის ხელისუფლებას ეჭიდაოს. არადა, გადაცემაში სწორედ ასეთ ახალგაზრდებს შეგახვედრებთ: ერთი მათგანია 17 წლის მოდელი თიკა სიხარულიძე, რომელიც მალე გაემგზავრება საქართველოდან, მეორე კი თეატრალური ინსტიტუტის კურსდამთავრებული, 22 წლის ლუკა წულაძე გახლავთ - ამასწინანდელი ახალგაზრდული საპროტესტო აქციის მონაწილე. ჯერ სიტყვას დავუთმობ ჩემს კოლეგას, ეკა წამალაშვილს - ის იღბლიან ქართველ მოდელზე მოგითხრობთ, შემდეგ კი მოისმენთ მოკლე ინტერვიუს ლუკა წულაძესთან.


ქართულ მასმედიაში უკვე ჰქონდა გამოხმაურება იმ წარმატებას, რომელიც 17 წლის ქართველმა მოდელმა თიკა სიხარულიძემ ამ ცოტა ხნის წინ პარიზში ყოფნისას მიაღწია. იქ მისმა გარეგნობამ და მონაცემებმა მოდელების ისეთი სახლიც კი დააინტერესა, რომელიც კრისტიან დიორის სახელს ატარებს. პარიზში დიორის კოსტიუმების ჩვენება თიკას სექტემბერში მოუწევს. საფრანგეთში ხელმეორედ ის სწორედ ამ დროისთვის ჩავა, მანამდე კი, მსოფლიოში სახელგანთქმული სამოდელო სააგენტო "ფორდის" მიწვევით, იაპონიას ესტუმრება. თიკამ ჯერ არ იცის ვინ დახვდება ტოკიოში და რა ჩვენებებში მოუწევს იქ მონაწილეობის მიღება. მაგრამ იცის, რომ ჯერ ტოკიოში, შემდეგ კი პარიზში ძალიან სერიოზულ ხალხთან მოუხდება მუშაობა. სააგენტო "ფორდმა" თიკა სიხარულიძესთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. მე შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ სააგენტომ შეასრულა მნიშვნელოვანი როლი შერონ სტოუნის, კიმ ბესინჯერის, მელანი გრიფიტის, მიშელ ფაიფერის და სხვა, მსოფლიოში სახელგანთქმული, ქალბატონების კარიერაში. სამოდელო სააგენტო "ფორდი" ნახევარი საუკუნეა ინარჩუნებს წამყვან პოზიციას მსოფლიო შოუბიზნესში და სანამ იმის შესახებ მოგითხრობდეთ, როგორ მოხდა მისი ქართველი მოდელით დაინტერესება, ძალიან მოკლედ მივყვეთ იმ გზას, რომელიც თიკამ სამშობლოში, თბილისში, გაიარა.

[თიკა სიხარულიძის ხმა] " ბავშვობიდან მიყვარდა სარკის წინ ტრიალი. დიდი სარკე მაქვს სახლში, ჩავიცმევდი ბებიაჩემის ფეხსაცმელებს და ტანსაცმელს და დავდიოდი სარკის წინ. სტუმრებს ჩვენებებს ვუტარებდი. ჩემთვის ვოცნებობდი, ვამბობდი, რომ უნდა გამოვიდე ცნობილი მოდელი, უნდა წავიდე საზღვარგარეთ და ასე შემდეგ. სიდი კლოუფორდი მიყვარდა განსაკუთრებით და ვცდილობდი მიმებაძა მისთვის."

როგორც მოვისმინეთ, ბავშვობაში თიკა იმაზე ოცნებობდა, რაზეც პატარა გოგონების დიდი ნაწილი ოცნებობს ხოლმე. როცა ცოტა გაიზარდა, ქუჩაში წააწყდა რეკლამას, რომელიც შესაბამისი მონაცემების გოგონებს სილამაზის კონკურსში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებდა. თიკა ამ კონკურსში გავიდა და სწორედ აქედან დაიწყო მისი შოუბიზნესის სამყაროში შესვლა. მისით ჯერ ლიკა ყაზბეგი დაინტერესდა - სწორედ მისი სტუდიიდან მიიწვიეს ის "სახეს" ერთ-ერთი სიმღერის მიხედვით გადასაღებ ვიდეოკლიპში მონაწილეობის მისაღებად. თიკა პოდიუმზე სიარულს სხვადასხვა სტუდიებში ეუფლებოდა. ბოლოს სოფო ჭყონიას სამოდელო სააგენტო "ამსაში" მოხვდა და აქედან მიიღო მონაწილეობა ჩვენებაში "21-ე საუკუნის მოდა", რომელსაც პარიზიდან ჩამოსული ქართველი მოდელიერი ირაკლი ნასიძეც ესწრებოდა. ირაკლი 7 წელია პარიზში მუშაობს და ძალიან სერიოზულადაც. მაღალი მოდის სამყაროში აღიარებულ ამ მოდელიერს თიკას დანახვაზე უთქვამს: "ეს გოგონა ჰოტ -კუტურიეს სახეაო." ჩვენების დასრულების შემდეგ მოწონებულ მოდელს სოფო ჭყონიამ აუხსნა, რომ პარიზში სტაჟირებაზე მოუწევდა წასვლა. იქ ის კიდევ ერთ თბილისელ მოდელთან, დაშა ფირსანოვასთან ერთად გაემგზავრა. ჩასვილისთანავე გოგონებს ყოველდღიურად დილის 8 საათიდან უწევდათ კასტინგებზე გასვლა. სამუშაო რთული და დაძაბული იყო, მაგრამ, სოფო ჭყონიას დახმარებით, ისინი დაძაბული რიტმისთვის ფსიქოლოგიურად კარგად იყვნენ მომზადებულნი. როგორც თიკა ყვება, პარიზში რომელიმე ცნობილი სააგენტოს მიერ ამა თუ იმ მოდელით დაინტერესება ბუქერების, ანუ მენეჯერების, შუამავლობით ხდება. პირველ რიგში, ისინი კასტინგზე მისული მოდელების ფოტოალბომებს ათვალიერებენ, რადგან ფოტოს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ფოტოების მოწონების შემთხვევაში მოდელს აცმევენ კოსტიუმს, შემდეგ თავად უღებენ ფოტოს და ამ ფოტოს უგზავნიან სააგენტოს, რომლისგანაც წინასწარ აქვთ მიღებული შეკვეთა მოდელის შერჩევაზე. ამ გზის გავლით თიკამ ივ-სენ ლორანის კოლექციის ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა. თუ რა განსხვავებაა ასეთ ჩვენებებსა და თბილისურ ჩვენებებს შორის, ამის შესახებ ის თავად ისაუბრებს:

[თიკა სიხარულიძის ხმა] "აქ ჩვენება რომ ტარდება, ერთი კვირით ადრე გატყობინებენ, ამის შემდეგ რეპეტიციებზე გატარებენ და ისე გღლიან, რომ ჩვენებაზე დაღლილი გადიხარ და გიჭირს, ისე აჩვენო კოლექცია, როგორც მოგეთხოვება. მერე - ხალხი.კაცები მყავს მხედველობაში. მოდიან გოგოს საყურებლად და არა კოლექციის საყურებლად. იქ კი ჩვენებაზე მოსულები შენ კი არ გიყურებენ, კოლექციას უყურებენ და იხატავენ. იქ შენი თავი კი არ უნდა აჩვენო, არამედ ჯერ კოლექცია და მერე შენი თავი. იქ თუ გინდა რამეს მიაღწიო, ისე უნდა აჩვენო კოლექცია, რომ გაიყიდოს. იქ სულ სხვა არის, აქ - სხვა. აქ მოდელს სამსახური არა აქვს. აქ ეს საქმე ჩემთვის იყო გართობა და მბეზრდებოდა კიდეც ასეთი გართობა. პარიზში ნამდვილ მოდელად ვიგრძენი თავი."


17 წლის მოდელი საქართველოს მალე დატოვებს. პარიზში ის კიდევ ერთი წლის მანძილზე იგრძნობს თავს ნამდვილ მოდელად და რა იქნება შემდეგ, ამას მომავალი გვიჩვენებს. ერთი კია, თიკას გაუმართლა. მომდევნო ერთი წლის მანძილზე მას ნამდვილად არ მოუწევს მუშაობა გართობისთვის. მომდევნო ერთი წლის მანძილზე ის დაძაბული დღის რეჟიმით იცხოვრებს ქალაქში, რომელიც მოდელობაზე მეოცნებე გოგონების ოცნების ქალაქია და სადაც, როგორც თიკა ამბობს, საოცრად არ უყვართ ჩაცმის თბილისურ სტილში ასე მყარად დამკვიდრებული შავი ფერი.

ეს იყო ეკა წამალაშვილი. შეგახსენებთ: თქვენ უსმენთ რადიო "თავისუფლებას". ახალგაზრდული პროგრამა ახლა მასპინძლობს ლუკა წულაძეს, ახალგაზრდა რეჟისორს, რომელიც 6 აგვისტოს ცნობილ საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა. თუ რატომ, რამდენად მყარი იყო მისი მოტივები, ამის გაგებას მასთან ინტერვიუში შევეცდებით.

იხ. აუდიოვერსია.
XS
SM
MD
LG