Accessibility links

მოვლენების განვითარების შესაძლო ვერსიები


ბოლო ერთი კვირის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა არა მხოლოდ ოპოზიციურ პარტიებს, არამედ საზოგადოებასაც აფიქრებინა, რომ საქართველოს სახელმწიფო საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციას იცვლის.

საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის ნაწილისთვის ამგვარი ცვლილება მისაღები და სასურველიცაა, მეორე ნაწილისთვის კი - კატეგორიულად მიუღებელია. ამ ვითარებაში ჩნდება საფრთხე, რომ მწვავე პოლიტიკური პროცესი საყოველთაო განხეთქილებაში გადაიზარდოს.



ამჟამად პოლიტიკურ პროცესს ორი მოვლენა წარმართავს: მომავალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები. შესაბამისად, პროცესი შეიძლება გაგრძელდეს ორგვარად: კონსტიტუციური წესრიგის და ვადების დაცვით ან კონსტიტუციის დარღვევით. თავის მხრივ, დარღვევა შეიძლება განხორციელდეს ორი მიმართულებით: ცვლილებებით "ზემოდან", თუკი ედუარდ შევარდნაძე საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე გადადგება და, თავის ნაცვლად, მის მიერვე შერჩეულ "მემკვიდრეს" დატოვებს; ან ცვლილებებით "ქვემოდან", თუკი რევოლუციური მოვლენები ამჟამინდელ პრეზიდენტს აიძულებს, პოსტი ვადის ამოწურვამდე დატოვოს ყოველგვარი "მემკვიდრის" დასახელების გარეშე.

ცალ-ცალკე განვიხილოთ სამივე შესაძლო სცენარი: კონსტიტუციის დარღვევა "ზემოდან"; კონსტიტუციის დარღვევა "ქვემოდან"; კონსტიტუციის დაცვა.

პირველ სცენარს, თავის მხრივ, ორი ვერსია შეიძლება აღმოაჩნდეს, ოღონდ მხოლოდ თეორიულად. პირველი ის არის, რომ ედუარდ შევარდნაძემ მემკვიდრე პარტიულ ლიდერებს შორის შეარჩიოს; მეორე და უფრო რეალური ვერსიით, მემკვიდრე შეიძლება იყოს მხოლოდ არაპარტიული ლიდერი. ამგვარი დასკვნის საფუძველს იძლევა ის ვითარება, რომ ამჟამინდელ სახელისუფლო ბლოკს რეალური პარტიული ლიდერი არ ჰყავს; ხოლო ოპოზიციურ ლიდერებს პრეზიდენტი, კარგა ხანია, აღარ სწყალობს. ესე იგი, თუკი მემკვიდრე საპრეზიდენტო არჩევნებამდე გამოვა სცენაზე, ამ როლში მხოლოდ არაპოლიტიკურ ლიდერს უნდა ველოდეთ. რა ნიშნით შეიძლება დაუჭიროს მხარი საზოგადოებამ ამგვარ ფიგურას? საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა არაპოლიტიკური ლიდერისთვის ორ ასპარეზს ტოვებს: კორუფციასთან რეალურ ან ილუზორულ ბრძოლას და აფხაზეთის პრობლემის რეალურ ან ილუზორულ მოგვარებას. თუ ამ მსჯელობას გავყვებით, შეგვიძლია გავიხსენოთ, რომ ანტიკორუფციული კომისიების ხელმძღვანელად პრეზიდენტი, როგორც წესი, ლადო ჭანტურიას ნიშნავს. ეს არაერთხელ მოხდა. ესე იგი, ანტიკორუფციულ ფლანგზე სწორედ ლადო ჭანტურიას ფიგურა ძლიერდება. მეორე მხრივ, აფხაზეთის პრობლემის მოწესრიგებასთან ყველაზე პერსპექტიული შეხება აქვს გიორგი ჭანტურიას. იგი ხშირად აცხადებს, რომ ენერგომატარებლების თემა ძალზედ მიმზიდველი და ნაყოფიერია აფხაზეთის პრობლემის მოსაგვარებლად, კერძოდ, რუსეთის დაინტერესების კუთხით. შესაბამისად, უნდა ვიფიქროთ, რომ აფხაზეთის ფლანგზე ნებისმიერ დროს შეიძლება გააქტიურდეს სწორედ გიორგი ჭანტურია. იქნება თუ არა საზოგადოებისთვის მისაღები მოვლენების გავითარების ამგვარი სცენარი, წინასწარ არავინ იცის. მაგრამ ის კი ნათელია, რომ პარტიული ლიდერები არასოდეს შეეგუებიან ამ ვერსიის გაცოცხლებას და, პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით, სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლებენ საკუთარი ინტერესების დასაცავად.

კიდევ მეტად საშიშია რევოლუციური ცვლილებების სცენარი. მოვლენების ამგვარი განვითარების შემთხვევაში, პრეზიდენტის სავარძელს სწორედ ის ლიდერი დაეპატრონება, რომელიც ხალხის ქუჩაში გამოყვანას შეძლებს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დანარჩენი პოლიტიკოსები ამ რეალობას დასთანხმდებიან და რევოლუციონერ ლიდერს ქვეყნის ლეგიტიმურ პრეზიდენტად აღიარებენ. ნებისმიერ შემთხვევაში, თუკი ედუარდ შევარდნაძე პოსტს არჩევნებამდე დატოვებს, ქვეყანა სერიოზულ საფრთხეში გაეხვევა. დღევანდელი სახელისუფლო თუ ოპოზიციური ლიდერები ერთი თაობის პოლიტიკოსები არიან, დაახლოებით თანაბარი პოლიტიკური გამოცდილება აქვთ და თითოეულ მათგანს საკუთარი თავი საუკეთესო პრეზიდენტად წარმოუდგენია. ამიტომ არც ერთი მათგანი არ დაუშვებს მეორის საპრეზიდენტო ნახტომს არჩევნების გვერდის ავლით.

წინა ორი ვერსიის ფონზე, პროცესების ყველაზე უმტკივნეულო გაგრძელებად საკონსტიტუციო წესრიგის და ვადების დაცვა გამოიყურება. ამგვარ მშვიდობიან სცენარს, თავის მხრივ, ორი სუსტი მხარე აქვს. პირველი ის არის, რომ ამჟამინდელ ხელისუფლებას 2005 წლის გაზაფხულამდე ქვეყნისთვის ბევრი ვნების მოტანა შეუძლია. მეორე საფრთხე კი ისაა, რომ ზუსტად არავინ იცის, შესაძლებელია თუ არა საქართველოში ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით. ამგვარი გამოცდილება ჯერ არ არსებობს.

საფრთხეების მიუხედავად, კონსტიტუციის დაცვა და მხოლოდ მის ჩარჩოში მოქმედება მოვლენების ყველაზე უმტკივნეულო და სასურველ გაგრძელებად უნდა შეფასდეს. "იჩქარე ნელა!" ეს, ალბათ, ის დევიზია, რომელიც უახლოეს წლებში საუკეთესო სამსახურს გაუწევს საქართველოს ნებისმიერ გულშემატკივარს.
XS
SM
MD
LG