Accessibility links

logo-print

ერაყში ტერორიზმის ესკალაციაა მოსალოდნელი


ანდრო ეული, პრაღა ვიდრე გასულ ხუთშაბათს დანაღმული ავტომანქანა აფეთქდებოდა იორდანიის საელჩოს წინ ბაღდადში,





ოფიციალურ პირებს ვაშინგტონში მიაჩნდათ, რომ უშიშროებას ერაყში, მთავარ საფრთხეს, სადამ ჰუსეინის ერთგული მიმდევრები უქმნიან. მაგრამ 7 აგვისტოს განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, რამაც სულ ცოტა 17 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა ბაღდადში, ვაშინგტონი იმ მუქარაზე ალაპარაკდა, ანტიამერიკული ძალების ფართო სპექტრიდან, მათ შორის ეგრედ წოდებული "უცხოელი ტერორისტებისაგან" რომ მომდინარეობს ერაყში.

თავის ყოველკვირეულ რადიომიმართვაში ამერიკელი ხალხისადმი, პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა [ჯორჯ ბუშის ხმა]: "ჩვენი ყოველდღიური ძალისხმევა იმისკენაა მიმართული, რომ ერაყი უფრო მეტად უსაფრთხო გახდეს. კოალიციის ძალები უტევენ ბაათის პარტიის მომხრეებსა და უცხოელ ტერორისტებს, რომლებიც ცდილობენ არ დაუშვან ქვეყანაში წესრიგი და სტაბილურობა. სულ უფრო მეტი ერაყელი გვაწვდის კონკრეტულ ინფორმაციას ამ მოძალადეთა ადგილსამყოფელის შესახებ, რაც გვაძლევს შესაძლებლობას დავატყვევოთ ეს ადამიანები და ამოვიღოთ დიდძალი იარაღი".

ჯორჯ ბუშს არ დაუზუსტებია, თუ ვინ არიან სახელდობრ ეს უცხოელი ტერორისტები. თუმცა როგორც თეთრი სახლის ადმინისტრაციის ოფიციალური წარმომადგენლები აღნიშნავენ, ლაპარაკია ისლამისტ ექსტრემისტთა სხვადასხვა დაჯგუფებებზე, რომლებიც "ალ-ყაიდასთან" უნდა იყონ დაკავშირებული.

ყველაზე ხშირად ამ კონტექსტში მოიხსენიებენ ისლამისტ ექსტრემისტთა ჯგუფს "ანსარ ალ-ისლამს", რომელშიც ძირითადად ერაყელი ქურთები, აგრეთვე ავღანელები და არაბები არიან წარმოდგენილი. ამ ჯგუფმა ერთი რაიონი დაიკავა ჩრდილოეთ ერაყში და ტერიტორიისთვის ერაყელი ქურთების უდიდეს ფრაქციას, ქურთისტანის პატრიოტულ კავშირთან დაიწყო პარტიზანული ომი, მაგრამ სულ მალე, გასულ მარტს, გაძევებულ იქნა ჩრდილოეთ ერაყიდან და "ანსარ ალ-ისლამის" წევრები მეზობელ ირანში გაიხიზნენ.

ერაყში ამერიკა-ბრიტანეთის დროებითი ადმინისტრაციის უფროსმა პოლ ბრემერმა ამ დღეებში განაცხადა, რომ "ანსარ ალ-ისლამის" წევრები ირანიდან ერაყში ბრუნდებიან და კოალიციის ძალებზე თავდასხმა აქვთ განზრახული.

თეთრი სახლის ადმინისტრაციამ არაერთგზის განაცხადა, რომ სადამ ჰუსეინის მოკვლა ან დაპატიმრება საბოლოოდ გაუქარწყლებდა ერაყელი დიქტატორის მომხრეებს იმის იმედს, რომ ქვეყანაში აღსდგება ბაათის პარტიის მმართველობა. თუმცა ზოგიერთი მიმომხილველის აზრით, ისლამისტ ექსტრემისტებს, რომლებიც ერაყში ბრუნდებიან, იმდენად ფართო მიზნები ამოძრავებთ, რომ სადამ ჰუსეინისა თუ ყოფილი რეჟიმის სხვა ლიდერების მოკვლა სულაც არ ააღებინებს მათ ხელს ბოროტი ზრახვისაგან.
XS
SM
MD
LG