Accessibility links

სახელმწიფო დეპარტამენტმა შამილ ბასაევი საშიშ ტერორისტად გამოაცხადა


ანდრო ეული, პრაღა სახელმწიფო დეპარტამენტმა ჩეჩენ მეამბოხეთა ლიდერი შამილ ბასაევი შეერთებული შტატებისათვის საშიშ ტერორისტად გამოაცხადა.







ამასთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროს დაევალება ყადაღა დაადოს, თუკი ასეთი აღმოჩნდება, ბასაევის ანაბრებს შეერთებული შტატების ბანკებში. მაგრამ რატომ ამოიღო ვაშინგტონმა მიზანში შამილ ბასაევი მაინცამაინც ახლა, ასეა თუ ისე, ბასაევის საქმიანობა ხომ იმთავითვე იყო ცნობილი ყველასთვის.


ფედერალურ ჟურნალს, რომელშიც ამერიკის მთავრობის განცხადებები და ინფორმაცია ქვეყნდება ყოველდღიურად, 8 აგვისტოს დაემატა სახელმწიფო მდივნის კოლინ პაუელის განცხადება იმის შესახებ, რომ ჩეჩენ მეამბოხეთა ლიდერმა შამილ ბასაევმა შესაძლოა ტერორისტული აქტები ჩაიდინოს ამერიკული ინტერესების წინააღმდეგ.

ხოლო სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ვინაიდან ბასაევი "ალ-ყაიდასთანაა" კავშირში, აშშ-მა, ბრიტანეთმა და რუსეთმა თხოვნით მიმართეს გაეროს - ამ ორგანიზაციის წევრ-ქვეყნებში მოგზაურობა აუკრძალოს შამილ ბასაევს. განცხადებაში ნათქვამია აგრეთვე, რომ ბასაევმა აიღო თავის თავზე გასულ ოქტომბერს მოსკოვის თეატრალურ ცენტრში მძევალთა დატყვევების პასუხისმგებლობა. შეგახსენებთ, რომ ამ ინციდენტის დროს 129 ადამიანი, მათ შორის ერთი ამერიკელი მოქალაქე დაიღუპა, ძირითადა იმის გამო, რომ რუსეთის სპეცდანიშნულების ძალებმა, ვიდრე თეატრალურ ცენტრზე მიიტანდნენ იერიშს, მომწამვლელი გაზი გამოიყენეს.

სახელმწიფო დეპარტამენტს მოჰყავს სხვა ტერორისტული აქტებიც, რომლებიც ბასაევს მიეწერება, სახელდობრ ჩეჩნეთის პრომოსკოვური ადმინისტრაციის შენობის აფეთქება გასულ დეკემბერს გროზნოში, აგრეთვე დანაღმული ავტომანქანით ადგილობრივი მთავრობის შენობის აფეთქება ზნამენსკოეში, გასულ მაისს, რამაც 60 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

მაგრამ რატომ გაახსენდა მაინცადამაინც ახლა ვაშინგტონს შამილ ბასაევი, ამ კითხვით მიმართა ჩვენი რადიოს კორესპონდენტმა ქრისტოფერ სვიფტს, რომელიც ჯიმი კარტერის პრეზიდენტობის დროს ეროვნული უშიშროების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლის ზბიგნევ ბრჟეჟინსკის თანაშემწე იყო და ექსპერტად ითვლება ჩეჩნეთის საკითხებში. ამჟამად სვიფტი ვაშინგტონში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციას, "ჩეჩნეთში მშვიდობის ამერიკულ კომიტეტს" ხელმძღვანელობს. ქრისტოფერ სვიფტმა განაცხადა [ქრისტოფერ სვიფტის ხმა]: "ობიექტურად, ვერავინ უარყოფს იმ ფაქტს, რომ შამილ ბასაევი ტერორისტია, რომელმაც პოლიტიკური მიზნით, აგრეთვე დასაშინებლად, მოქალაქეების წინააღმდეგ ძალა გამოიყენა. ამ თვალსაზრისით, გასაგებია რატომ უწოდებს მას შეერთებული შტატები ტერორისტს. რაც შეეხება დროს, თუ რატომ გაახსენდა ვაშინგტონს მაინცადამაინც ახლა შამილ ბასაევი, ეს, ბუშ-პუტინის მოახლოებულ შეხვედრასა და გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პუტინის გამოსვლასთან უნდა იყოს დაკავშირებული. დრო, როგორც ჩანს, პოლიტიკური მიზნით იქნა შერჩეული".

ქრისტოფერ სვიფტს მიაჩნია ამასთანავე, რომ შეერთებული შტატების მთავრობას, როგორც ჩანს, რუსეთის გულის მოგება სურს და ამიტომაც ამართლებს მოსკოვის პოზიციას ჩეჩნეთთან მიმართებაში, რათა მომავალში თავად მიიღოს თანადგომა რუსეთის მხრიდან ამა თუ იმ მნიშვნელოვან საკითხში.

ტერორიზმის კონტექსტში ვაშინგტონს ჩეჩნეთის პრეზიდენტი ასლან მასხადოვი არ მოუხსენებია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მართალია შეერთებული შტატების მთავრობა დაინტერესებულია კარგი ურთიერთობის შენარჩუნებით რუსეთის ფედერაციასთან, თუმცა არ სურს ბოლომდე დაუხუროს კარები მოლაპარაკებას მასხადოვთან ან მის რომელიმე მოადგილესთან.
XS
SM
MD
LG