Accessibility links

logo-print

გერმანია განაგრძობს ცივი ომის დროინდელი ''შტაზის'' აგენტების გამოვლენას


ცივი ომი დასრულდა, გერმანიის გაერთიანებიდანაც იმდენი დრო გავიდა, რომ აღმოსავლეთი გერმანიის უშიშროების სამსახურის აგენტების აგენტობისთვის გასამართლება აღარ მოხდება. საქმე აღმოსავლეთი გერმანიის საიდუმლო

პოლიციის რომელიმე აგენტის წინააღმდეგ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება აღიძრას, თუ ის სერიოზულ დანაშაულში, - მაგალითად მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. და მაინც, გერმანელები დაუზარლად სწავლობენ "შტაზის" ფაილებს, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ დაუბრუნდა ბერლინს.

აღმოსავლეთი გერმანიის უშიშროების სამინისტროს, რომელიც "შტაზის" სახელით არის ცნობილი, აღმოსავლეთი გერმანიის მოსახლეობის ერთ მესამედზე ჰქონდა შედგენილი დოსიე. "შტაზი"-სთან აქტიურად თანამშრომლობდა მოსახლეობის ორნახევარი პროცენტი. "შტაზი" თვალყურს ადევნებდა დასავლეთის ქვეყნებიდან შემოსულ ყველა სატელეფონო ზარსა და საფოსტო გზავნილს. "შტაზის" აგენტები აგროვებდნენ მოქალაქეთა სუნის ნიმუშებს მათი ტანსაცმლის უმცირესი ნაკუწების ვაკუუმში შენახვის გზით. "შტაზი" უფლებამოსილი იყო წამოეწყო ბინძური კამპანია ნებისმიერი პირის წინააღმდეგ, ვინც კი საშიშ პირად იქნებოდა მიჩნეული. ჩვენების მიღების მიზნით წამების გამოყენება "შტაზიში" მიღებული მეთოდი იყო.

გერმანიის გაერთიანების შემდეგ "შტაზის" მასალები ვაშინგტონში გადაიგზავნა და მხოლოდ გასულ თვეში დაუბრუნდა ბერლინს. ეს მასალები შეიცავს დოსიეს 320 ათას ინდივიდუალურ აგენტზე და სამოცი ათასამდე საქმეს, რომელშიც აღმოსავლეთი გერმანიის სადაზვერვო ოპერაციების დეტალებია აღწერილი.

მარიან ბირთლერი არის სამთავრობო ექსპერტი, რომელიც ვაშინგტონიდან დაბრუნებულ საქმეებსა და გერმანიაში არსებულ საქმეებს ადარებს ერთმანეთს. მისი აზრით, დიდი სიურპრიზები მოსალოდნელი არ არის:

[ბირთლერის ხმა]
"ჩვენ არ ველით ბევრ სიურპრიზს. მაგრამ იმას კი აქვს აზრი, რომ შევამოწმოთ ჯერ კიდევ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე, ან მთავრობაში ხომ არ მუშაობენ შტაზის ყოფილი წევრები".

ადრინდელმა გამოძიებამ აჩვენა, რომ საბჭოთა რეჟიმის დამხობის დროს. 1989 წელს დასავლეთ გერმანიაში შტაზიზე ჯერ კიდევ მუშაობდა 3500 პირი. თვით აღმოსავლეთ გერმანიაში კი ამ დროს "შტაზის" 10000 აგენტი ჰყავდა.

ბერლინს მაინც აქვს საბაბი სიფრთხილით უყუროს "შტაზის" მასალების მორიგ შესწავლას, რადგან მანამდე ბევრი არასასიამოვნო მოულოდნელობის მოწმე გახდა. ერთ-ერთი ასეთი სიურპრიზი გახლდათ გაბრიელე გასტი, დასავლეთი გერმანიის სადაზვერვო ორგანიზაციის საბჭოთა და აღმოსავლეთი ევროპის დეპარტამენტის წამყვანი ანალიტიკოსი. გასტი აღმოსაველთ გერმანიაში მასალებს გზავნიდა იმ დღიდან, როცა დასავლეთი გერმანიის დაზვერვაზე მუშაობა დაიწყო 1990 წლამდე, როცა ის დააპატიმრეს. მას შვიდი წელი ჰქონდა მისჯილი, მაგრამ 4 წელიწადში გაანთავისუფლეს. მეორე აგენტი იყო გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი კარლ ვინანდი, რომელიც აღმოსავლეთ გერმანიის უშიშროებას 1970 წლიდან აწვდიდა ინფორმაციას და 1996 წელს 30 თვით პატიმრობა მიესაჯა.

შეერთებული შტატებიდან დაბრუნებული მასალები, რომელსაც "როუზვუდის საქმეებს" უწოდებენ, იმით არის მნიშვნელოვანი, რომ გარდა აგენტების სახელებისა, იქ მათი კოდური სახელები და სხვა დეტალებია მოცემული. ამ მასალებს ახლა 50-ზე მეტი ექსპერტი შეისწავლის. საგულისხმოა, რომ ახლა უკვე ახალი აგენტების გამოვლენის შემთხვევაშიც კი მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმეები ვერ აღიძვრება გერმანიის დანაშაულის ხანდაზმულობის კანონის გამო. ექსპერტი ბირთლერი აზუსტებს:

[ბირთლერის ხმა]
"შესაძლო დანაშაულების უმეტესობაზე საქმე ვეღარ აღიძვრება. ამისათვის დადგენილი სამართლებრივი ვადა სამი წლის წინ ამოიწურა - 2000 წლის ოქტომბერში. საქმის აღძვრა მხოლოდ მკვლელობაზე იქნება შესაძლებელი".

"შტაზის" მასალების ბერლინში დაბრუნების შემდეგ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ახალი სახელი გამოაშკარავდა - ეს გახლავთ ლოთარ ბისკი - დემოკრატიული სოციალიზმის პარტიის, აღმოსავლეთი გერმანიის კომუნისტური პარტიის მემკვიდრე პოლიტიკური გაერთიანების თავმჯდომარე. ბისკი ამოიცნეს არა როგორც ნამდვილი აგენტი, არამედ როგორც არაოფიციალური ინფორმატორი. თავად ლოთარ ბისკი აცხადებს, რომ პოტსდამის კინოსა და ტელევიზიის სკოლის დირექტორად დანიშვნამ აიძულა ის ეთანამშრომლა "შტაზისთან", რადგან, როგორც ყველა აღმოსავლეთ გერმანელს, დასავლეთში მოგზაურობის შემდეგ, მასაც უნდა დაეწერა ანგარიში თავისი საზღვარგარეთული კონტაქტების შესახებ. ბისკი ირწმუნება, რომ ის საკუთარ სტუდენტებსა და ლექტორებს იცავდა კიდეც საიდუმლო პოლიციისგან, რადგან მათზე არაფერს წერდა.

"შტაზის" მასალების შესწავლისას გამოვლინდა არაერთი არაგერმანელი პირიც, რომელიც გერმანიის საიდუმლო პოლიციასთან თანამშრომლობდა. ერთ-ერთი მათგანი გახლავთ ბრიტანელი პროფესორი რობინ პირსონი. ის ახლა 44 წლის არის. პირსონის საქმეს კომპანია ბი-ბი-სიმ გადაცემა მიუძღვნა. პირსონმა ჯაშუშობა 18 წლის ასაკში დაიწყო, როცა ის ედინბურგის უნივერსიტეტიდან, სადაც მან მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად გერმანული ენა და ისტორია აირჩია, ლაიფციგის უნივერსტიტეტში გაუშვეს ერთი წლით. როგორც დღეს მისი გერმანელი პარტნიორი ამბობს, პირსონი იმ ტიპის ადამიანია, რომელიც ფულისთვის ასეთ საქმეზე არ დათანხმდებოდა. მან უბრალოდ ირწმუნა, რომ მართალ საქმეს აკეთებდა. პროფესორ პირსონის "წყალობით", "შტაზის" მიეწოდებოდა ინფორმაცია იმ სტუდენტებზე, რომლებიც შემდეგ ნატოსს სტრუქტურებსა და თავდაცვის სამინისტროში საპასუხისმგებლო თანამდებობებს იკავებდნენ. მოგვიანებით რობინ პირსონი ედინბურგიდან ლიდსის უნივერსიტეტში გადავიდა. შტაზიმ მას დაავალა გაერკვია ჰქონდათ თუ არა ლიდსის უნივერსიტეტის რუსეთის განყოფილების მეცნიერებს კავშირი ბრიტანეთის დაზვერვასთან. პირსონის ჯაშუშობა ბერლინის კედლის დანგრევამ დაასრულა.

დღეს, როცა აღარც ცივი ომია და აღარც საბჭოთა რეჟიმი, რამდენად აქტუალურია დღეს ჯაშუშების დევნა დასავლეთ ევროპაში. დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ქვედა პალატის დაზვერვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ტომ კინგს მიაჩნია, რომ აღმოსავლეთის ქვეყნების სამსახურების დაკვეთით ჯაშუშობის პრობლემა კვლავ აქტუალურია მიუხედავად იმისა, რომ მან დაკარგა პოლიტიკური დატვირთვა, რომელიც ადრე ჰქონდა:

[ტომ კინგის ხმა]
"ჩვენს უკანასკნელ ანგარიშში ყურადღება გავამახვილეთ იმ ფაქტზე, რომ დიდ ბრიტანეთში ბოლო დროს გახშირდა რუსეთის წყაროების მიერ კომერციული ჯაშუშობის ფაქტები. მიუხედავად იმისა, რომ შეიცვალა ჯაშუშობის დანიშნულების ობიექტები და წარსულისგან განსხვავებით, ისინი უფრო კომერციული და ტექნოლოგიური ხასიათის არის, ვიდრე პოლიტიკური, დატვირთვის მქონე, ასეთი ინფორმაციის გაჟონვამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობას და ჩვენ ამ საკითხს ძალიან სერიოზულად ვუყურებთ", - განაცხადა ბრიტანელმა პარლამენტარმა.
XS
SM
MD
LG