Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა საქართველოს რეგიონების მოსახლეობის საარჩევნო თვითშეგნების ასამაღლებლად სპეციალური პროექტის განხორციელება დაიწყო


საქართველოს მოსახლეობის საარჩევნო მობილიზებაში ქვეყნის ხელისუფლებას საერთაშორისო ორგანიზაციებიც დაეხმარებიან.

ევროკავშირმა და გაეროს განვითარების პროგრამამ სპეციალური საგანმანათლებლო პროექტის განხორციელება უკვე დაავალეს ბრიტანულ არასამთავრობო ორგანიზაცია "აიფესს". პროექტი 350 000 ევროდ შეფასდა-აქედან უმეტეს ნაწილს , 337 000 ევროს, ევროკავშირი დააფინანსებს, დანარჩენს, შესაბამისად, გაეროს განვითარების ფონდი. პროექტი, თავისი მიზნებითა და შინაარსით, საქართველოსთვის უპრეცედენტოდ ითვლება. იგი ითვალისწინებს ქვეყნის რეგიონების პოლიტიკურად პასიური მოქალაქეების გათვითცნობიერებას ისეთ საკითხებში, როგორიცაა: არჩევნების მნიშვნელობა, არჩევანის თავისუფლება, რეგიონის არჩეული დეპუტატის ანგარიშვალდებულებები ამომრჩევლის წინაშე და ასე შემდეგ.

ევროკავშირის საარჩევნო პროექტის ძირითადი ადრესატი მოსახლეობის ის ნაწილია, რომელიც, ტრადიციულად, არ დადის არჩევნებზე, ან დადის, მაგრამ ხმას სხვისი კარნახით აძლევს. ორივე შემთხვევაში სამოქალაქო ცნობიერების დეფიციტთან გვაქვს საქმე. ევროკავშირის საარჩევნო პროექტი, შესაბამისად, ამომრჩევლის განათლებას მოემსახურება. 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ელექტორატთან ამ მიმართულებით არც ადგილობრივ ორგანიზაციებს უმუშავიათ და არც საერთაშორისოებს. ამ დროისათვის, ჩვენი ინფორმაციით, ევროკავშირის გარდა, ელექტორატის გათვითცნობიერებასა და ინფორმირებულობას მოემსახურებიან საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი და გაეროს განვითარების პროგრამა. ელექტორატის საარჩევნო თვითშეგნების ამაღლებაზე აქცენტირებას წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებენ საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები , მათ შორის, გამოკვეთილად საარჩევნო პროფილის "სამართლიან არჩევნები".

[ნუგზარ კუპრეიშვილის ხმა] "თურმე ამომრჩევლის განათლების და ინფორმირებულობის დონესაც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა სამართლიანი და გაუყალბებელი არჩევნების ჩატარებისათვის. ანუ, ბოლოს და ბოლოს, ჩვენ შევთანხმდით ყველანი იმაზე, რომ ამომრჩეველი არის უმთავრესი ფიგურა და არა პარტიები და არა სუბიექტები."

ევროკავშირის საარჩევნო პროექტის საჯარო პრეზენტაცია ჯერ არ მომხდარა. შესაბამისად, როგორც ნუგზარ კუპრეიშვილმა განაცხადა, სამართლიან არჩევნებში პროექტის თაობაზე პრაქტიკულად არაფერი იციან. რაც შეეხება წინასწარ ინფორმაციას, მათ გაკვირვებას იწვევს ის, რომ პროექტის განხორციელება დონორებმა ბრიტანულ არასამთავრობო ორგანიზაციას დააკისრეს.
საქართველოსა და სომხეთში ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ტოლბენ ჰოლცე ბრიტანულ ორგანიზაცია "აიფესს" მაღალ შეფასებას აძლევს. მისი თქმით, საქართველოს ცალკეულ სოფლებში ჩატარდება სემინარები და საგანმანათლებლო კურსები, რათა ხალხმა მათზე დაკისრებული მოვალეობები გააცნობიეროს. სასწავლო პროცესში ჩაერთვებიან ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რათა მათ არჩევნებზე დამკვირვებლის ფუნქცია სრულფასოვნად შეასრულონ. რაც მთავარია, პროექტი არჩევნების შემდეგაც გაგრძელდება.

[ტოლბენ ჰოლცეს ხმა] "ეს პროექტი არ დასრულდება არჩევნების ჩატარების შემდეგ.ის გააგრძელებს ფუნქციონირებას მომდევნო თვეებშიც. გამახვილდება ყურადღება არჩევნების შედეგებზე. გაკეთდება დასკვნები და მოსახლეობას განემარტება, რა პასუხისმგებლობა და ვალდებულებები აკისრია მათ მიერ პარლამენტში არჩეულ წარმომადგენლობას, ზოგადად, და, კონკრეტულად, ელექტორატის მიმართ."

ტორბენ ჰოლცე ასკვნის, რომ, აღნიშნული პროგრამით, პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფარგლებში, ევროკავშირი საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას უწყობს ხელს.
XS
SM
MD
LG