Accessibility links

logo-print

ჯუმბერ პატიაშვილი და "ზვიადისტები" შევარდნაძის წინააღმდეგ ერთიანდებიან


2 ნოემბრის მოახლოების პარალელურად, ქართველ ამომრჩეველს სულ უფრო ხშირად ესმის, რომ ესა თუ ის პარტია ან პოლიტიკოსები ერთმანეთს შეეკრენ.

რიგით მოქალაქეებს სულ უფრო ნაკლებად სჯერათ, რომ ერთ საარჩევნო ბლოკში შესულ პოლიტიკოსებს საერთო, ქვეყნისთვის სასარგებლო იდეები აერთიანებთ. სულ ახლახან ცნობილი გახდა, რომ ჯუმბერ პატიაშვილის "ერთობასა" და ფინანსთა ექს-მინისტრ გურამ აბსანძის "ეროვნული თანხმობისა და სამართლიანობის აღდგენის კავშირს" შორის ერთ საარჩევნო ბლოკში გაერთიანებასთან დაკავშირებით აქტიური კონსულტაციები წარმოებს და მათ გაერთიანებას წინ არაფერი უდგას. იმის გათვალისწინებით, რომ ჯუმბერ პატიაშვილი წლების განმავლობაში ცენტრალური კომიტეტის პიველი მდივანი იყო, ხოლო "ეროვნული თანხმობის კავშირი" ზვიადისტების ყველაზე უკომპრომისო ფრთას წარმოადგენს, ლოგიკურად ისმის კითხვა: რის გარშემო ერთიანდება ეს ორი პოლიტიკური ორგანიზაცია?

დავიწყოთ იმით, რომ "ერთობისა" და "ეროვნული თანხმობის კავშირის" გაერთიანების საკითხი, როგორც გურამ აბსანძე ამბობს, 50 პროცენტითაა გადაწყვეტილი. ხოლო აუცილებელი პირობა, რომელსაც "ზვიადისტები" ჯუმბერ პატიაშვილს თანამშრომლობის სანაცვლოდ უყენებენ, ასე ჟღერს: არანაირი კავშირი "აღორძინებასთან". იმის გათვალისწინებით, რომ "აღორძინებამ" ზემოთ ნახსენები ორივე ორგანიზაცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიღმა დატოვა, მომავალ პარტნიორებს, ასლან აბაშიძის პარტიასთან დამოკიდებულების კუთხით, სრული თანხმობა უნდა ჰქონდეთ.

კედევ ერთი და, ალბათ, უფრო სერიოზული საკითხი, რის გარშემოც ეს ორი, დიამეტრულად ერთმანეთის საწინააღმდეგო პოლიტიკური ხედვის მქონე, პარტია ერთიანდება, საქართველოს პრეზიდენტისა და მისი ხელისუფლებისადმი დამოკიდებულებაა.
[გურამ აბსანძის ხმა] "ხელისუფლება უნდა წავიდეს... და პრაქტიკულად, რომ ვთქვათ, ოპოზიცია ვართ ჩვენ და ოპოზიცია არის ბატონი ჯუმბერი." (სტილი დაცულია)

გურამ აბსანძე, საერთო მტერზე გამარჯვების მოსაპოვებლად, მზად არის მომავალ პოლიტიკურ პარტნიორს ძველი ცოდვებიც კი შეუნდოს.
[გურამ აბსანძის ხმა] "ხუთჯერ მეტი დანაშაული მიუძღვის დღევანდელ საქართველოს ფაქტობრივ პრეზიდენტს, ვიდრე პატიაშვილს... რა თქმა უნდა, მან ეს მოინანია ყველაფერი. პირველი კაცი იყო ჩვენს საბჭოთა კავშირში, რომელიც გადადგა ამ ფაქტის გამო და კაცი უკვე ათი წელიწადია ინანიებს ამას და, მე ვფიქრობ, რომ ეს არ უნდა იყოს ხელის შემშლელი". (სტილი დაცულია)

თავის მხრივ, საინტერესოა, რით მოხიბლეს "ზვიადისტებმა" ყოფილი ცეკას მდივანი, რომელიც, როგორც ცნობილია, ხასიათის სიმძიმითა და საკუთარი პრინციპებისადმი ჯიუტი ერთგულებით გამოირჩევა. ამ კითხვას "ერთობის" პოლიტიკური მდივანი ჯუმბერ კირვალიძე ასეთ პასუხს სცემს:

[ჯუმბერ კირვალიძის ხმა] "ეს გახლავთ, უწინარესად, სწორედ ის უკომპრომისო დაპირისპირება არსებული რეჟიმის მიმართ. წლების მანძილზე ვინც ამას აწარმოებდა და აკეთებდა სხვადასხვა მეთოდებით - ეს იყო კერძო პროტესტები პიროვნებათა ჯგუფების თუ პარტიათა ჯგუფების, ჩვენ ყველასთან გვექნება ამ საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციები და ... იმიტომ რომ ჩვენი ერთადერთი მთავარი მიზანი არის, რომ სახელისუფლო ბლოკმა ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მოიპოვოს გამარჯვება... გამარჯვება კი არა, ვერც უნდა გადალახოს 7%-იანი ბარიერი. ამის არანაირი საფუძველი ქვეყანაში არ არსებობს."(სტილი დაცულია)

კირვალიძის თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჯუმბერ პატიაშვილი პარლამენტს გარეთ დარჩეს. ეს რომ ასე არ მოხდეს და უფრო მეტიც - თამაშგარე მდგომარეობაში რომ ხელისუფლება აღმოჩნდეს, ამისათვის "ერთობა" ისეთ პოლიტიკურ პარტნიორებს ეძებს, რომლებიც პრეზიდენტ შევარდნაძესთან თბილ ურთიერთობაში შემჩნეულნი არ არიან.

ერთი თანამოაზრე, "ეროვნული თანხმობის კავშირის" სახით, უკვე ნაპოვნია. ძებნა გრძელდება.
XS
SM
MD
LG