Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორუფცია და პესიმიზმი


დავით პაიჭაძე, თბილისი ცნობილი საერთაშორისო ორგანიზაციის Transparency International-ის (საერთაშორისო გამჭვირვალობა) ეროვნულმა ბიურომ საქართველოში, "საერთაშორისო გამჭვრივალობა საქართველომ",

12 აგვისტოს წარმოადგინა იმ კვლევის ანგარიში, რომელსაც საერთაშორისო გამჭვრივალობა 47 ქვეყანაში წარმართავდა. კვლევამ 40 ათასზე მეტი ადამიანი მოიცვა და მის შედეგს თვითონ ორგანიზაცია გლობალური კორუფციის ბარომეტრს უწოდებს. ათეულ ათასობით რესპონდენტს კორუფციასთან დაკავშირებული სამი ძირითადი კითხვისთვის უნდა ეპასუხა: რამდენად სერიოზულ ზიანს აყენებს კორუფცია პოლიტიკურ ცხოვრებას, საზოგადოების ღირებულებებსა და კულტურას, საქმიან ურთიერთობებსა და პირად ცხოვრებას; რომელია ის სფერო, სადაც საზოგადოება პირველ რიგში ისურვებდა კორუფციის აღმოფხვრას; როგორია საზოგადოების მოლოდინი კორუფციასთან დაკავშირებით. რა პასუხები გასცეს ამ კითხვებს საქართველოში?

ანტიკორუფციული ორგანიზაციის, "საერთაშორისო გამჭვირვალობის", წარმომადგენელი ჯოანა უილსონი "გელაპ ინტერნეშნლთან" ერთად ჩატარებული კვლევის შედეგთა წარდგენისას აღნიშნავს, რომ კორუფცია საქართველოში ყველაზე მეტად პოლიტიკურ ცხოვრებას ვნებს; ასე ფიქრობს ამ ქვეყანაში გამოკითხულ მოქალაქეთა 75%. ცოტა ნაკლების, 67%-ის, აზრით, კორუფცია ზიანს აყენებს საზოგადოების ფასეულობებსა და კულტურას. სამაგიეროდ, მხოლოდ 32% ამბობს, რომ კორუფცია ვნებს ბიზნეს ურთიერთობებს, ხოლო 37% კორუფციის ასეთ ზემოქმედებას პირად ცხოვრებაში ხედავს. 47 ქვეყანაში საქართველო მეოთხე ადგილზეა იმათ შორის, სადაც თვლიან, რომ კორუფცია უდიდესი ვნების მომტანია პოლიტიკური ცხოვრებისათვის; ამ მაჩვენებლით საქართველო მხოლოდ არგენტინას, ბოლივიასა და ბოსნია-ჰერცეგოვინას ჩამორჩება.

მეორე კითხვა გულისხმობდა იმის გარკვევას, თუ რა ცვლილებებს მოელიან მოქალაქეები კორუფციასთან მიმართებით უახლოეს სამ წელიწადში. ჯოანა უილსონის თქმით:

[უილსონის ხმა] "შედეგი ის გახლავთ, რომ საქართველოში დიდი პესიმიზმია კორუფციის სამომავლო დონესთან დაკავშირებით. საქართველო მეხუთეა იმ ქვეყნებს შორის, სადაც ფიქრობენ, რომ მომავალ სამ წელიწადში კორუფციის დონე გაიზრდება. საქართველო მოდის ინდოეთის, კამერუნის, თურქეთისა და სამხრეთი აფრიკის შემდეგ - ამ ქვეყნებშიც მიიჩნევენ, რომ კორუფციის დონე შესამჩნევად მოიმატებს უახლოეს სამ წელიწადში. ეს გვიჩვენებს, რომ ქართველები, საერთაშორისო თანამეგობრობაში სხვა ბევრი ხალხის მსგავსად, ოპტიმისტურად არ არიან განწყობილი კორუფციის სამომავლო დონის გამო".

მესამე კითხვა ასე იყო ჩამოყალიბებული: ჯადოსნური ძალა რომ გქონდეთ, უწინარესად რომელი დარგიდან აღმოფხვრიდით კორუფციას? საქართველოში მიღებულ პასუხს საერთაშორისო გამჭვრივალობის წარმომადგენელი ასე აღწერს:

[უილსონის ხმა] "რესპონდენტთა უმრავლესობამ არჩია, კორუფციისათვის ზღვარი დაედო სამედიცინო მომსახურების სფეროში, შემდეგ - სასამართლოში და ამის შემდეგ უკვე -პოლიციაში. საერთაშორისო მასშტაბით კი გაირკვა, რომ მოქალაქეები კორუფციას, უპირველეს ყოვლისა, პოლიტიკური პარტიებიდან აღმოფხვრიდნენ".

რა დასკვნების გამოტანა შეიძლება კვლევის შედეგებიდან? ანტიკორუფციული კამპანიები საქართველოში უშედეგოდ მიმდინარეობს, რაც მოსახლეობის პესიმიზმს განაპირობებს. საზოგადოებაში არ გაჩენილა სურვილი ებრძოლონ კორუფციას, რის წარმატებით დაძლევას ყველა სექტორის თანამშრომლობა სჭირდება. და კიდევ ერთი: როცა საქართველოში გამოკითხულთა მესამედზე ნაკლებს ჰგონია, რომ კორუფცია ყველაზე მეტად ბიზნესს აზარალებს, დანარჩენი ორი მესამედი ხომ არ ფიქრობს, რომ დღევანდელი კორუფციული ბიზნეს-ურთიერთობები ნორმის ფარგლებშია? ასევე ნორმალურად და ჯერარსულად ხომ არ ესახებათ ვითარება შეიარაღებულ ძალებსა და განათლების დარგში - ეს ორი სფერო ხომ თანამოქალაქეთა ყურადღების მიღმა აღმოჩნდა?
XS
SM
MD
LG