Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"გრინპისი" შეისწავლის გენურ ნარგავებს საქართველოში


"როდესაც მოსახლეობა მშიერია, საკვები პროდუქტის ხარისხზე ქვეყანაში არავინ მსჯელობს",

- განაცხადა ჩემთან საუბარში საერთაშორისო ორგანიზაცია "გრინპისის" აქტივისტმა ულრიკე ბრენდელმა, რომელიც გასულ კვირას ესტუმრა თბილისს. გერმანელმა ბიოლოგმა დააზუსტა, რომ არ გულისხმობს საქართველოს, სადაც სოფლის მეურნეობის განვითარების დონე ბევრად მაღალია, ვიდრე ზოგიერთ სხვა სახელმწიფოში. მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ ქვეყანაში, რომელიც ეგრეთ წოდებული "სუფრის კულტურით" ამაყობს, არააქტუალურადაა მიჩნეული საკვები პროდუქტის ხარისხზე მსჯელობა. მოსახლეობის უმრავლესობამ, მაგალითად, არ იცის, რას წარმოადგენს "გენეტიკურად მოდიფიცირებული პროდუქტი", რომლის შეძენაზე უარს ამბობენ ევროპის ქვეყნები, ჩინეთი, ინდოეთი, - არის თუ არა ის საშიში ადამიანის ორგანიზმისთვის. სწორედ ამ კითხვით მივმართე ულრიკე ბრენდელს.

[ულრიკე ბრენდელის ხმა. თარგმნით] "კონკრეტულად ამის გამოკვლევა ვერ ხერხდება, რადგან ის ადამიანები, რომლებიც იკვლევენ გენურ ინჟინერიას, თავად არიან ჩართულნი წარმოებაში. დღეს ვიცით, რომ ცოცხალი ორგანიზმი შეიცავს გარკვეულ რაოდენობა გენს და ყველა გენს აქვს თავისი ფუნქცია... თევზის გენს გადანერგავენ პამიდორში, მაგრამ არავინ იცის, რა მოუვა ამ პამიდორს, როგორ შეიცვლება მისი სტრუქტურა."

საერთაშორისო ორგანიზაცია "გრინპისმა" არაერთ ხელისუფალს, პოლიტიკოსს, ბიზნესმენს აატკია თავი. ბოლო დროს "გრინპისმა" გენური ინჟინერიით გამოყვანილი პროდუქტების აკრძალვა მოითხოვა. და, ნაწილობრივ, მიაღწია კიდეც მიზანს. ევროკავშირს, მაგალითად, აღარ აკმაყოფილებს მითითება პროდუქტებზე: "არ შეიცავს შაქარს", "არ შეიცავს ცხიმს". საკვები პროდუქტის მწარმოებლებმა ახლა უნდა დაამტკიცონ, რომ ეს, მართლაც, ასეა... ამავე დროს, "გრინპისი" აღიარებს, რომ ჯერჯერობით დაუდგენელია როგორი ზიანი შეიძლება მოუტანოს ადამიანს "გენურმა პროდუქტმა". ამ თვალსაზრისით "გრინპისს", ფაქტობრივად, არა აქვს არგუმენტი იმ ამერიკელი მეცნიერების წინააღმდეგ, რომლებიც ამტკიცებენ, რომ გენეტიკური პროდუქტი ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის. სწორედ ამიტომ შეერთებულ შტატებში გენეტიკური პროდუქტების მარკირებას არ მიმართავენ.

მაგრამ ულრიკე ბრენდელის აზრით, "გენურ ნარგავებს" ბუნებისთვის ნამდვილად მოაქვს ზიანი. ხელოვნური ნარგავები ფართოვდება და ჭამს ბუნებრივს. "გრინპისის" გერმანელი აქტივისტის თქმით, ამას წინათ
მექსიკაში დარგულმა ხელოვნურად გამოყვანილმა სიმინდმა, რომელიც უფრო გამძლეა და "ამტანი", მთლიანად ‘შეჭამა" ბუნებრივი. ულრიკე ბრენდელი ამტკიცებს, რომ სიმდიდრე და მრავალფეროვნება, რაც ბუნებას ახასიათებს, ფაქტობრივად, გენური ინჟინერიის მსხვერპლი ხდება. გარდა ამისა:

[ულრიკე ბრენდელის ხმა. თარგმნით]: "ის ნარგავები, რომელიც იქმნება გენური ინჟინერიიის მეშვეობით, არის სიმინდი, სოიო და რამდენიმე სხვა მცენარე, რომელსაც იყენებენ ცხოველების, საქონლის საჭმელად. ამიტომ ადამიანებამდე ის აღწევს უკვე გადამუშავებული სახით."

საქართველოს ჯერ კიდევ შეუძლია იამაყოს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით. ქიმიური დანამატი ძვირი ღირს და ქართველ ფერმერებს მისი გამოყენების საშუალება ნაკლებადა აქვთ. მიუხედავად ამისა, ულრიკე ბრენდელი ამტკიცებს, რომ "გრინპისს" მოეპოვება ინფორმაცია ჩვენს ქვეყანაში "გენური ნარგავების" გამოყენების შესახებ:

[ულრიკე ბრენდელის ხმა. თარგმნით] "ინფორმაცია საქართველოზე კანტიკუნტად მოიპოვება. ჩვენმა ორგანიზაციამ მიიღო ინფორმაცია, რომ 90-იანი წლების დასაწყისში საქართველოში დარგეს გენური ინჟინერიით გამოყვანილი კარტოფილი."

ულრიკე ბრენდელის თქმით, ეს პროექტი ევროკავშირისა და ორგანიზაცია "მონსანტოს" მიერ იყო დაფინანსებული. "მონსანტოს" ჰყავს პარტნიორი რუსეთში, "ბიოინჟინერია", ამიტომ "გრინპისის" აქტივისტის თქმით, არის საშიშროება "გენური ნარგავები" რუსეთიდან ჩამოიტანონ. ამავე დროს, ულრიკე ბრენდელი კმაყოფილია საქართველოში ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციის, "ელკანას", მოღვაწეობით. დაიწყო რა 9 წევრი ფერმერით, დღეისთვის "ელკანა" 200-მდე გლეხურ მეურნეობას აერთიანებს. საქართველოში მოგზაურობის დროს ულრიკე ბრენდელი შეხვდა "ელკანას" მესვეურებს. "გრინპისის" აქტივისტი დარწმუნებულია, რომ ასეთი ორგანიზაციები არ დაუშვებენ, ქართველებმა სუფთა გარემო "ხელოვნური გენებით" დაანაგვიანონ.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG