Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელისუფლებო ბლოკის სპიკერი ოპოზიციის ერთ ნაწილს ბრალდებებს უყენებს. ირინა სარიშვილი- ჭანტურია ირწმუნება, რომ ჟვანია- სააკაშვილის გუნდს ამერიკული კომპანია "ეი-ი-ესი" აფინანსებდა.


რუსული კომპანიის "რაოიესის" და რუსული "გაზპრომის" საქართველოში შემოსვლა თუ საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების ისეთი წესის მიღება,

რომელიც, ოპოზიციის დიდი ნაწილის მტკიცებით, ბეიკერისეული სქემის უკუგდებაა, ირინა სარიშვილ-ჭანტურიასთვის ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას არ ნიშნავს. სახელისუფლებო ბლოკის სპიკერის აზრით, ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებაზე საუბრობს, საკუთარი დანაკარგი აწუხებს და არა ქვეყნისა. ირინა სარიშვილი-ჭანტურია ირწმუნება, რომ "რაოიესის" და "გაზპრომის" შემოსვლით საქართველო არათუ აგებს, იგებს - ეს ერთი და, მეორე: "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" თავმჯდომარე სახელისუფლებო ბლოკის სპიკერის პოსტიდან აცხადებს, რომ ამერიკული "ეი-ი-ესი" საქართველოს პოლიტიკაში ერეოდა და ჟვანია -სააკაშვილის გუნდს აფინანსებდა. ოპოზიციის დიდი ნაწილის მისამართით ეს არცთუ ახალი ბრალდებები და შენიშვნები "მოქალაქეთა კავშირის" ოფისში გამოითქვა. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე პრესკონფერენციებს უკვე "მოქალაქეების" ოფისში მართავს.

საქართველოს მოსახლეობას ახსოვს პარლამენტის სხდომაზე ატირებული ირინა სარიშვილი-ჭანტურია. ეს მაშინ მოხდა, როცა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დღევანდელი თავმჯდომარე საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში გაწევრიანების გამო ქვეყნის პროდასავლურ საგარეო კურსს გამოემშვიდობა და პროტესტის ნიშნად თანამდებობაც დატოვა. დღეს, როცა ოპოზიციის დიდი ნაწილი ქვეყნის ენერგოსისტემის მნიშვნელოვანი ნაწილის რუსული კომპანიების ხელში გადასვლას აპროტესტებს და ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლაზე საუბრობს, ის ხელისუფლების გვერდითაა და ხელისუფლებას კი არა, ოპოზიციას აკრიტიკებს, განსაკუთრებით - "ნაციონალებს" და "გაერთიანებულ დემოკრატებს" . სარიშვილი-ჭანტურიას მტკიცებით, ეს ძალები დამფინანსებლის, "ეი-ი-ესის", საქართველოდან წასვლას გლოვობენ და არა ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას. " კურსი არ იცვლება " - ირწმუნება სახელისუფლებო ბლოკის სპიკერის პოსტზე დაწინაურებული ე.დ.პ-ს ლიდერი და განმარტავს, რომ საქართველოს საგარეო კურსი კი არა, რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა შეიცვალა და ამ ორ ქვეყანას შორის საქართველოს ტერიტორიაზე გარიგებაც მოხდა. გარიგებაში იგულისხმება " ეი-ი-ესსა " და "რაოიესს" შორის შეთანხმება, რომელიც, სარიშვილი-ჭანტურიას აზრით, არის დროებითი, ხანმოკლე ან ხანგრძლივი, ზავი ორ დიდი სახელმწიფოს შორის და საქართველოში ელექტროენერგიაზე ტარიფის შემცირებას მოიტანს. თუ ყველაფერი ასე კარგად არის, ოპოზიციური პარტიები რატომ მსჯელობენ ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლაზე? ამ შეკითხვას ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ასეთ ახსნას უძებნის:

[ირინა სარიშვილი- ჭანტურიას ხმა] " ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც ყველაზე ხმამაღლა გაჰკივის საგარეო კურსის შეცვლაზე, გულდაწყვეტილია იმის გამო, რომ "ეი-ი-ესის" წასვლის შემდეგ ისინი დარჩნენ წილის გარეშე. ლაპარაკია დაახლოებით 3 პროცენტზე, რომელიც მათ ჰქონდათ მუდმივად "ეი-ი-ესისგან". ამ კომპანიისგან მათ ჰქონდათ დაფინანსება საარჩევნოდაც, მათ შორის, ადგილობრივ არჩევნებში. "

ოპოზიციის ამ ნაწილში ჟვანიას და სააკაშვილის გუნდები სახელდება. სარიშვილი -ჭანტურია საუბრობს 300000-იან ქრთამზე, რომელიც, მისი თქმით, იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ირაკლი ოქრუაშვილმა "ეი-ი-ესისგან", ქრთამის სახით, საქართველოსთვის წამგებიანი კონტრაქტის მომზადებაში აიღო. 12 აგვისტოს გამოთქმულ ასეთ ბრალდებებს ნაციონალურ მოძრაობაში ასე გამოეხმაურნენ:

[ვანო მერაბიშვილის ხმა] " თუ შევადარებთ ამერიკული კომპანიების ფინანსურ გამჭვირვალობას რუსული კომპანიების ფინანსურ გამჭირვალობას
და იმასაც გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში შემოსული კომპანია "რაოიესი "კი არ არის, არამედ ფინეთში ოფშერულ ზონაში რეგისტრირებული კომპანია, რომლის 42 პროცენტის მფლობელი ქართველები არიან, დანარჩენის კი - რუსები, სრულიად ნათელი უნდა იყოს, ვინ ვისგან ფინანსდება. თუ ეს ინფორმაცია ხელისუფლებას გააჩნია, ვთხოვდი დააპატიმრონ ის ხალხი, ვინც ელეტროენერგიის ხარჯზე მდიდრდება, სულერთია, სად არიან ისინი - ხელისუფლებში თუ ოპოზიციაში, " - თქვა ჩვენთან საუბრისას ვანო მერაბიშვილმა.

მაგრამ ხელისუფლება დუმს და მისი ეს დუმილი სახელისუფლებო ბლოკის სპიკერსაც უკვირს. დამნაშავე რომ მარტო ოპოზიციაში იყოს, ცხადია, ეს დუმილი არ იქნებოდა.
XS
SM
MD
LG