Accessibility links

logo-print

საქართველოში კორუფცია "სისტემურ დაავადებად" იქცა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი კორუფციის თემას მსოფლიოში სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები იკვლევენ, რომლებიც პერიოდულად თავიანთ მონაცემებს აქვეყნებენ.

ამ გამოკვლევების თანხმად, საქართველოში კორუფციული ფონი წლების განმავლობაში კიდევ უფრო მძიმდება, თუმცა ეს ის რეალობაა, რომელში დასარწმუნებლად საერთაშორისო ინსტიტუტების ანგარიშები სრულიად არ არის საჭირო. ცოტა ხნის წინ ამგვარი გამოკვლევა მსოფლიო ბანკმაც გამოაქვეყნა.

ამა თუ იმ ავტორიტეტულ გამოცემებში გამოქვეყნებული სხვადასხვა ეკონომიკური მონაცემების მიხედვით, საზოგადოება უკვე მიეჩვია, რომ საქართველო ყოველგვარი რეიტინგის "ფსკერზე" უნდა ეძებოს. ერთადერთი მაჩვენებელი, რომლის მიხედვითაც ბოლო წლების განმავლობაში სტაბილურად ლიდერებს შორის ვხვდებით - კორუფციაა, რომლის მასშტაბებიც პერმანენტულად იზრდება.

ცოტა ხნის წინ მსოფლიო ბანკმა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში კორუფციის დონის კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც უნდა გამოვლენილიყო, თუ რამდენი კერძო კომპანია იხდის ქრთამს, რა პერიოდულობით და წლიურ შემოსავლებში რა პროცენტული წილი მოდის ამგვარ "ხარკზე".

ქრთამის გადამხდელ კომპანიათა რაოდენობის მიხედვით, ჩვენ "საპატიო ხუთეულში" დავიკავეთ ადგილი და წინ გავუშვით აზერბაიჯანი, რუმინეთი, უზბეკეთი და სომხეთი. ხოლო წლიურ შემოსავლებში ქრთამის წილზე საქართველომ პირველობა არავის დაუთმო.

გამოკვლევის მიხედვით, ქართველ მეწარმეთა 36,8 პროცენტი სისტემატურად ქრთამავს სახელმწიფო სტრუქტურების წამომადგენლებს, ხოლო მეწარმეთა წლიურ შემოსავალში ქრთამის წილად 8, 1 პროცენტი მოდის. ეს მაჩვენებელი "საუკეთესოა" მთელ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. შედარებისათვის, აზერბაიჯანში ეს მონაცემი 6,6 პროცენტს გაუტოლდა.

რატომ იხდიან მეწარმეები ქრთამს?
წვრილი და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ამ იძულებითი ხარკის გარეშე მათ ფუნქციონირებას სერიოზული საფრთხე დაემუქრებოდა. საქართველოში კორუფციულ სისტემაში ჩართულია მთელი სახელმწიფოებრივი ვერტიკალი და არ არის სტრუქტურა, ძალოვანი სტრუქტურებიდან დაწყებული და კომუნალური მეურნეობებით დამთავრებული, სადაც ამგვარი გარიგებები არ ხდებოდეს.

მეწარმეთა დიდი ნაწილი კორუფციულ ბუმს საკანონმდებლო ბაზას უკავშირებს და აცხადებს, რომ, მიუხედავად მათ მიერ გადახდილი ქრთამისა, ეს არაოფიციალური გადასახადი გაცილებით ნაკლებ ტვირთად აწვებათ, ვიდრე ის ტარიფები, რაც ოფიციალურად სახელმწიფოს უნდა უხადონ. ამასთან, ამჟამად მოქმედი საგადასახადო კოდექსი იმდაგვარად არის შედგენილი, რომ ფისკალურ სტრუქტურებს მათთვის სასურველი ინტერპრეტაციის საშუალებას აძლევს. შედეგად, ბიზნესმენთა მიერ ქრთამად გაცემული თანხა სხვადასხვა დონის ჩინოვნიკების ჯიბეებს ასქელებს, სახელმწიფო ხაზინა კი მუდმივად დაცარიელებულია. კორუფცია ლამის ერთადერთი უზადოდ მოქმედი სისტემა გახდა საქართველოში.

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას კორუფციასთან ბრძოლა ყოველწლიურად პრიორიტეტულ მიმართულებად აქვს დასახული, რეალურად ამ სენთან საბრძოლველად, ცალკეული პროპაგანდისტული, საჩვენებელი აქციების გარდა, ფაქტობრივად, არაფერი კეთდება. შედეგად, კორუფცია კარგა ხანია გამოსულია ცალკეული კრიმინალური მოვლენის ჩარჩოებიდან და მთლიანად სისტემურ დაავადებას წარმოადგენს საქართველოში.
XS
SM
MD
LG