Accessibility links

logo-print

ავღანელი ლტოლვილები კათოლიკურ ეკლესიაში


მესამე კვირაა, ბრიუსელში აღმართულ "წმინდა ჯვრის ეკლესიაში" შესული კაცი უჩვეულო სანახაობის მოწმე ხდება: ეკლესიის ერთ ნახევარში, როგორც ყოველთვის კათოლიკე მრევლი ირევა, ლოცულობს, მესებს ესწრება, მაშინ როცა მეორე ნახევარი ასობით ლტოლვილის - მუსლიმანი ავღანელების თავშესაფრად ქცეულა.

ლტოლვილები, რომელთა შორის ლამის ყველა ასაკის ადამიანი მოიძებნება, ძირს გაფენილ ლეიბებზე წამოწოლილან. ბევრს შიმშილობა აქვს გამოცხადებული...

ბრიუსელის წმინდა ჯვრის ეკლესიაში ლტოლვილებთან გამოლაპარაკების მსურველს, როგორც წესი მუჰამედ ნაზარი პასუხობს, რომელიც ფრანგულის, ინგლისურისა და ფლანდრიულის ცოდნამ ერთგვარ პრეს-მდივნად აქცია. მისგან შეიტყო ჩვენი რადიოს კორესპონდენტმა აჰტო ლობიაკასმაც, რომ ლტოლვილები პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებლები არიან და შიმშილობით პროტესტს გამოთქვამენ ბელგიის შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილების წინააღმდეგ, მომავალი წლის ივნისამდე ბელგიიდან გაასახლოს 1100 ავღანელი... [მუჰამედ ნაზარის ხმა] "ბელგიაში რამდენიმე წელი ვიმყოფებოდით, როცა მოგვივიდა წერილი, რომ უნდა მოვემზადოთ ავღანეთში დასაბრუნებლად. მაგრამ ხომ იცით, ვითარება ავღანეთში უხიფათო არ არის, იქ ყოფნა ძალიან საშიშია. ამიტომ ვითხოვთ ჩვენი პრობლემის მოგვარებას".

სამშობლოში იძულებით გამგზავრება არა მარტო ბელგიაში მყოფ ავღანელებს მოელის - ევროკავშირი აპირებს 100 000-მდე ლტოლვილის დეპორტაციას მიუხედავად იმისა, რომ აღიარებს - ვითარება ავღანეთში სახიფათოა. რად ღირს თუნდაც ის ფაქტი, რომ გასული კვირის მიწურულს გაერომ შეწყვიტა ჰუმანიტარული დახმარება სამხრეთ ავღანეთში, რახან ვერ უზრუნველყოფს თავისი გუნდის უსაფრთხოებას.

მაგრამ ავღანელებს, ყოველ შემთხვევაში ბრიუსელის წმინდა ჯვრის ეკლესიას შეხიზნულ ავღანელებს, ბედი არ წყალობს: ბელგიის მთავრობა, როგორც ჩანს, მაინც არ აპირებს უარის თქმას მათ სამშობლოში გაგზავნაზე. გასულ კვირაში მთავრობამ შუამავალიც კი დანიშნა: ყოფილი მოსამართლე ვიქტორ ბრიკო, რომელიც ორჯერ, პარასკევს და შაბათს შეხვდა ეკლესიაში მყოფთ. როგორც ლტოლვილების სახელით მოლაპარაკე მუჰამედ ნაზარიმ ჩვენს კორესპონდენტს უთხრა, მის მეგობრებს შუამავლი ჯერ გულისხმიერ ადამიანად მოეჩვენათ, მაგრამ მეორე დღესვე გაუქარწყლდათ ეს შთაბეჭდილება: [მუჰამედ ნაზარის ხმა] "ის შაბათს სულ სხვა პოზიციით დაბრუნდა - იცავდა ბელგიის მთავრობას, რომ ჩვენს მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს. მოშიმშილეებს ვკითხეთ, ეთანხმებიან თუ არა შუამავალს. მაგრამ იმათ გვითხრეს, რომ არა".

მოშიმშილეების მოთხოვნაში გარკვევა ჩვენმა კორესპონდენტმაც სცადა და დაასკვნა, რომ მათ, უბრალოდ, ბელგიაში დარჩენა სურთ. ეს, ალბათ, არავის გაუკვირდება, მაგრამ ბელგიის მთავრობასთან შუამავლის ფუნქციას ფრიად ართულებს: ვიქტორ ბრიკო უკვე გადადგა და მის ნაცვლად ახლა ომბუდსმენი დაეძებს კომპრომისს. როგორც ამბობენ, ბრიუსელი იანვარში აპირებს ავღანეთში უშიშროების მხრივ შექმნილი ვითარების შესწავლას და მის საფუძველზე ლტოლვილების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას.

ეს ლტოლვილები კი, 300-მდე ადამიანი, კვლავინდებურად კათოლიკურ ეკლესიას აფარებს თავს. ისინი, მართალია, უყურადღებობას არ უჩივიან - დიდ დახმარებას იღებენ ადგილობრივი მოსახლეობისაგან, მაგრამ ყველაზე კეთილგანწყობილი ბელგიელებიც ვერაფერს გახდებიან, თუ საქმეში მთავრობა არ ჩაერია: მოშიმშილეები იმუქრებიან, რომ აქციას არ შეწყვეტენ მათი მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე. ასე, რომ ბელგიის მთავრობას იანვარზე გაცილებით უფრო ადრე მოუწევს ავღანელი ლტოლვილების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
XS
SM
MD
LG