Accessibility links

როგორ პარლამენტს ვირჩევთ?


საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა დრო რჩება. ორ თვეში, უფრო ზუსტად კი, 2 ნოემბერს გაირკვევა იმ ადამიანების ვინაობა, რომლებიც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ქვეყნის ბედს ჩაიბარებენ.

რა იმედებით, როგორი მოლოდინით ხვდება ქართველი ამომრჩეველი 2003 წლის შემოდგომას? იქნება თუ არა ახალი მოწვევის პარლამენტი ხარისხობრივად წინაზე უკეთესი? ვინ წყვეტს არჩევნების ბედს - ხელისუფლება თუ ამომრჩეველი? უნდა გვქონდეს თუ არა უკეთესის იმედი? - რას ფიქრობს ხალხი კარსმომდგარი არჩევნების შესახებ?

თუ სოციოლოგებს დავუჯერებთ, საქართველოში ეგრეთ წოდებული "სოციალური მობილურობის", ანუ სოციალურ კიბეზე აღმასვლის, მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის დაცვით, განათლებისა და დამსახურების შესაბამისად, ხელისუფლების ზედა ფენაში მოხვედრა დიდ სიძნელეებთან არის დაკავშირებული. ცხადია, ეს სიძნელეები ყველასათვის გადაულახავი როდია, მაგრამ ამომრჩეველთა ერთი ნაწილი ეჭვობს, რომ ხელისუფლება, ვერაგული ხრიკების გამოყენებით, ღირსეულ ადამიანებს ამჯერადაც პარლამენტს მიღმა დატოვებს. ამ მოსაზრების გამო, ჩემი პირველი რესპონდენტი, ქალბატონი დოდო, არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.
[ქალბატონ დოდოს ხმა] "ახალგაზრდებს არაფრის უფლებას არ აძლევენ, რომ ახალგაზრდამ რაღაცა გააკეთოს და რა უნდა გავაკეთოთ? ყველაფრის გვეშინია და ვინ უნდა ავირჩიოთ?.. ამიტომ შიში გვაქვს ყველაფრის და ვერავის ვერ ავირჩევთ." (სტილი დაცულია)

ქალბატონ დოდოსაგან განსხვავებით, აფხაზეთიდან დევნილ გურამ მანიას ჯერჯერობით იმედი ბოლომდე არ დაუკარგავს. მისი თქმით, მომავალი პარლამენტის ავკარგიანობა იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორი საარჩევნო კანონით ჩატარდება არჩევნები.
[გურამ მანიას ხმა] "თუ მიიღებენ იმისთანა კანონს, რომელიც ნამდვილად შეეფერება ნორმალურ არჩევნებს, მაშინ მოხვდებიან ნამდვილად ისეთი ხალხი, რომლებიც ნამდვილად ეკუთვნის საქართველოს პარლამენტს." (სტილი დაცულია)

61 წლის ბატონი შალვა დარწმუნებულია, რომ არჩევნების ბედს არა ხელისუფლება ან რომელიმე პოლიტიკური ორგანიზაცია, არამედ რიგითი ამომრჩეველი, ანუ თითოეული ჩვენგანი, წყვეტს.
[ბატონ შალვას ხმა] "ჩვენ არჩევანი უნდა ვისწავლოთ, ხალხმა. რასაც ავირჩევთ, ის იქნება, მეტი არაფერი. ...რა თქმა უნდა, არა - ხალხზეა დამოკიდებული, მასაზეა დამოკიდებული, ისევ ხალხზე, კონტროლზე - ჩემი, თქვენი და ნებისმიერის... ჩვენს ინტერესებშია, ხომ? ვიქნებით ყურადღებით, არაფერი მოხდება. არ ვიქნებით, ვიქნებით ისეთივე უბედურებაში, როგორშიც ვართ." (სტილი დაცულია)

ფილოსოფოს გიგი თევზაძის აზრით, მომავალ პარლამენტში დემოკრატიულ და ეგრეთ წოდებულ სამთავრობო ძალებს შორის დაპირისპირების ხარისხი არ შემცირდება, მაგრამ:
[გიგი თევზაძის ხმა] "გამომდინარე სწორედ იმ სამოქალაქო აქტივობიდან, რომელიც დღეს იწყება საქართველოში... ნუ, რა ვიცი, მე იმედი მაქვს, რომ უფრო კარგად იქნება ასახული ის პოლიტიკური სპექტრი, რომელიც რეალურად არსებობს საქართველოში, ვიდრე დღეს არის." (სტილი დაცულია)

ცხადია, რაც უფრო აქტიური და ყურადღებიანი იქნება ამომრჩეველი 2 ნოემბერს, მით უფო ნაკლები "ძველი ბიჭი", კაი გამრტყმელი და პურის მჭამელი მოხვდება პარლამენტში, ანუ იმაზე, თუ როგორ მოვიქცევით არჩევნების დღეს, დიდად იქნება დამოკიდებული ის, თუ როგორ მოიქცევიან დეპუტატები მომავალი ოთხი წლის განმავლობაში.
XS
SM
MD
LG