Accessibility links

logo-print

პრინციპული ცვლილებები საარჩევნო კოდექსში


დავით პაიჭაძე, თბილისი 13 აგვისტოს პარლამენტი საარჩევნო კოდექსს იხილავდა.

წინასწარი შეთანხმებით, საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებებისათვის კენჭი, თბილისის დროით, 18 სათზე უნდა ეყარათ. მთელი საარჩევნო კოდექსის განხილვა დეპუტატებმა ვერ მოახერხეს, თუმცა მრავალ ცვლილებაზე შეთანხმდნენ. შესათანხმებელი რჩებოდა მხოლოდ გარდამავალი დებულებები კოდექსში. საარჩევნო კოდექსს პარლამენტარები თითქმის ცარიელ დარბაზში იხილავდნენ. ამან კენჭისყრა შეუძლებელი გახადა. სამუშაო დღის ბოლოს დეპუტატებმა გადაწყვიტეს, რომ ცვლილებებს კენჭს უყრიან ხუთშაბათ დილას, თუმცა 13 აგვისტოს, საღამოს, უკვე ნათელი იყო, რომ ხუთშაბათს საარჩევნო კოდექსის ტექსტი აღარ შეიცვლებოდა. რას მიიჩნევენ დეპუტატები პრინციპულ ცვლილებად საარჩევნო კოდექსში?

[ვასილ მაღლაფერიძის ხმა]: "საქმე ისე არ მიდის, ადამიანს როგორც უნდა, მაგრამ, ღვთის მადლით, ბოლოში გავედით. შევხედოთ თვალებში რეალობას და დეპუტატებსაც ვუთხრათ, რომ დღეს კენჭისყრა ვერ შედგება. ბატონო ვახტანგ (მიმართავს ვიცე-სპიკერ ყოლბაიას - დ.პ.), თქვენ გადაწყვიტეთ ადამიანურად: ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ, რომ პარლამენტი მოვიდეს, შეიკრიბოს და გვიცადოს; ან მოვასწრებთ 2-3 საათში ან - არა. მაგრამ რადგან მორჩა ახლა ეს საქმე, საერთო ნებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხვალ დილით ვუყრით კენჭს. კოლეგებს პატივი ვცეთ. ახლა რომ მოვიდნენ, შეიძლება გული გაუტყდეთ და ხვალ საერთოდ აღარ მოვიდნენ. ამიტომ ხვალ დილით… კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ კენჭისყრა დილით გვაქვს".

დეპუტატ ვასილ მაღლაფერიძის ეს პოზიცია პარლამენტის დარბაზში მყოფმა ყველა მისმა კოლეგამ გაიზიარა. მით უმეტეს, განხილვისას შეთანხმებულ ცვლილებებს ტექსტად ჩამოყალიბება, გამრავლება და დარიგება სჭირდება, რაც, შეიძლება, ვერც მოესწროს ხუთშაბათის დღის 12 საათამდე. საარჩევნო კოდექსის განხილვისას შესატანი ცვლილებების წარმომდგენს, პარლამენტის წევრ ვახტანგ ხმალაძეს, საერთო ჯამში, სულ ცოტა, 48 საათი მოუწია ტრიბუნასთან დგომა. ამიტომ, გასაკვირი არ იყო, რომ ტრიბუნიდან ახალჩამოსულს კოდექსიდან მხოლოდ ის სფეროები გაახსენდა, რომელშიც პრინციპული ცვლილებები შევიდა, თავად ცვლილებათა შინაარსზე ლაპარაკი ვერ შეძლო.

[ხმალაძის ხმა]: "პრინციპული ხასიათის ცვლილებები უკავშირდება ამომრჩეველთა სიების შედგენას, ე.წ. ხმების პარალელურ დათვლას; გარდა ამისა, ეს არის დამკვირვებელთა უფლებები, გასაჩივრების უფლება, სასამართლო განხილვის წესი… მარკირების პროცედურა… კიდევ რომელია? ასე უცებ მიჭირს გახსენება."

შესაძლოა, გახსოვდეთ: ცვლილებები საარჩევნო კოდექსში 90 გვერდს მოიცავს. ოთხშაბათ საღამოს დეპუტატებმა თქვეს, რომ ხუთშაბათს ტექსტს აღარ დაუბრუნდებიან და პირდაპირ კენჭისყრით დაიწყებენ. ეს მოხდება უკეთეს შემთხვევაში, ანუ მაშინ, თუ საკანონმდებლო ორგანო ნახევრად ცარიელი, ე.ი. ნახევრად სავსე მაინც იქნება. დეპუტატთა ნახევარი, 118 კაცი, საკმარისია ცვლილებათა დასამტკიცებლად. პრინციპულ სიახლეთა შინაარსზე სწორედ მათი დამტკიცების შემდეგ ვილაპარაკებთ.
XS
SM
MD
LG